მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა. მან მონაწილეობა მიიღო მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Vogue World-ის ექსკლუზიურ და მასშტაბურ ჩვენებაზე, რაც მისი კარიერისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.
Vogue World არის ლეგენდარული ჟურნალ Vogue-ის მიერ ინიციირებული გლობალური, კულტურული და მოდის შოუ, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა მოდის დედაქალაქში იმართება. ეს ღონისძიება ტრადიციულ ჩვენებებს სცილდება და აერთიანებს მაღალ მოდასა და წამყვან ბრენდებს. პოდიუმზე წარმოდგენილია ისეთი გიგანტების საუკეთესო სამოსი, როგორებიცაა Gucci, Prada, Chanel, Balenciaga და სხვა.
შოუ ორგანულად ითავსებს თეატრალურ წარმოდგენებს, ცოცხალ მუსიკას, ცეკვასა და თანამედროვე ხელოვნების ელემენტებს. ღონისძიებიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი ხმარდება საქველმოქმედო ფონდებს, ადგილობრივი ხელოვანებისა და მოდის ინდუსტრიის ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას.

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.
"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა გვარლიანი.
15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.
პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.
მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: Gucci, Chanel, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Fendi, Fendi და სხვ.