„ძალიან დაბნეული ვიყავი - 38 წლის ასაკში გავხდი დედა... ეს იყო ჩემი სამთვიანი ტანჯვა“ - ნანუკა გულუა ლაქტაციის სირთულეებსა და პირად გამოცდილებაზე - Marao

„ძალიან დაბნეული ვიყავი - 38 წლის ასაკში გავხდი დედა... ეს იყო ჩემი სამთვიანი ტანჯვა“ - ნანუკა გულუა ლაქტაციის სირთულეებსა და პირად გამოცდილებაზე

2026-09-28 13:29:56+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა თამარ ობგაიძის გადაცემას KIDOC სტუმრობდა, სადაც პირველი და მეორე შვილის გაჩენისას ლაქტაციასთან დაკავშირებულ ემოციურ და ფიზიკურ სირთულეებზე გულახდილად ისაუბრა.

nanuka-gulua

ნანუკა გულუა ლაქტაციის რთულ პერიოდზე

- პირველი ბავშვი როცა გავაჩინე, მეგონა, ყველა საკითხში ინფორმირებული ვიყავი, რადგან ინფორმაცია მარტივად მოიპოვება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა. პირველი ძუძუთი კვება ძალიან გამიჭირდა და როცა ვიხსენებ, ყველაზე დიდი სირთულე რა იყო, სწორედ ეს მახსენდება. თავიდან ბოლომდე მქონდა გააზრებული და ჩემი ემოციურობიდან გამომდინარე გადაჭარბებული წარმოდგენა მქონდა, რომ მე აუცილებლად უნდა ვკვებო ძუძუთი, თუმცა, როდესაც ამას ვერ ახერხებ, ძალიან რთული და მტკივნეულია.

მოხდა ისე, რომ არ მაქვს გამოკვეთილი ძუძუს თავი, რაც ხშირ შემთხვევაში ართულებს ძუძუთი კვებას. თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი - 38 წლის ასაკში გავხდი დედა. ბავშვის ოდნავ წამოტირებაც კი ისე მსტრესავდა, რომ ვიბნეოდი და საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი. მის ტირილზე სწორად ვერ ვაჭმევდი, შემდეგ მე ვისტრესებოდი და ამ ტანჯვაში გავატარე სამი თვე. ბოლოს უკვე ვიწველიდი და ისე ვაჭმევდი, თუმცა ეს ძალიან რთულია, რადგან სჭირდება რეჟიმი, დრო, უნდა გაყინო, გაალღო... მე კი ამისთვის, პირველ რიგში, შესაბამისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ მქონდა. შესაბამისად, სამ თვეში ნელ-ნელა იკლო რძემ და სრულად გადავედი ხელოვნურ კვებაზე, რაც კიდევ უფრო მსტრესავდა.

სანამ დავოჯახდებოდი, ცოტა ხნით ადრე მიგვყავდა გადაცემა „ქალები“, სადაც ერთ-ერთ გადაცემაში ლაქტაციის პროცესზე ვიხუმრე. მაშინ ჩემთვის ლაქტაციის პროცესი აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ამას მოჰყვა საზოგადოების გამოხმაურება - გავანაწყენე ლაქტაციაზე მყოფი მშობლები, რადგან ბოლომდე გააზრებული არ მქონდა, რა მტკივნეულ და რთულ საკითხს შევეხე. იმ გზაზე, რომელიც მე გავიარე - ამ სამთვიანი ტანჯვისას - სულ ვფიქრობდი, რომ ეს იყო კარმა და ეს ხუმრობა უკან დამიბრუნდა.

მეორე ბავშვიც მალევე გავაჩინე საკეისრო კვეთით, შესაბამისად, ოდნავ უფრო მომზადებული ვიყავი ამ ყველაფრისთვის. ძუძუთი კვება გამორიცხული იყო, რადგან ამ გზას მეორედ ვერ გავივლიდი. ყველაფერი მზად მქონდა, ბავშვი გულმკერდზე დამაწვინეს და ხელი მოვაწერე, რომ ლაქტაციას ვერ შევძლებდი. სანამ ექიმები წავიდნენ და საკვები მოიტანეს, უცებ მესმის ყლაპვის ხმა - ბავშვი ამ დროს ჭამდა ისე, რომ რძე გადმოსდიოდა. ეს ყველაფერი მოხდა თავისთავად.