„38 წელი ერთად... მადლობა ყველაფრისთვის“ - ნათია ბანძელაძის წერილი მეუღლეს - Marao

„38 წელი ერთად... მადლობა ყველაფრისთვის“ - ნათია ბანძელაძის წერილი მეუღლეს

2026-09-29 11:56:18+04:00

ნათია ბანძელაძემ სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეს, ყველასათვის საყვარელ „გოგიჩას“, გიორგი გოგიჩაიშვილს გულწრფელი და ემოციური წერილი მიუძღვნა. 28 სექტემბერი მათი წყვილისთვის განსაკუთრებული თარიღია - სწორედ ამ დღეს დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია.

"დღეს 28 სექტემბერია, 38 წელი ჩვენ ორის „ერთად“ ქცეული დიდი ისტორია... 1988 წელი, 28 სექტემბერი... არცერთმა არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა, მე 18-ის, შენ 20-ის, ახლა წარმოუდგენელიც კი მგონია... არადა რამდენი შევძელით ერთმანეთისთვის... მე ახლაც ვითვლი, რადგან არსად გამიშვიხარ, არც შენ და ამას იმდენჯერ მაგრძნობინებ ხოლმე ჩემს გარშემო არსაიდან გაჩენილი კეთილი ადამიანებით, რამდენი შეგიძლია, მაოცებ, გიო! რამდენია 38 წელი... უამრავი ერთად გათენებული დილა, სიცილი, გამარჯვებები, ჩვენი ადამიანები, სახლი, შვილები, შვილიშვილები... დიახ, მე ისევ ასე ვითვლი „ერთად“ ქცეულ ისტორიას...

ათასობით პატარა და დიდი მოგონება, რომელსაც ეს წლები იტევს.

იმ 28 სექტემბერს არცერთმა არ ვიცოდით, სადამდე მიგვიყვანდა ეს ერთი პატარა დასაწყისი... არცერთს არ დაგვიშვია, რომ ეს ბრძოლა გვექნებოდა გადასატანი, რომ არასაიდან მოსული, უსულო ბოროტება გამოგვგლეჯდა ერთმანეთს ასე... მაგრამ მე მაინც ვითვლი, გეფერები, მეცინება კიდეც ჩვენს სისულელეებზე, მაგრამ ყველაზე ფერადსა და ბედნიერზე... იცი, მე და შენი ენა მე, აივიმ და ავამ ვიცით... ვიცი, ვიცი, რომ იცი და გესმის... მიყვარხარ, სადაც არ უნდა იყო... ხომ გახსოვს, არასდროს დამირეკავს და არც არასდროს მიკითხავს „სად ხარ...“ არც ახლა გეკითხები, რადგან აქ ხარ, გულში და არა მარტო ჩემში... 28 სექტემბერია, ამ დღით დავიწყეთ...

მადლობა ყველაფრისთვის!" - წერს ნათია.

gogicha

gogicha

გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე

გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძეს 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი, ნანუკა და ნინი ჰყავს. ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა "ვიცე-მის საქართველო 2015"-ის, ნინი კი "მის-საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელია.

  • ნათია ბანძელაძის დაუვიწყარი წუთები შვილიშვილებთან 

გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.

„სხვა განზომილებაში, სხვა ათვლაში, სხვა სიშორით და უფრო მეტი ერთად ყოფნით, უკვე 5 წელი ვართ. აქაც მასწავლი, როგორი ვიყო, როგორ არ დაგკარგო და როგორ გიგრძნო, როცა მჭირდები და მენატრები, როცა ძალიან მტკივა და ვიკარგები! საოცარი ბიჭი ხარ, იქიდანაც კი საოცარი … მაგრამ არ მომწონს ეს ჩვენი ახალი თამაში, უფერო, უხმო, ცივი. მადლობა იმ სიფერადისთვის, რაც მაჩუქე და ერთად მარადისობად ვაქციეთ…

უკვე ბევრი ვართ მე, ნანუკა, ნინი, აივი, ავა. და შენც სხვა ხარ უკვე, გოგიჩა ბაბუ, რომელიც სხვაგან, მაგრამ ჩვენთან ხარ... მიყვარხარ… მენატრება ჩვენი ამბები…“, – წერდა ნათია ბანძელაძე.