ნინო კასრაძე და სალომე თოფურია: "ჩვენ შორის არის კარგი, ჰარმონიული, კოლეგიალური ურთიერთობა, ეს სრულად სალომეს დამსახურებაა" - დედა-შვილობა, თეატრი და საერთო პროფესიული გზა - Marao

ნინო კასრაძე და სალომე თოფურია: "ჩვენ შორის არის კარგი, ჰარმონიული, კოლეგიალური ურთიერთობა, ეს სრულად სალომეს დამსახურებაა" - დედა-შვილობა, თეატრი და საერთო პროფესიული გზა

2026-09-02 13:35:31+04:00

მსახიობი ნინო კასრაძე და მისი ქალიშვილი, სალომე თოფურია, ანა ტყებუჩავას გადაცემა „V ელემენტის“ სტუმრები იყვნენ. გადაცემაში დედა-შვილმა საკუთარი ურთიერთობის ევოლუციასა და საერთო პროფესიულ არჩევანზე ღიად ისაუბრა.

nino-kasradze

  • ნინო კასრაძის ქალიშვილი მსოფლიო ვარსკვლავის გვერდით: სალომე თოფურია Rossalia-ს სცენაზე 

დედაშვილობა

"წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ძალიან შეიცვალა. სულ ძალიან ახლოს ვიყავით, გარდატეხის ასაკი იყო, ალბათ, ყველაზე რთული, მაგრამ კავშირი არასდროს დაგვიკარგავს. მგონია, რომ ნინოც ჩემთან ერთად გაიზარდა და ძალიან განვვითარდით, როგორც დედა-შვილი. ახლა იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვეღარ ვიტყვი, რომ კონფლიქტური დედა-შვილი ვართ. ახლა, რომ ვიხსენებ, 5-6 წლის წინ იყო რთული ეპიზოდებიც, როდესაც ერთმანეთს აცდენილები ვიყავით და ერთ ენაზე არ ვლაპარაკობდით," - ამბობს სალომე.

"ჩემი შვილები ამბობენ, რომ მკაცრი ვიყავი, მე არ მახსენდება სიმკაცრე. ახლა უკვე კოლეგები ვართ და ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა საფეხურზე ავიდა. ეს სალომეს დამსახურებაა, რადგან მე მინახავს, როგორი პრობლემები აქვს ერთი პროფესიის მამა-შვილსა და დედა-შვილს. ჩემი თვალით მინახავს, თეატრში რა კონფლიქტები მოსვლიათ. ის, რომ ჩვენ შორის არის კარგი, ჰარმონიული, კოლეგიალური ურთიერთობა, ეს სრულად სალომეს დამსახურებაა. ყველანაირი გაღიზიანების გარეშე ყველაფერს იგებს და სულ უნდა, რომ რაღაც უთხრა, გაუსწორო, შენიშვნა მისცე. შესაბამისად, ამან სხვანაირი გახადა ჩვენი ურთიერთობა," - ამბობს ნინო.

  • დედა-შვილი: სალომე და ნინო - ნინო კასრაძის შთამბეჭდავი ფოტოსესია მსახიობ ქალიშვილთან ერთად 

სამსახიობო კარიერა

"არ მახსოვს, როდის ავირჩიე მსახიობის პროფესია. თითქოს ბავშვობიდან ვამბობდი ან ვფიქრობდი, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. იმდენად მინდოდა და ყველა გვერდში მედგა, რომ არ მახსოვს, როდის ავირჩიე ეს პროფესია. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ნინოს ვუყურებდი. თავიდან ბოლომდე გააზრებული მქონდა, რომ კითხვაც არ გამჩენია რა იქნებოდა ალტერნატივა. რადგან ნინოს ვუყურებდი და სცენაზე მისი ნახვა ემოციებს იწვევდა. ოღონდ ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ ცხადია, რომ აქედან მოდის. ნინო თეატრიდან მახსოვს. მე პატარა ასაკიდან დავდიოდი თეატრში," - ამბობს სალომე

"ერთხელ რუსთაველის თეატრში „დარისპანს“ ვთამაშობდით. მეორე იარუსის ლოჟაზე ავიხედე და ვხედავ - ჩემი მეუღლე, სალომე და ლუკა სხედან. ლუკას ეძინება, სიცხე ჰქონია და ლამის გადმოვარდეს. ეს რომ დავინახე, კულისებში შევვარდი და ჩვენს ტექნიკურ რეჟისორს ვუთხარი: „ლექსომ ბავშვს მიაქციოს ყურადღება-მეთქი“. ამ დროს ლექსო და სალომე ინტერესით უყურებდნენ სპექტაკლს. „სტიქსზეც“ დიდი რეაქცია ჰქონდა, იმდენი იტირა... მე რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა.

სალომე ათი წლის იყო, როცა ფრანგულ სკოლაში სპექტაკლი ითამაშეს. წარმოდგენა რომ დასრულდა, ყველა მშობელი ამბობდა, სალომე ნამდვილი მსახიობიაო. მაინც არ ვიცოდი, საბოლოოდ თუ გადაწყვეტდა ამ პროფესიას. როცა ჩაბარების დრო მოახლოვდა, საბუთები თვითონ გააგზავნა. მე ვღელავდი, როგორ უნდა დავხმარებოდი, მან კი ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა. ბოლო გასაუბრება გერმანიაში ჰქონდა და რამდენიმე უნივერსიტეტმა მიიღო. ესეც ჩემთვის უცნაური იყო, რადგან ჩემს დროს ასე არ ვაბარებდით. ძალიან დავმშვიდდი - თვითონ იკვლევს გზას იქ, სადაც მე ვერაფრით დავეხმარებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ჩარევა არ დასჭირდა," - ამბობს ნინო.