დუა ლიპა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ პოპ-ვარსკვლავის ჩარჩოებს და თანამედროვე კულტურის ტრენდების ერთ-ერთ მთავარ შემქმნელად იქცა. მისი სახელი წიგნებთან და კითხვასთან განსაკუთრებით მას შემდეგ ასოცირდება, რაც 2023 წელს თავისი მედია-პლატფორმის ბაზაზე Service95 Book Club დააფუძნა. მომღერალი, რომელიც მსოფლიო ტურნეებისა თუ გადაღებების პარალელურად მუდამ წიგნით ხელში ჩნდება, კითხვას არა პოზირების, არამედ ცხოვრების წესად აქცევს.
დღეს დუა ლიპას ლიტერატურულ გემოვნებას უზარმაზარი გავლენა აქვს Gen Z-სადა მილენიალების თაობაზე. ის ყოველთვიურად ირჩევს წიგნებს, მართავს ინტერვიუებს ავტორებთან - მათ შორის ისეთ გიგანტებთან, როგორებიც არიან ხანია იანაგიჰარა თუ ორჰან ფამუქი - და მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მწერლებს აცნობს. მისმა წიგნის კლუბმა „ოპრას ეფექტის“ თანამედროვე, ციფრული ვერსია შექმნა: მის მიერ დასახელებული ბესტსელერები მყისიერად ხდება პოპულარული და წიგნის მაღაზიების თაროებიდან სწრაფად ქრება. დუა ლიპამ მოახერხა და კითხვა ახალგაზრდებისთვის კვლავ „ტრენდულ“, ესთეტიკურ და მიმზიდველ საქმიანობად აქცია.

დუა ლიპასა და ბრიტანელი მსახიობის, ქალუმ ტერნერის შეხვედრა ნამდვილ ჰოლივუდურ სცენარს ჰგავს. წყვილი ერთმანეთს საერთო მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე შეხვდა, სადაც გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. როგორც მოგვიანებით ტერნერმა აღნიშნა, მათ საუბარი წიგნებით დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ზუსტად ერთსა და იმავე წიგნს კითხულობდნენ. მეტიც, ორივეს ახალი დამთავრებული ჰქონდა პირველი თავი, რაზეც მსახიობმა იხუმრა: „ესე იგი, ზუსტად ერთ გვერდზე ვართო“.
იმ საღამოს, როდესაც დუა ლიპასა და ქალუმ ტერნერის გზები გადაიკვეთა, ორივე მათგანი არგენტინელ-ამერიკელი მწერლის, ერნან დიასის პულიცერის პრემიის მფლობელ რომანს - „ნდობას“ (Trust) კითხულობდა. ეს იყო საოცარი სიურპრიზი ორივესთვის: წვეულების ხმაურში აღმოჩენა, რომ შენ გვერდით მჯდომი ადამიანი ზუსტად იმავე რთულ, მრავალშრიან ლიტერატურულ თავსატეხშია ჩაძირული, რომელშიც შენ, მათი ურთიერთობის მთავარი კატალიზატორი გახდა.
ეს დამთხვევა ბევრმა ნამდვილ მანიფესტაციად მიიჩნია. დუა ლიპა, რომელიც ცნობილია სამყაროსადმი მინდობითა და პოზიტიური ენერგიის მანიფესტირებით, ხშირად აღნიშნავს, რომ სწორი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მაშინ ჩნდებიან, როცა მათთან საერთო ღირებულებები და ინტერესები გვამაგრებს. საერთო წიგნის გარშემო დაწყებული საუბარი მალევე გადაიზარდა სიყვარულში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლიტერატურას ბედისწერის შეცვლაც კი შეუძლია.

