მსოფლიო აღიარების მქონე ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, თანამედროვე საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მისი საერთაშორისო ტრიუმფი 2009 წელს დაიწყო, როდესაც მილანის ლეგენდარულ თეატრ „ლა სკალაში“ (Teatro alla Scala) სეზონი ბიზეს „კარმენის“ მთავარი პარტიით გახსნა - დადგმაში, სადაც მისი პარტნიორი იონას კაუფმანი იყო. ამ გამოსვლამ იგი მსოფლიო საოპერო ელიტის სათავეში მოახვედრა.
წლების განმავლობაში ანიტა რაჭველიშვილი გამოდიოდა მსოფლიოს წამყვან სცენებზე, მათ შორის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში (Metropolitan Opera), პარიზის ეროვნულ ოპერაში, ლონდონის სამეფო ოპერაში (Royal Opera House) და ვერონის არენაზე. ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა, რიკარდო მუტიმ, იგი თანამედროვეობის საუკეთესო მეცო-სოპრანოდ არაერთხელ დასახელა.
მსახიობ ეკა ჩხეიძის გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას, ანიტა რაჭველიშვილმა გულახდილად ისაუბრა იმ კულუარულ დაპირისპირებაზე, რომელიც მეტროპოლიტენ ოპერის გენერალურ მენეჯერთან, პიტერ გელბთან, ფიზიკური პარამეტრების გამო წარმოიშვა.

„ორსულად რომ დავრჩი, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ჩემი „კარმენის“ გაუქმება უნდოდათ და უნდოდათ სხვა ადამიანის აყვანა „კარმენის“ როლზე... კონტრაქტზე, რომელიც უკვე გაფორმებული და ხელმოწერილი იყო ორივე მხრიდან.“
„HD ტრანსლაცია ხდება - მაღალი ხარისხის ტრანსლაციები ხდება მეტროპოლიტენ ოპერიდან ყველა ახალი დადგმის. და ბატონი გელბის წარმოსახვით, რომელიც მეტროპოლიტენ ოპერის გენერალური მენეჯერია, ასეთი მაღალხარისხიანი ჩვენებისთვის მე არ ვიყავი საკმარისად გამხდარი. ეს იყო მისი მთავარი პრობლემა.“
ეკა ჩხეიძე: „მაშინ ჯერ არ იყო ეს ხმის პრობლემა?“
„არა, არანაირი ხმის პრობლემა არ იყო. მე, რა თქმა უნდა, არც არასდროს არ ვყოფილვარ ახლა ძალიან გამხდარი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ანუ ყოველთვის მქონდა გარკვეული კომპლექსიის ფიგურა.“

„და თავიდან, ალბათ... სულ თავიდან რომ დავიწყე მეტროპოლიტენში სიმღერა და ყველა სპექტაკლს ვმღეროდი, ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ყველაფერს, პლუს, რიკარდო მუტიმ რომ არაერთხელ დამასახელა მსოფლიოს საუკეთესო მეცო-სოპრანოდ, ეს მარკეტინგისთვის მათთვის ძალიან მომგებიანი იყო. მომაყარეს 10-15 კონტრაქტი, რომელიც გავაფორმეთ, ხელი მოვაწერეთ ორივე მხრიდან.“
„მერე მოხდა ეს საუბარი - მომივიდა ხმა ასე შორიდან, რომ „კარმენს“ სხვას ამღერებენ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ კონტრაქტია და მე არაფერი არ ვიცი ამაზე. ამას მოჰყვა, რა თქმა უნდა, ეგრევე ძალიან დიდი დაპირისპირება, კონფლიქტი კონფლიქტზე...
პირველი მთავარი მიზეზი იყო, რომ „კარმენის“ გაუქმება უნდოდათ ჩემთვის იმიტომ, რომ აღარ ვიყავი ისეთ ფორმაში, როგორც მათ უნდოდათ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მიზეზად პიტერ გელბი ასახელებს, რომ მე ვეღარ ვმღეროდი - როცა ეს ყველაფერი იქამდე დაიწყო, სანამ მე დავიწყებდი გაუქმებას, რაიმეს გაუქმებას საერთოდ.“