ტელეწამყვანი ანი გიუნტერი „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპზე, დის გარდაცვალებასა და ოჯახურ ტრაგედიაზე გულახდილად საუბრობს. როგორც წამყვანი აღნიშნავს, ეს მისი პირველი ინტერვიუა ამ უმძიმესი ამბების შემდეგ, რადგან განცდილზე საუბარი აქამდე უბრალოდ შეუძლებელი იყო.
ანი გიუნტერის თქმით, ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი დების ურთიერთობა. დის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მასზე ზრუნვა და მზრუნველობა წლების განმავლობაში სრულად საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული.
ეს მართლაც პირველი ინტერვიუა ამ ამბების შემდეგ. რომ წარმოვიდგენდი, თუნდაც ვიღაცისთვის გამეზიარებინა ეს ყველაფერი, ეგეც კი მიჭირდა - მართლა ძალიან მიჭირდა.
ეს არ იყო ჩვეულებრივი ორი დის ამბავი. სამწუხაროდ, იმ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რომელიც ჩემს დას შეექმნა, მასზე ზრუნვა და მზრუნველობა მე მიწევდა. ეს იყო უმძიმესი პერიოდი - არა მხოლოდ ბოლო ხანებს ვგულისხმობ, არამედ უკანასკნელ 10-15 წელიწადს. იგი ძალიან ხშირად ვარდებოდა კომაში და მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. რამდენჯერაც რეანიმაციაში აღმოჩნდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, იმდენჯერ გარდავიცვალე მეც.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: იმ დროს, როდესაც ის კომაში იყო, მე პირადად ქმედითუნარიანი არ ვიყავი. რა სამსახურზე ან რა წინსვლასა და წარმატებაზე იყო ლაპარაკი? ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ შენი შესაძლებლობების პატრონი ადამიანი გაცილებით მაღალ საფეხურზე უნდა იყო, მაგრამ როდესაც შენი თანმდევია ისეთი ძლიერი სტრესი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მუდამ ფონად გასდევდა ყველაფერს, ახლაც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ყურადღება სხვა რამისთვის მიმექცია, როდესაც შენი სისხლი და ხორცი, შენი და, ფაქტობრივად, სიკვდილის ზღვარზეა.
ამას ემატება ჩემი დისშვილიც, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ჩემი დისთვის ურთულესი იყო ამ ბავშვის მოვლა, რის გამოც მასზე ზრუნვაც ჩემს თავზე ავიღე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემი და კლინიკაში მკურნალობდა. ბავშვის მამაც ჩაწოლილია - ისიც შშმ პირია, ფიზიკურად ლაპარაკსაც ვერ ახერხებს და, ბუნებრივია, საკუთარი შვილების მოვლა-პატრონობა არ შეუძლია.
მეორე დისშვილზეც აღებული მაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა. ღრმად არ ჩავალ, რადგან არ ვთვლი, რომ საკუთარი დისშვილების მფარველობა რამე განსაკუთრებული გმირობაა - ეს უბრალოდ ადამიანური ვალდებულებაა. სამწუხაროდ, მასაც დაუდგინდა დიაგნოზი - რამდენიმე დღის წინ კი არა. ვამბობდი, რომ ვერსად შევძლებდი მუშაობას, მაგრამ სწორედ ამ შენობაში მოვედი ექიმისგან, რომელმაც ჩემს დისშვილთან დაკავშირებით არათუ დამაიმედებელი პროგნოზი მითხრა. მასაც კონკრეტული პრობლემები აღმოაჩნდა და მკურნალობა მოუწევს.
რეალურად, ყველა პრობლემა, რაც ჩემს დას შეექმნა, ბავშვის გაჩენას უკავშირდება, რადგან ექიმმა მას ორსულობა და მშობიარობა კატეგორიულად აუკრძალა. ბავშვი ახლა 18 წლისაა, სრულწლოვანია. კონკრეტულად რა სახის პრობლემაა, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა მჯერა, რომ თანამედროვე ექიმების დახმარებით ესეც მოგვარდება.
ფაქტობრივად, 99%-ით რისკ-ფაქტორის ქვეშ ვიყავით. ექიმებმა თავიდანვე გააფრთხილეს ჩემი და, რომ ეს დაავადება გაუმეორდებოდა, თუმცა, ამ გაფრთხილების მიუხედავად, მან უარი თქვა ორსულობის შეწყვეტაზე.