Substack-ის ერთ-ერთ ჩანაწერში, სადაც მკითხველებს თანამედროვე პოპულარული ლიტერატურის რეკომენდაციები სთხოვეს, რამდენიმე ადამიანმა ერთხმად დაასახელა ერნან დიასის 2022 წლის რომანი „ნდობა“ (Trust). წიგნმა დიდი საგამომცემლო სახლების აღიარებასთან ერთად მხატვრული ლიტერატურის დარგში პრესტიჟული პულიცერის პრემიაც მოიპოვა, რამაც განსაზღვრა ინტერესი ამ ნაწარმოებისადმი — თუ რას მიიჩნევს დღევანდელი საგამომცემლო ინდუსტრია საუკეთესო პროზად.
მწერალი ერნან დიასი ბუენოს-აირესში, არგენტინაში 1973 წელს დაიბადა. მან განათლება ლონდონის King’s College-სა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო. მისი ლიტერატურული მიღწევების ჩამონათვალი მოიცავს პულიცერის პრემიას, კირკუსის ჯილდოს, ჯონ აპდაიკის პრემიას, PEN/Faulkner-ის ფინალისტობასა და ბუკერის პრემიის გრძელ სიას. მისი ნაწარმოებები იბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Granta, McSweeney’s და The Paris Review.
„ნდობა“ მოგვითხრობს კოლოსალურ სიმდიდრესა და უთანასწორობაზე, კაპიტალიზმსა და მის მორალურ ლიმიტებზე, ისტორიის გადაწერასა თუ მითვისებაზე; იმაზე, თუ როგორ იქმნება განსხვავებული ვერსიები ადამიანების ცხოვრების შესახებ. ეს არის მეტაფანტასტიკური რომანი, სადაც ტექსტი მკითხველს მუდმივად ახსენებს, რომ ის წიგნს კითხულობს.

ამ წიგნის მთავარი განსაკუთრებულობა მისი უნიკალური, ოთხნაწილიანი სტრუქტურაა:
ეს ოთხი სხვადასხვა დოკუმენტი წიგნს ნამდვილ ლიტერატურულ თავსატეხად აქცევს, სადაც ყოველი მომდევნო ნაწილი წინა ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს ან სრულიად უარყოფს, მკითხველი კი იძულებული ხდება, თავად იპოვოს რეალური სიმართლე.
ნაწარმოების სათაური რამდენიმე მნიშვნელოვან შრეს აერთიანებს - ფინანსურ ტრასტს/ნდობას, ადამიანებს შორის ნდობას და მკითხველის ნდობას მთხრობლისადმი. ავტორი ოსტატურად აჩვენებს, რომ როგორც დიდი ფინანსური კაპიტალი, ისე ისტორიული ნარატივები ადამიანების მიერ შექმნილი ილუზიებია, რომლებსაც საზოგადოება ირწმუნებს ხოლმე.
ნაწარმოები სვამს ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ წერს ისტორიას და როგორ შეუძლია დიდ სიმდიდრესა და ძალაუფლებას რეალობის ფორმირება ან ფაქტების გადაწერა. გარდა ამისა, რომანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისტორიიდან ქალის ხმის წაშლისა და მისი აღდგენის თემას. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი გასული საუკუნის დასაწყისის ნიუ-იორკში ვითარდება, ის საოცრად ეხმიანება თანამედროვეობას. ეს არის ინოვაციური, ღრმა და ინტერაქციული კითხვის გამოცდილება, სადაც მკითხველი უბრალო დამკვირვებელი კი არ არის, არამედ სიუჟეტის ამოხსნის აქტიური მონაწილე ხდება.
დუა ლიპას "იღბლიანი" წიგნის შეძენა ქართულ ენაზე თქვენც შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიებში ან ონლაინ - "ბიბლუსის" ვებგვერდზე: biblusi.ge
"ამ წიგნმა თავბრუ დამახვია! მოქმედება 1920-იან და 30-იან წლების ნიუ-იორკში ვითარდება, ხოლო მანჰეტენელი ფინანსისტისა და მისი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ცოლის ისტორია ოთხი „წიგნის“ - რომანის, ხელნაწერის, მემუარისა და დღიურის მეშვეობით არის მოყოლილი. მაგრამ რომელ ვერსიას უნდა ენდოთ? არსებობს საერთოდ ერთი ჭეშმარიტი რეალობა?
სანამ ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივებში ვიკვლევთ გზას, დიასი თანაბარი დოზით გვთავაზობს მინიშნებებსა და მცდარ კვალს. ვიცით, რომ გვეთამაშებიან, თუმცა ზუსტად არ ვართ დარწმუნებულები, რომელი პერსონაჟი გვატყუებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ რთული და ამაღელვებელი წიგნის დასასრულს თითოეული მკითხველი თავის დასკვნამდე მივა, ეჭვგარეშეა ის, თუ რა სიმარტივით შეუძლია ფულსა და ძალაუფლებას თვით რეალობის შეცვლა. მე აღფრთოვანებული ვარ და, შესაძლოა, თქვენც ასე დაგემართოთ", - წერდა დუა ლიპა წიგნის შესახებ.