„არ ვბრაზდები, გული მტკივა, როცა გული მეტკინება, რაღაცნაირად ვქრები ხოლმე" - რას იხსენებს ბაია დვალიშვილი - Marao

„არ ვბრაზდები, გული მტკივა, როცა გული მეტკინება, რაღაცნაირად ვქრები ხოლმე" - რას იხსენებს ბაია დვალიშვილი

2026-09-25 14:42:34+04:00

მსახიობი ბაია დვალიშვილი "ნიკოლოზის კითხვებს" სტუმრობდა, სადაც საკუთარ ხასიათზე, ემოციურ მდგომარეობებსა და ლეგენდარულ მსახიობთან, სესილია თაყაიშვილთან დაკავშირებულ თბილ მოგონებებზე ისაუბრა.

"წყობიდან გამოსული არავის ვუნახივარ, ყოველთვის ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს.

სესილია თაყაიშვილი დედაჩემის უახლოესი მეგობარი იყო. ჩვენი სახლიდან ღამით ისე არ წავიდოდა - ორის ნახევარზე თუ სამზე - პაპიროსი „ყაზბეგი“ რომ არ მოეწია. ძალიან ქოთქოთა იყო და ყველას თავისუფლად ლანძღავდა. ამბობდა ხოლმე: „მეუბნებიან, სესილო, ათამდე დაითვალე და გადაგივლისო,  ათის მერე უფრო კარგად ვილანძღები, ათამდე დათვლა არ მჭირდებაო“.

მეც, რაღაცნაირად, ან ძალიან არ გავბრაზებულვარ, ან... იცით, კი არ ვბრაზდები, გული მტკივა. როცა გული მეტკინება, რაღაცნაირად ვქრები ხოლმე, გაბრაზების და პასუხის გაცემის თავიც კი არ მაქვს. ალბათ სახეზე ერთი-ორი დღე მეტყობა ხოლმე, მაგრამ ასე ძალიან — არა," - ამბობს ბაია

  • "ახლა ვგრძნობ, რომ ამ ოხერი ადამიანის მიმართ ცოტა შიში გამიჩნდა" - ბაია დვალიშვილი ერთადერთი ქალიშვილის შესახებ 

baia-dvalishvili

ბაია დვალიშვილი

ბაია (ბარბარე) დვალიშვილი 1960 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დედამისი ცნობილი ქართველი მსახიობი მარინე თბილელი იყო. 

ბაია დვალიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა. თუმცა, ქართველმა მაყურებელმა უკეთ გაიცნო და განსაკუთრებულად შეიყვარა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ნელიკოს როლით.

ბაია დვალიშვილი პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე ყველასთვის საყვარელი მსახიობი მურმან ჯინორია იყო, მაგრამ წყვილი ერთ წელში დაშორდა. ბაია დვალიშვილი პირველ სიყვარულს ასე იხსენებს:

„მაშინ, 17 წლის ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ერთად შემოვიდა – პირველი სიყვარული, თეატრი, მიშა თუმანიშვილი. ჩემი გათხოვება პროტესტი იყო – ოჯახში  დედა წყვეტდა ყველაფერს. მე სიტყვის გამოთქმის თავისუფლება არ მქონდა. ამიტომ გავთხოვდი, თუმცა ბანალურად და ძალიან მალე დამთავრდა – მე და მურმანი ერთ წელში დავშორდით.

ამბობდნენ, რომ ეს დედაჩემის ჩარევის გამო მოხდა, მაგრამ არა. ეს იყო დიდი გრძნობა, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. მერე დიდხანს არხეინად თავისუფალი ვიყავი.

  • "არაფერს ვეძებ, არაფერს მივტირი, არ ვოცნებობ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ" - ბაია დვალიშვილი მშობლებზე, განვლილ გზასა და კარიერაზე 

ბაიამ მეორე რეზო ხატისკაცზე იქორწინა.

"რაც შეეხება მეორე მეუღლეს, ჩამოყალიბებული „სტარაია დევა“ ვიყავი, 31 წლის. რეჟისორის, ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე მივედი და იქ გავიცანი მისი ბიძაშვილი, რეზო ხატისკაცი. მერე რეზომ დამირეკა და რომანტიკის და შეხვედრების გარეშე, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ცოლად გავყევი”, - ამბობდა ბაია.