მსახიობი ქეთი ხუციშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და შეიყვარა, პოდკასტ „ჩემი ტოლის“ სტუმარი იყო. გადაცემაში მან საკუთარი ცხოვრების ყველაზე მძიმე, ტრაგიკულ ამბავზე ღიად ისაუბრა.
„ბევრი წლების უკან დავკარგე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები. გამოაკლდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი და და ჩემი სამი თვის შვილი. ეს იმდენად ემოციური იყო, რომ წლები დამჭირდა გასათავისებლად. გადავიარე, გადავლახე თუ ამას გადალახვა ჰქვია, თუმცა ეს სტრესი მაინც მომყვება. დღემდე ვმკურნალობ და რაღაცებს სხვანაირად შევხედე“, – ამბობს ქეთი ხუციშვილი.

ქეთი ხუციშვილი
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ და „კომედი შოუდან“ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთი ხუციშვილი, ეკრანული პერსონაჟებისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში საოცარი მოკრძალებით გამოირჩევა. მისმა განვლილმა გზამ, შრომისმოყვარეობამ და ცხოვრებისეულმა სიძნელეებმა დღევანდელი წარმატებული და ძლიერი ქალი ჩამოაყალიბა.
მსახიობი სიამოვნებით იხსენებს ბავშვობასა და მშობლებს, რომლებმაც მას ზომიერებისა და შრომის ფასი ასწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა და შვილებს ყოველთვის გვერდით ედგა, ქეთი იხსენებს, რომ გარკვეული ნაკლოვანების შეგრძნება მაინც ყოველთვის ახლდა, რაც მას განვითარებისკენ უბიძგებდა.
სტუდენტობის წლებში ქეთიმ დაუსწრებელ განყოფილებაზე ჩააბარა. სწავლის პარალელურად მან იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც მიუხედავად სიმბოლური, უმცირესი ხელფასისა, საკუთარი შრომითა და დამოუკიდებლობით უზომოდ ბედნიერი იყო.
ქეთი ხუციშვილის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა ვაჟის დაბადებამ შეიტანა. ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი მალევე დაიშალა. ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შვილის გაზრდის მთელი პასუხისმგებლობა და ზრუნვა სრულად ქეთის დააწვა.
"ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ოჯახის შექმნა ნაადრევი იყო. ბავშვის დაბადებამ ძალიან შემცვალა. შვილის მოვლა, საკვები, ყველაფერს მე ვუძღვებოდი. ჩემი მშობლები რომ არა, მართლა ძნელი იქნებოდა. ჩემი ყოფილი მეუღლე არასდროს დამივალდებულებია, დამხმარებოდა. დავამთავრე ურთიერთობა მასთან და არაფრის პრეტენზია არ მქონდა." - ამბობდა ქეთი.