მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ამ სფეროს გავლენიანი ადამიანები თამაშობენ - მოდის კრიტიკოსები და მოდის ბლოგერები, თუმცა მათზე მნიშვნელოვანი ის ადამიანები არიან, რომლებიც თავად ქმნიან საკუთარი ჩაცმის სტილს, მოდის "ამინდს", აყალიბებენ ტენდენციებს და ეხმარებიან კიდეც ამა თუ იმ მოდის სახლს ან დიზაინერს იმიჯის ჩამოყალიბებაში. სწორედ ასეთ გემოვნებიან ადამიანებზე მინდა ვისაუბრო რუბრიკაში "მოდა და სტილი" დიზაინერ მარინა ხორავასთან ერთად. ვინ ქმნის სამოსს და ვინ ანიჭებს უკვდავებას დიზაინერი თუ ის, ვინც სამოსს წარმოაჩენს.
ნინო რამიშვილი
- ლეგენდარულ ნინო რამიშვილს ჰქონდა ჩაცმის იმდენად უნიკალური და განსხვავებული სტილი, რომ დღეს მისი მიბაძვაც კი რთულია, მეთანხმები?
- მე ნანახი მყავს ნინო რამიშვილი, მას არაჩვეულებრივი გარეგნობა და სტილის შესანიშნავი გრძნობა ჰქონდა, ზუსტად ისე იმოსებოდა, რაც მის გარეგნობას შეესაბამებოდა. ძალიან უყვარდა შანელის სტილში ჩაცმა. რომ დავინახე, მონუსხული ვიდექი - ის იყო უთხელესი და უნატიფესი, მუხლს ქვემოთ ქვედაკაბა და მომდგარი კოსტიუმი ეცვა.

- რაღაცით კოკო შანელს ამსგავსებ?
- დარწმუნებული ვარ, შანელს რომ ენახა ნინო რამიშვილი, აუცილებლად სთხოვდა, რომ მისი ბრენდის სახე გამხდარიყო. ნინო რამიშვილი თავად ქმნიდა თავის სტილს, მის ჩაცმულობაში დიზაინერის ხელი არ ურევია. იცოდა, როგორ წარმოჩენილიყო ძვირფასად და დასამახსოვრებლად. უყვარდა ბრუტალური აქსესუარები, მაგალითად, თეთრ პერანგზე დიდი ბროში და ყელსაბამი ეკეთა. დიდი სამკაულებით ივსებოდა ნინოს სტილი. ნინო რამიშვილს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართველი შანელი!
წაიკითხეთ სრულად