თბილისის მერი, კახა კალაძე სამძიმარს იღებს. არსებული ინფორმაციით, მისი დედა, მედეა შენგელია წუხელ, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.
მედეა შენგელია მეუღლესთან, კარლო კალაძესთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობდა. ის საზოგადოებრივ ასპარეზზე იშვიათად ჩნდებოდა და მედიასთან კომუნიკაციას ყოველთვის ერიდებოდა, თუმცა თბილისის მერი სოციალურ ქსელში მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებდა.

კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.
2011 წლიდან კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი. 2013 წლის 20 ნოემბერს, ქართული ოცნების მეორე კაბინეტის დამტკიცებასთან ერთად, კალაძე აირჩიეს საქართველოს ვიცე-პრემიერად. მან ეს თანამდებობა შეუთავსა ენერგეტიკის სამინისტროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით (მე-2 ნომერი) მონაწილეობის გამო 9 სექტემბერს მინისტრის თანამდებობა დატოვა. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 26 ნოემბერს პარლამენტმა ახალი მთავრობა (გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით) დაამტკიცა, კახა კალაძე კი კვლავ ენერგეტიკის მინისტრი (და ვიცე-პრემიერი) გახდა. 2017 წლის 10 ივლისს მან თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის კენჭისყრის გამო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და 13 ნოემბერს გახდა თბილისის მერი.
მაშინ, როცა კახა კალაძემ მოდელ და დიზაინერ ანუკი არეშიძეზე დაქორწინება გადაწყვიტა, კალაძე უკვე იკავებდა ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას. წყვილმა ოჯახი 2013 წელს შექმნა, დღეს კი 4 შვილის, ლევანის, კახაბერის, ვაჩესა და ნიკოლას მშობლები არიან. აღსანიშნავია, რომ მათ უფროს ვაჟს კახას გარდაცვლილი ძმის, ლევანის სახელი დაარქვეს, მეორე შვილს კი - თავად კახა კალაძის. ეს ამბავი კალაძეების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდება.
2011 წლის 23 მაისს კახი კალაძის ძმა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლევან კალაძე ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. გამოძიება თავიდანვე მცდარი გზით წავიდა, იყო უამრავი ვერსია, ხოლო საბოლოოდ, 5 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ლევანი დიდი ხნის მოკლული იყო გამტაცებლების მიერ და მის ოჯახს მხოლოდ ლევანის ნეშტი დაუბრუნეს.
"ძალიან მძიმე თემაა, ამაზე არ მიყვარს ხოლმე საუბარი, ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ჩემს გულში იქნება, ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის გადატანა ჩემთვის, დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, მე პირადად, შევძელი საკუთარ თავში მომენახა ძალა, რომ ჩემი მშობლებისთვის ცხოვრების სტიმული მიმეცა", - ამბობდა კახა კალაძე.
კახა კალაძის მშობლები საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდნენ, მათ ფოტოებს პერიოდულად ოჯახის წევრები აზიარებდნენ.

"დედის ამაგი ძალიან დიდია და მას ჩვენ, შვილები ვერასდროს გადავიხდით. ზოგადად, მშობელს შვილის მიმართ რა სურვილიც აქვს, ამას ცოტა მოგვიანებით ვხვდებით, როცა თავად გვიჩნდება შვილები. შესაბამისად, ძალიან კარგად მესმის, რა დამოკიდებულება აქვს დედას შვილის მიმართ. ყველა დედას დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ“, - ამბობდა კახა კალაძე დედის დღესთან დაკავშირებულ გზავნილში.