Måneskin-ის ყოფილი ფრონტმენი დამიანო დავიდი და ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დოვ კამერონი ოფიციალურად დაქორწინდნენ. წყვილმა 24 სექტემბერს იტალიის ულამაზეს რეგიონში, ტოსკანაში, კერძოდ კი ისტორიულ ქალაქ მონტალჩინოში, სამოქალაქო ცერემონია გამართა. ქორწილი საკმაოდ ინტიმური იყო და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
ქორწილი ტოსკანის გულშიდამიანომ და დოვმა ერთმანეთისთვის „კი“ ისტორიულ Palazzo dei Priori-ში თქვეს, რომელიც მონტალჩინოს ძველი მერიის შენობაში მდებარეობს. ცერემონიის შემდეგ ახალდაქორწინებულები შენობიდან გამოსულებს გულშემატკივრებისა და ფოტოგრაფების საკმაოდ დიდი ჯგუფი დახვდათ.

წყვილმა შეკრებილებს გაუღიმა და ხანგრძლივი კოცნით აღნიშნა ახალი ცხოვრების დაწყება. მათ ქალაქის მოედანზე შეკრებილი ადამიანები ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ.
ქორწილზე დამიანო და დოვი ვინტაჟური მანქანით მივიდნენ. მათი არჩევანი თეთრი Lancia Flavia იყო, რომელიც ტოსკანურ გარემოს განსაკუთრებით უხდებოდა. დამიანომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ თავად გაუღო კარი მომავალ მეუღლეს, რომელსაც ხელში თეთრი კალების პატარა თაიგული ეჭირა.

დოვ კამერონმა ქორწილისთვის ტრადიციული საქორწილო კაბის ნაცვლად თეთრი, დახვეწილი კოსტიუმი აირჩია. მისი ლუქი ქალურ დეტალებსა და მკაცრ, ელეგანტურ სილუეტს აერთიანებდა — წელზე აქცენტირებული ზედა ნაწილი, თეთრი პერანგი, ჰალსტუხი და ფართო შარვალი.
მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი გრძელი კეპი იყო, რომელიც ტრადიციული საქორწილო ფატის ნაცვლად ეკეთა. ხელში კი თეთრი კალების თაიგული ეჭირა.
დამიანომ კი ღია ფერის ორბორტიანი კოსტიუმი აირჩია. პერანგის ნაცვლად მას ღია დეკოლტე და აბრეშუმის შარფი ჰქონდა, რაც მისთვის დამახასიათებელ თავისუფალ და მოდურ სტილს კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.

დამიანო და დოვი ერთმანეთს 2023 წელს შეხვდნენ, თუმცა მათი ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ მოგვიანებით შეიტყო. წყვილმა რომანი საჯაროდ 2023 წელს დაადასტურა, ხოლო 2024 წელს ერთად პირველად გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე.
2026 წლის დასაწყისში მათი ნიშნობის შესახებ გახდა ცნობილი. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე კი წყვილმა Vogue-სთან ინტერვიუში ურთიერთობაზე, იტალიაში ცხოვრებასა და ერთმანეთის გვერდით ყოფნაზე ისაუბრა. დოვმა აღნიშნა, რომ იტალიური ენის სწავლასაც ცდილობს და განსაკუთრებით უყვარს დამიანოს სამშობლოში დროის გატარება.
დამიანო დავიდი საერთაშორისო პოპულარობას Måneskin-ის ფრონტმენის რანგში მიაღწია. ჯგუფმა 2021 წელს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი მოიგო, რის შემდეგაც მუსიკოსები, მათ შორის დამიანო, მსოფლიო სცენის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იტალიელ არტისტებად იქცნენ. მოგვიანებით მან სოლო კარიერაც დაიწყო.

დოვ კამერონი კი მსახიობის კარიერის პარალელურად მუსიკალურ საქმიანობასაც აგრძელებს. ის განსაკუთრებით პოპულარული Disney Channel-ის პროექტებით გახდა ცნობილი, თუმცა ბოლო წლებში საკუთარი მუსიკალური კარიერის განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს.
წყვილმა ქორწილის შემდეგ დღესასწაულის გაგრძელება ტოსკანურ კერძო სივრცეში დაგეგმა, სადაც სტუმრებისთვის დახურული მიღება გაიმართა. ქორწილის დეტალების დიდი ნაწილი წყვილმა კონფიდენციალურად დატოვა, თუმცა პირველი კადრები უკვე გავრცელდა და მათი ტოსკანური ცერემონია სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება.