"მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ გურჯაანში შექმნილი კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი, რომლის ავტორიც განსაკუთრებული პორტუგალიელი მხატვარი მარიანა დუარტე სანტოსია.
მარიანამ გადაწყვიტა, ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ლიკა ქავჟარაძის პერსონაჟი, მარიტა დაეხატა თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“.
მხატვარი ამ ნამუშევრით საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ეხმიანება და, ამავდროულად, ქმნის დიალოგს გურჯაანის ლანდშაფტან.
ეს კონკრეტული სცენა ზუსტად ალაზანშია გადაღებული. გვიხარია როდესაც მოწვეული ხელოვანები შთაგონებულნი არიან ქართული კულტურით, სიღრმისეულად ეცნობიან მას და ეს გამოცდილება მათ ნამუშევრებშიც აისახება", - ვკითხულობთ Georgia MURAL Fest-ის გვერდზე.

ვინ არის მარიანა დუარტე სანტოსი
მარიანა დუარტე სანტოსი არის ვიზუალური ხელოვანი ლისაბონიდან, პორტუგალიიდან, რომელიც სხვადასხვა მედიუმში მუშაობს და ბოლო დროს თავისი საქმიანობა მურალების, ანუ კედლის მხატვრობის შექმნითაც გააფართოვა.
მარიანას ნამუშევრები ასახავს იმას, თუ როგორ აკვირდება და აღიქვამს ის სამყაროს. მისი შემოქმედების დიდ ნაწილს საფუძვლად უდევს კადრები ძველი, უკვე მივიწყებული ფილმებიდან და ტელეგადაცემებიდან – ის შთაგონებას იღებს ძველი, გადაყრილი ფოტოებიდან, რათა სული შთაბეროს და გააცოცხლოს ის ძველი და ამაღელვებელი გამოსახულებები, რომლებიც, მისი აზრით, ჯერ კიდევ იმსახურებენ არსებობას.
მარიანას უყვარს როგორც ნოსტალგიის განცდის შექმნა, ისე ადგილის ისტორიის ახალ დროში გადატანა ქუჩის ხელოვნების თანამედროვე მედიუმის მეშვეობით. მისი სტილი რეალისტურია და მას სიამოვნებს თავის ფერწერულ ნამუშევრებს ქუჩის ხელოვნების ელფერისა და შეგრძნების შეძენა.
მარიანას მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში და ასევე ითანამშრომლა პოეტ ჯერი ბრენანთან, რათა შეექმნა ილუსტრირებული პოეზიის წიგნი, რომელიც შედგება 37 ლექსისა და ამ ლექსებზე დაფუძნებული 40 ნახატისგან.

"ნატვრის ხე" და მარიტას ფენომენი
“ბედნიერი ვარ, მარიტას ნუ მადარებთ, ბევრი სიხარული მაქვს და ნუ მატრაგიკულებთო,” – ამბობდა თავად ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე "ნატვრის ხის" შესახებ.
მარიტას ფენომენი იმ მარადიულ ტრაგედიაზეა, როცა საზოგადოება ვერ ეგუება მისგან გამორჩეულ, აბსოლუტურ სიწმინდესა და სილამაზეს. როდესაც გარემო ჩაფლულია შურში, შიშსა და ვიწრო დოგმებში, განსხვავებული და თავისუფალი ადამიანი საფრთხედ აღიქმება. მარიტა ხდება იმ მანკიერებების მსხვერპლი, რომელსაც ბრბო საკუთარ თავში ვერ ებრძვის და ამიტომ ცდილობს გაანადგუროს ის, რისი წვდომაც არ ძალუძს. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ ვეძებთ სასწაულს სადღაც შორს და ვერ ვამჩნევთ, რომ იგი ჩვენ გვერდითაა, სანამ საკუთარი ხელით არ გავწირავთ.
