დევა კასელი მოდის სამყაროს ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ უკვე რამდენიმე წელია მიიჩნევა. 2021 წელს პოდიუმზე დებიუტის შემდეგ მან არაერთ მნიშვნელოვან მოდის ღონისძიებასა და კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. მისი სტილი ელეგანტურობასა და თანამედროვე დეტალებს აერთიანებს, რის გამოც დევა ხშირად ხვდება როგორც მოდის გამოცემების, ისე ცნობილი ბრენდების ყურადღების ცენტრში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მსახიობობა დევა კასელის პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა, მოდას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ყოველთვის ეკავა. როგორც თავად ამბობდა, კამერის წინ პოზირება მისთვის შესაძლებლობაა, რამდენიმე წამში სრულიად განსხვავებულ ადამიანად გარდაისახოს.
ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა, რომ დევა კასელი Vogue World: Milano 2026-ის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილედ ვიხილეთ. მილანში გამართული გრანდიოზული ღონისძიება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოდის სანახაობად იქცა.

დევა კასელის Dior-ის ლუქი
Vogue World-ის პოდიუმზე დევა კასელმა Dior-ის კრეატიული დირექტორის, ჯონათან ანდერსონის მიერ შექმნილი საქორწინო ლუქი მოირგო.
მსახიობმა წარადგინა Dior-ის Haute Couture-ის 2026/2027 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის 66-ე ლუქი - „Aurore“. ~საქორწინო კაბა თეთრი ფერის იყო და მთლიანად რომანტიკულ, ზღაპრულ განწყობას ქმნიდა.
კაბის მთავარი დეტალი ხელით დაკეცილი თეთრი შიფონის გრძელი შლეიფია, რომელიც თეთრ დეგრადირებულ მაქმანზეა გადაფენილი. მაქმანზე კი კაქტუსის ყვავილებისა და გვიმრების მოტივებია გამოსახული.
დიზაინი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება დეკორატიული დეტალებით, კაბაზე გამოყენებულია ნაქარგები, მძივები, გვიმრების ფორმის ელემენტები და თეთრი ბუმბულისგან შექმნილი ბაბუაწვერები.
კაბას სხეულზე მორგებული სილუეტი აქვს, რომელსაც სტრუქტურირებული, ოდნავ გამჭვირვალე კორსეტი ავსებს. მისი ფორმა სხეულის კონტურებს მიჰყვება და ქვედა ნაწილში ნელ-ნელა ფართოვდება, რაც კაბას განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და მოძრაობას სძენს.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია Bardot-ის სტილის სწორად მოყვანილმა დეკოლტემ, რომელიც დევას მხრებსა და ყელის ხაზს სრულად აჩენდა. მხრების გარშემო განთავსებული სამგანზომილებიანი ყვავილოვანი დეტალები კი კორსეტის გვერდებზე გრძელდებოდა.

კაბის ზედაპირი სხვადასხვა ტექსტურის კომბინაციით იყო შექმნილი, ბოტანიკური მაქმანი, ყვავილოვანი აპლიკაციები და ბუმბულის დეტალები ერთმანეთს ერწყმოდა. გამჭვირვალე ქსოვილი კი მთლიან ლუქს ჰაეროვან და თითქმის ზებუნებრივ იერს აძლევდა.
დევა კასელის Dior-ის ლუქი განსაკუთრებით ორგანულად იყო Vogue World: Milano 2026-ის კონცეფციაში, რომელიც იტალიურ მოდას, ხელობას, ტრადიციასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებდა. ღონისძიება მილანის ისტორიულ Galleria Vittorio Emanuele II-ში გაიმართა და მოდის სამყაროს არაერთი ცნობილი სახე შეკრიბა.