ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე, კარლოტა ელენა (Carlotta Helena), სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ სქრინშოტებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ უცნობი მომხმარებელი მას და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს Instagram-ის კომენტარები, სადაც ანონიმური მომხმარებელი წერს, რომ „მისი მთელი ოჯახი განადგურდება“ და განსაკუთრებულ მუქარას მიმართავს გერმანიაში მყოფი დედის მისამართით.
კარლოტა ელენა აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და ხაზს უსვამს სპორტში ტოტალიზატორების გავლენასა და მოთამაშეების თუ მათი ოჯახების დაუცველობას:
„ამ დროს კი ტურნირები ბუკმეკერული და აზარტული თამაშების კომპანიების მიერ ფინანსდება“ - წერს იგი.

სპორტულ სამყაროში, განსაკუთრებით კი ჩოგბურთში, აზარტული თამაშების გამო მოთამაშეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ აგრესია და სიცოცხლის მოსპობის მუქარები სერიოზულ პრობლემად რჩება. ხშირად, წაგებული ფსონების გამო, გულშემატკივრები თუ ტოტალიზატორის მომხმარებლები აგრესიას სწორედ სპორტსმენებსა და მათ ახლობლებზე ავლენენ.
ამ ეტაპზე უცნობია, მიმართა თუ არა წყვილმა სამართალდამცავ ორგანოებს ან ჩოგბურთის უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნულ მუქარებთან დაკავშირებით.
