რუსუდან ჩხაიძე ქართული მუსიკალური სამყაროს გამორჩეული წარმომადგენელი იყო. იგი არა მხოლოდ ნიჭიერი კომპოზიტორი, არამედ გამორჩეული დედაც გახლდათ, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა თავისი შვილების მუსიკალურ და პიროვნულ ჩამოყალიბებაში.
ანრი ჯოხაძემ გარდაცვლილ დედას დაბადების დღე ემოციური წერილით მიულოცა. დედის წასვლა მომღერლისთვის უდიდესი დანაკლისი აღმოჩნდა.
"დღეს პირველი დაბადების დღეა უშენოდ…დღეს პირველად არ მინდა ოთახიდან გასვლა, რადგან ვიცი, ვერცერთ ოთახში გიპოვი, რომ ჩაგეხუტო და გითხრა: დე, გილოცავ…მენატრები უსასრულოდ" - წერს ანრი.

ანრი ჯოხაძე მომღერლის, კომპოზიტორისა და შოუმენის ამპლუაში არაერთხელ გამოჩენილა ქართველი აუდიტორიის წინაშე. მან მსმენელს თავი ბავშვობიდან გააცნო. ანრი ჯოხაძემ პირველად მონაწილეობა 1998 წელს მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსში მიიღო, რომელიც უკრაინაში ჩატარდა. კარიერის მანძილზე მას არაერთი ჯილდო და გრან-პრი აქვს მიღებული. 2004 წელს ჯოხაძემ ჩინეთსა და რუმინეთში ჩატარებულ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ მე-2 ადგილზე გავიდა. წარმატებას მიაღწია უკრაინულ ფესტივალებში „მორე დრუზეი იალტა –კიევი ტრანზიტი“, 2012 წელს კი საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე წარადგინა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძეც. როგორც ანრი აღნიშნავს, მისი კარიერის შექმნასა და წარმატებაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის.
მამა წლების გამავლობაში ციხეში იჯდა. მომღერლის თქმით, მამა მაშინ დააკავეს, როცა თავად 1 წლის იყო. დედა სამი მცირეწლოვანი შვილით დარჩა მარტო. ანრის თქმით, მამას სახელმწიფო ქონების მიტაცება ედებოდა ბრალად და თავიდან დახვრეტაც კი იყო გათვალისწინებული, თუმცა საბოლოოდ 15 წელი მიუსაჯეს, საიდანაც 8 წელი საპატიმროში გაატარა და სწორედ იქ გაიცნეს მამა ბავშვებმა.
„ჩემი და ჩემი და-ძმის ამღერება მამის პატიმრობას უკავშირდება. როდესაც მამა დაიჭირეს, მას უმძიმესი სასჯელი, დახვრეტა ემუქრებოდა. შემდეგ ეს განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, რადგან მამას 5 შვილი დარჩა. მე ეს ამბავი წლების შემდეგ გავიგე.
დედამ მას წერილი გაუგზავნა და პირობა მისცა: „შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ, სანამ პირადად გავიცნობდით.
შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მამას ამნისტია შეეხო და 1988 წელს გამოვიდა ციხიდან. გავიხსენებ გაცნობის მომენტს. მივედით საპატიმროში და იქ ყველა პატიმარი შავებში იყო ჩაცმული. ისინი ცოლ-შვილს ელოდებოდნენ და ერთ-ერთი იყო მამაც.
როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ჩვენ ეს დავინახეთ, საშინელი პროტესტი გვქონდა. ვეცით კალთაზე და დავიწყეთ გამოქაჩვა, წასვლა გვინდოდა. შემდეგ უკვე გავაცნობიერეთ, რომ ის მამაჩვენი იყო. დედამ ამაში დიდი როლი ითამაშა. მამა გარდაიცვალა უკურნებელი სენით. მაშინ ჯერ მხოლოდ 16 წლის ვიყავი”, – ამბობდა ანრი ჯოხაძე.