"ძალიან დიდი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ასმაგად დაგიბრუნოთ უფალმა სიკეთით.
მიუხედავად იმისა, რომ წელს გრანდიოზული დაბადების დღე არ გადამიხდია, მაინც ძალიან ბევრს გავახსენდი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია — უსაზღვრო სითბო და ყურადღება.
შეიძლება მე ცოტა დავიკარგე სოციალური ქსელებიდან, მაგრამ ის სიკეთე არ იკარგება, რასაც მე ჩემი ახლობლებისა და სრულიად უცხო ადამიანებისთვის ვაკეთებ.
უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა არაფერს გიყვებით.
ყველაზე ხშირად მეკითხებიან: „სად ხარ?“, „რატომ აღარ ჩანხარ?“.
მინდა სწორად გამიგოთ. ბევრი რამ გამოვიარე ცხოვრებაში, ამიტომაც ცოტა ხნით სიმშვიდე ვარჩიე. ზუსტად ამ ეტაპზე ვარ ახლა. აუცილებლად გაგიზიარებთ საინტერესო დეტალებს.
ბევრს აინტერესებს, სად ვცხოვრობ. გაგიმხელთ იმას, რომ ვცხოვრობ ზუსტად ისეთ უზარმაზარ სახლში, სადაც ნამდვილი პრინცესა უნდა ცხოვრობდეს.
ჯერჯერობით არ ვისაუბრებ ჩემს პირად ცხოვრებაზე, მაგრამ შევეცდები, მოგვიანებით ყველა იმ კითხვას გავცე პასუხი, რაც ჩემ გარშემო ისმის.
მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც გამაჩნია. ბევრს უთქვამს, რომ ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებასო. ასეა — ბედნიერი ვარ!
არავისზე ნაწყენი არ ვარ. ალბათ ზედმეტად კეთილი გული მაქვს, არასდროს მიპასუხია ბოროტებაზე ბოროტებით.
უფალი სამართლიანია.
არ ვიცი, რამდენი რამ ჩავატიო ამ პატარა ტექსტში, რომლის წაკითხვაც მოსაბეზრებელი არ მინდა გახდეს.
რაც ჩემთვის გემეტებათ, არც თქვენთვის დაიგვიანებს.
ყველას ვუსურვებდი გულითად ბედნიერებას, სიმშვიდესა და წარმატებას. მიყვარხართ!" - დაწერა სოციალურ ქსელში მარიამ შუკაკიძემ, ქართველმა ინფლუენსერმა, რომელსაც ინსტაგრამზე ყველაზე მეტი, 8.3 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

როგორ წესი, ადამიანები საყოველთაო ცნობადობას პროფესიული წარმატებით აღწევენ - ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით უყვართ ისინი, ვისაც საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გააქვთ - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები... მარიამ შუკაკიძეს პოპულარობის ეს გზა არ გაუვლია - ის მაგალითია, რომ ციფრულ ეპოქაში ყველაფერი გაცილებით მარტივი და გაცილებით მასშტაბურია.
მარიამ შუკაკიძეს Instagram გვერდზე 8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს - მისი პოპულარობა კი სწორედ ამით განისაზღვრა - არის ქართველი ქალი ყველაზე მეტი გამომწერით. მაგალითისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას გამომწერების რაოდენობა Instagram-ზე დაახლოებით ხუთი მილიონია, მატილდა გვარლიანის - 300 ათასზე ცოტა მეტი...
მარიამ შუკაკიძე რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას, მეუღლისა და შვილების ფოტოებს აზიარებდა - მარიამი დაქორწინებული იყო მეზღვაურ დავით ბოლქვაძეზე, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
"სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი, მე უკვე „ინფლუენსერი“ ვიყავი. იმ დროს ამ საქმიანობის შესახებ ბევრმა საერთოდ არ იცოდა. ვიღებდი ფოტოებს, ლამაზად ვიცვამდი, რეკლამებს ვაკეთებდი და ასე დავიწყე თანხის გამომუშავება. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად მხოლოდ მეუღლეზე ვარ დამოკიდებული. თვითონაც მაქვს შემოსავალი. მეუღლეს თავისი ბიზნესები აქვს, კაპიტანია და სამი თვით მიდის ხოლმე, მაგრამ ის ჩემი მთავარი საყრდენია და ყველაფერში გვერდით მიდგას”, - ამბობდა მარიამ შუკაკიძე განქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მარიამ შუკაკიძე მეუღლეს დაშორდა, რაც მისი გამომწერებისთვის მოულოდნელი სიახლე იყო. ამის შესახებ ინფლუენსერმა წერილი თავად გააზიარა:
"მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. უამრავი ჭორი გავრცელდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სანახაობას ან სკანდალს ელოდება, არცერთი მხრიდან არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილებისთვის, საუკეთესო მშობლები ვიქნებით.
არ მგონია, ასეთ საკითხზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის 8 წლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო. თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახებში, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი გასაჯაროებას. ჩვენმა ახლობლებმა ისედაც იცოდნენ, თუმცა არ იქნებოდა ლამაზი, როცა ამხელა აუდიტორია მყავს, არაფერს ვუზიარებდე," - წერდა მარიამ შუკაკიძე.

მარიამ შუკაკიძეს საკუთარ პოპულარობასა და განვლილი გზაზე არაერთხელ უსაუბრია:
„ექვსი წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ონლაინმაღაზიებით დავიწყეთ, ვცდილობდი, ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ყოველთვის მინდოდა პოპულარობა, ძალიან ბევრ შრომას ვდებდი საკუთარ თავში. ერთი ფოტოს გადაღება ფინანსურადაც საკმაოდ დიდი თანხა მიჯდებოდა და ასევე, დრო და ენერგიაც დიდი მიჰქონდა. ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში ლამაზად წარმომეჩინა ყველაფერი. ჩემი ფოტოები ხშირად მხვდებოდა სხვადასხვა გვერდებზე, მიდიოდა განხილვა და ჩემი პოპულარობა იმატებდა. რაც უფრო მეტად აქტიური ხარ და „ინსტაგრამზე“ გამომწერები გემატება, შემოთავაზებებიც იზრდება და შესაბამისად, შემოსავალიც. ასე მოვედი აქამდე”, - ამბობდა ის. დღეს მარიამ შუკაკიძე საკუთარ ბიზნესს ფლობს, სიახლეებისა და წარმატების შესახებ კი გამომწერებს ინფორმაციას ხშირად უზიარებს.