ნიკოლ კიდმანი British Vogue-ის 2026 წლის სექტემბრის ნომრის მთავარი გმირია. მსახიობი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა და გამოცემასთან ინტერვიუში კარიერაზე, ცვლილებებზე, ცხოვრებასა და იმ ახალ ეტაპზე ისაუბრა, რომელსაც ახლა ხვდება.
British Vogue-ის რედაქტორის, ჩიომა ნნადის, თქმით, კიდმანი ბოლო 25 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მოდის სახლისთვის შთაგონების წყარო იყო. მისი სტილი, ეკრანზე შესრულებული როლები და მუდმივი მზადყოფნა ექსპერიმენტებისთვის მსახიობს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურადაც აქცევს.
კიდმანი ინტერვიუში ცხოვრებისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანმა საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობების გამოცდის უფლება მისცეს.

ნიკოლ კიდმანი British Vogue-ის გარეკანზე
„ცხოვრებაში ყველაფრის გააზრებულად მიღება ყოველთვის მინდოდა - ეს ნიშნავს, რომ უნდა სცადო, შეცდე, დამარცხდე, ისევ წამოდგე, გააგრძელო გზა, სიყვარულისთვის ღია დარჩე და შესაძლებლობებს მისცე შანსი“, - ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ცხოვრება მუდმივი ცვლილებაა და ზოგჯერ საჭიროა, ადამიანს უბრალოდ ჰქონდეს გამბედაობა, რომ ნაცნობი გარემოდან გამოვიდეს და ახალი გამოცდილებები მიიღოს.
კიდმანისთვის ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიერაშიც. ის წლების განმავლობაში არაერთ განსხვავებულ პერსონაჟს განასახიერებდა და ხშირად ირჩევდა ისეთ პროექტებს, რომლებიც მისთვის კომფორტული ზონის დატოვებას ნიშნავდა.
British Vogue-ის ახალი ნომერი სწორედ ამ მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს - ნიკოლ კიდმანი კვლავ აგრძელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას და ამჯერადაც გვაჩვენებს, რომ ასაკი და გამოცდილება ახალი ეტაპების დაწყებას ხელს არ უშლის.