ეს ბავშვი ამ 18 წლის განმავლობაში ჩემთვის ბედნიერების სიმბოლო იყო, რადგან მჯეროდა, რომ ღმერთი არ გაწირავდა ჩემს დას, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ის მართლაც 13-ჯერ გადაურჩა სიკვდილს - 13-ჯერ იყო კომატოზურ მდგომარეობაში, ჩათვალეს, რომ მოკვდა და შემდეგ გაცოცხლდა. იგივე განვიცადე მეც. სამწუხაროდ, ბოლოს ასე არ მოხდა და ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა, რაც ორივე შვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ბავშვი ისეთ სტრესში ჩავარდა, რომ მას დამატებითი მკურნალობა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
ვინ მეხმარება? პირველ რიგში - ჩემი თავი. ჩემს თავამდე კი - ის ძალა, რომელმაც ამ სამყაროში მომიყვანა, ღმერთი. ხანდახან რომ დავფიქრდები, წარმოუდგენელია, ადამიანმა გაუძლოს იმ ტკივილს, განსაცდელსა და გზას, რაც მე გამოვიარე. არავის ვედრები, ღმერთმა არავის გააჭირვოს და არ განაცდევინოს ის, რაც მე განვიცადე, მაგრამ სხვა პასუხი არ მაქვს. შემეძლო დიდხანს მესაუბრა იმაზე, თუ როგორ ვპოულობ ჩემს თავში ძალას და როგორ ვამხნევებ საკუთარ თავს ყოველდღე...
როდესაც ჩემი დისშვილისთვის პამპერსს ვყიდულობდი და აფთიაქს ვუახლოვდებოდი, სწორედ მაშინ დამირეკეს და ეს ამბავი შემატყობინეს. პირველი, რაც გავაკეთე - აფთიაქში შევვარდი და ყველა წამალი მოვითხოვე, რაც კი არსებობდა, რომ არ მეყვირა, არ მეკივლა, ძირს არ დავცემულიყავი და შუა ქუჩაში ისტერიკა არ მომეწყო... არც ვიცი, როგორ ვმეტყველებდი.
ხშირად მიფიქრია... მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ჩვენს უფროს მეგობარს ვკითხე: „ხომ გადაივლის, ხომ გადაგვავიწყდება და სხვანაირად დარჩება ეს ყველაფერი ჩვენს მეხსიერებაში?“ ისიც კი გავბედე და ვკითხე: „ხომ დამავიწყდება?“ მან კი მიპასუხა: „არა, ეს არასოდეს დაგავიწყდება. არის რაღაცები, რაც არასდროს ავიწყდება ადამიანს და რაზეც ვერასდროს იტყვი, რომ არა უშავს. ასეთი რამ ჩვენს ცხოვრებაში ერთადერთია - სიკვდილი.“
რაც შეეხება საქმეს: რაც უნდა მოტივირებული ვიყო და რაც უნდა დადებით კონტექსტში ვლაპარაკობდე, ეს დარდი მაინც ფონად გასდევს ყველაფერს და კიდევ დიდხანს გამომყვება. ამ თემაზე ინტერვიუებშიც არ ვსაუბრობ, რადგან ძალიან მიჭირს. მივხვდი, რომ გაუბრალოება 10 წლის შემდეგაც გამიჭირდება, 20 წლის შემდეგაც - ეს ისეთი თემაა, რომელიც არ გადის. შენ უბრალოდ სწავლობ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.
ახლა ახალი ეტაპია - კარგად მივიწყებული ძველი. პაუზა, რომელიც „რუსთავი 2“-ს მაშორებდა, თითქმის ორი წელი გაგრძელდა, მაგრამ ღირდა ეს ლოდინი, რადგან ისევ შევხვდით ერთმანეთს და ყველაფერს ახალი ფურცლიდან ვიწყებთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განწყობა მაქვს.
სრულიად უჩვეულო ამპლუაში ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივ გუნდთან - „კურიერი PS“-თან მიწევს მუშაობა. მათ მართლაც ისე მიმიღეს, როგორც ოჯახში იღებენ ხოლმე ადამიანს. ტელევიზია ისედაც ერთი დიდი ოჯახია, რადგან წარმოუდგენელია აქ იმუშაო და ეს ადგილი თავდავიწყებით არ გიყვარდეს. აქ არ არის ნორმირებული გრაფიკი და კონკრეტული დროები, ეს ყველაფერი უკავშირდება თავგანწირვასა და სიყვარულს. ამ დიდ ოჯახში კიდევ ცალკე არაჩვეულებრივ გუნდში მოვხვდი, სადაც ყველა ცდილობს, შრომა შემიმსუბუქოს. ახლა რეპორტაჟების მომზადება მიწევს, რაც ჩემთვის უცხო და ახალი სპეციფიკაა.
თავიდან ძალიან ვღელავდი, არ დაგიმალავთ, მაგრამ ახლა იმდენად მასულდგმულებენ და სტიმულს მაძლევენ ჩემი რესპონდენტები და მაყურებელი, რომელიც ამ ემოციებს არ მალავს... ჩვენი ხაზი ადამიანური ისტორიები და ამბებია - ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება, რომელიც უმეტესად რეგიონებს მოიცავს, თუმცა არა მხოლოდ. ასე რომ, თუ ვინმეს გაქვთ მოსაყოლი საინტერესო ისტორია, არ მოგერიდოთ - ჩვენ მას აუცილებლად გადავიღებთ და ფართო აუდიტორიას გავაცნობთ.