"ამ ბოლო დროს, ავად რომ იყო, ვუყურებდი მის ხელებს, ფეხებს..." - ნატალია ქუთათელაძე გარდაცვლილი მამის შესახებ - Marao

"ამ ბოლო დროს, ავად რომ იყო, ვუყურებდი მის ხელებს, ფეხებს..." - ნატალია ქუთათელაძე გარდაცვლილი მამის შესახებ

2026-09-21 11:00:11+04:00

„მე ძალიან ვგავარ მამაჩემს, მგონი, ყველანაირად. ამ ბოლო დროს, ავად რომ იყო, ვუყურებდი მის ხელებს, ფეხებს და არაორდინალური მსგავსება მაქვს. ხასიათითაც ქუთათელაძე ვარ, მათი. ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის, გენეტიკის პირველ რიგში, რაღაც კარგი შერწყმა მოხდა...

მამაჩემიც ძალიან მუსიკალური იყო, არაჩვეულებრივად უკრავდა, მისი საყვარელი სფერო უფრო ჯაზი იყო... ძალიან საინტერესო და განათლებული ადამიანი იყო. ახლა ვნანობ, რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე მასთან ერთად...“ - თქვა მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ ეკა ჩხეიძის გადაცემაში სტუმრობისას. 

natalia-kutateladze

ნატალია ქუთათელაძის ოჯახი

ნატალია ქუთათელაძეს მამა მერაბ ქუთათელაძეა. მერაბი პროფესიით ბიოლოგი იყო, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს ყოფილა დასაქმებული. 

მერაბი ეკა მამალაძის მეორე მეუღლეა. წინა ქორწინებიდან ეკას ორი ვაჟი, ლევანი და გოგი ჰყავს. 

  • "მამა კი მეუბნებოდა - შენზე უკეთესი არ არსებობს, შენზე ლამაზი არავინააო..." - რას იხსენებს ნატალია ქუთათელაძე

ეკა ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში მერაბის გაცნობის ისტორიას იხსენებდა:

"31 წლის ასაკში მერაბ ქუთათელაძეს გავყევი ცოლად. ის ბიოლოგი გახლავთ, მაგრამ თავისი პროფესიით არ უმუშავია. ლევანიკოს კლასელის მშობლების ახლობელი იყო და მათთან გავიცანი. მერე მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს, იქ სწავლობდა. დავმეგობრდით. მამაკაცში ყველაზე ძალიან განათლება, ინტელექტი და ერუდიცია მომწონდა და მერაბიც სწორედ ასეთი გახლდათ. მას ჩემს ბიჭებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დედაჩემთანაც მეგობრობდა, მაგრამ მისი ცოლობა იმიტომ უფრო გადავწყვიტე, რომ თავისუფალი იყო, მეუღლე არც ერთს გვყავდა, ორივენი მარტო ვიყავით და ოჯახის დანგრევის პრობლემა არ გვქონდა. აუცილებელია ადამიანს, მით უფრო ქალს, გვერდით ვიღაც ჰყავდეს. შვილები დაიზრდებიან და წავლენ, რადგან თავიანთი ცხოვრება აქვთ, შენ კი მარტო რჩები, ამიტომ ცხოვრების მეგობარი უნდა გყავდეს…

მე და მერაბმა ვიქორწინეთ. “ოცნება ამისრულდა”, – გავიფიქრე, როდესაც ნატალია შემეძინა. ის იყო ჩემი ოცნების ახდენა.

nataliko

ნატალია 1991 წელს გაჩნდა და საქართველოში ომი, არეულობაც დაიწყო, მაგრამ იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ამას ვერც ვგრძნობდი. სახლში გათბობაც არ გვქონდა, მე კი ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ოჯახი ჩემთან იყო, ბებია (ნატალია წლინახევრის იყო, ცაბუ რომ გარდაიცვალა), ბაბუა, ჩემი ბიჭები, დედა და საყვარელი ადამიანი. ყველანი სამზარეულოში ვისხედით, რადგან იქ თბილოდა. ნატალიას კალათა სამზარეულოს მაგიდაზე გვედგა, სადაც ჩვენი პატარა იწვა, უფროსები კი ღუმელთან ვიყავით მოკალათებული და ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ასე გადავიტანეთ მძიმე დღეები.

  • ეკა მამალაძე 50 წლის წინ: როგორ გამოიყურებოდა მომღერალი მაშინ და როგორია მისი ცხოვრება დღეს

ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ… ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, ალბათ ასეც ხდება ცხოვრებაში. ჩემთვის მიუღებელია, შვილების გულისთვის ცოლ-ქმარმა ერთად იცხოვრონ, მაგრამ სულ ჩხუბი და კამათი ჰქონდეთ. ამით შვილებს უფრო დააზარალებ. ნატალია ჩვენს გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა. ალბათ ეს მშობლებზეც არის დამოკიდებული. მას ბებია ტატულისთან და მამიდასთან, მარიკასთან, ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ბავშვი ახლობლებს არ მოვწყვიტე. ტატული 53-ე სკოლის დირექტორი იყო (ნატალიამ ეს სკოლა დაამთავრა). მარიკა კი კერძო სკოლა “XXI საუკუნის” დირექტორია. ჩემი გოგონასთვის ის დღემდე უერთგულესი მამიდაა." - იხსენებს ეკა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.