ქართველი შეფ-მზარეული ლევან კობიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ პოპულარული კულინარიული პროექტებიდან, კერძოდ კი „მასტერშეფიდან“ გაიცნო, დაქორწინდა.
მისი რჩეული ნინა ილურიძეა. წყვილმა ქორწინების ცერემონია ახლობლებისა და მეგობრების წრეში გამართა. ღონისძიებიდან კადრები ნინა ილურიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სადღესასწაულო ცერემონიას წყვილის ქალიშვილი, ელენეც ესწრებოდა.

ლევან კობიაშვილი ქართული კულინარიული სფეროს ერთ-ერთი ცნობილი სახეა. წლების განმავლობაში ის მონაწილეობდა სხვადასხვა კულინარიულ გადაცემასა და პროექტში, სადაც ჟიურის წევრისა და კონსულტანტის ამპლუაში გვევლინებოდა, თუმცა უშუალოდ „მასტერშეფის“ ეთერში გამოჩენამ მის ცნობადობას ახალი მასშტაბი შესძინა.
რაც შეეხება ქორწილს, გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ წვეულებაზე მხოლოდ წყვილის უახლოესი გარემოცვა იყო მიწვეული.
შეფ ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ოჯახი
ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე, ნინა ილურიძე, უკვე არაერთი წელია, ერთად არიან და ბედნიერი ოჯახი აქვთ. 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი გოგონას მშობლები გახდნენ. პატარა, რომელსაც ელენე დაარქვეს, ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.
ლევან კობიაშვილი და ნინა ილურიძე ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებენ - მათ ოჯახს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც კომპლიმენტებსა და სიყვარულს წყვილის მიმართ არასდროს იშურებენ.