"ახალი აპლიკაცია მოეგონებინათ, ვითომ, იმ ქვეყანას გაკავშირებდა ვიდეოზარით… მთელი ღამე ვილაპარაკეთ და ისეთი ბედნიერი ვიყავი…გაღვიძებაა მერე ძნელი", - წერს სოციალურ ქსელში მაია ასათიანი და გარდაცვლილი ქალიშვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოს აქვეყნებს.

მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი.
"ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით.
ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.