წარმოიდგინეთ, რომ ერთი დღით კერი ბრედშოუს სხეულში აღმოჩნდით - მისი საკულტო ფეხსაცმელებით, ოდნავ ქაოსური ფიქრებით, მუდმივი სასიყვარულო დრამებით, გადაუდებელი პრობლემებითა და აუცილებლად ფინჯანი ყავით ხელში. საინტერესოა, არა? სხვის „კანში“ შეძრომა და სხვისი ცხოვრების რიტმით ცხოვრება - თუნდაც მხოლოდ ჩვენს ფიქრებსა და წარმოსახვაში - ახალი თავგადასავლებისკენ, ძლიერი ემოციებისა და მოულოდნელი გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს.
ზუსტად ამ შინაგანი ძიებისა და შთაგონებისთვის არსებობს ლიტერატურა, რომელიც ყოველდღიურ რუტინას ახალ ფერებს მატებს. ჩვენი ფიქრები, წარმოსახვა, იქნებ ოცნებებიც კი ხშირად ცოცხლდება წიგნის ფურცლებში და რას იტყვით, თუ ამ მოგზაურობას ჩვენ კიდევ უფრო საინტერესოს გავხდით?
იპოვეთ თვენი საყვარელი სერიალის პერსონაჟი, თქვენი საკულტო ქალი და ნახავთ, რომელ წიგნს გირჩევდათ ის:
თუკი სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მთავარმა კოლუმნისტმა კერი ბრედშოუმ უნდა გირჩიოს წიგნი, ეს აუცილებლად იქნება ელიზაბეთ გილბერტის ცნობილი ბესტსელერი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“. კერი, როგორც სიყვარულის, ურთიერთობებისა და საკუთარი ხმის მუდმივ ძიებაში მყოფი ნიუ-იორკელი, შესანიშნავად უგებს იმ განცდებს, როდესაც გულგატეხილი ქალი ცდილობს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით ხელახლა იპოვოს საკუთარი იდენტობა, გემოვნება და სულიერი სიმშვიდე. ეს წიგნი მკითხველს ახსენებს, რომ საკუთარი თავის სიყვარული ნებისმიერი დიდი თავგადასავლის დასაწყისია.

მანჰეტენის ელიტის, გლამურის, წვეულებებისა და იმავდროულად შინაგანი სიცარიელის დედოფალი სერიალიდან „ჭორიკანა“, სერენა ვან დერ ვუდსენი, მკითხველს ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის უკვდავ კლასიკას „დიდი გეთსბი“ შესთავაზებდა. ეს ნაწარმოები ზუსტად ასახავს მაღალი საზოგადოების ბრწყინვალებას, ბრჭყვიალა ილუზიებსა და ტრაგიკულ სიყვარულს, რომლებსაც თავად სერენა ხშირად ეჯახება თავის ყოველდღიურობაში. სერენას არჩევანი გვაფიქრებინებს იმაზე, თუ რა იმალება გარეგნული ბრწყინვალების მიღმა და რამდენად მყიფეა რეალობა.

მოდის იმპერიის შეუვალი და ამბიციური ლიდერი ფილმიდან „ეშმაკი ატარებს პრადას“, მირანდა პრინსლი, გვერდს აუვლიდა მსუბუქ რომანტიკულ პროზას და შემოგთავაზებდა ნიკოლო მაკიაველის „მთავარს“. ეს არის ძალაუფლების, სტრატეგიისა და მართვის უმკაცრესი სახელმძღვანელო, რომელიც იდეალურად ერწყმის მირანდას პროფესიულ ფილოსოფიას. მისი აზრით, ემოციები ბიზნესსა და წარმატებას ხელს უშლის, ხოლო სტრატეგიული აზროვნება ნებისმიერი მწვერვალის დასაპყრობად აუცილებელი პირობაა.

ქალი, რომელმაც ვარდისფერი კოსტიუმითა და წარმოუდგენელი თავდაჯერებულობით სტერეოტიპები ძირფესვიანად დაამსხვრია, ფილმიდან „ქერათმიანი კანონმდებელი“ ცნობილი ელ ვუდსი, გირჩევდა მიშელ ობამას ავტობიოგრაფიას „Becoming: ჩემი ისტორია“. ეს წიგნი წარმოადგენს ძლიერ მანიფესტს ქალურ ძალაზე, შეუპოვრობასა და იმაზე, თუ როგორ არასდროს არ უნდა დაკარგო საკუთარი ავთენტურობა წარმატებისკენ მიმავალ რთულ გზაზე. ელის მსგავსად, მიშელ ობამაც ამტკიცებს, რომ გროტესკული სტერეოტიპების დამსხვრევა საკუთარი უნიკალური ხმის პოვნით იწყება.

კიდევ ერთი გამორჩეული გმირი სერიალიდან „ჭორიკანა“, ბლერ უოლდორფი, გამოირჩევა დრამის სიყვარულით, მაღალი არისტოკრატიული სტანდარტებით, რთული ვნებისა და ძალაუფლების დინამიკითა და ლიტერატურული სიღრმის ძიებით. ბლერი უყოყმანოდ გირჩევდა ლევ ტოლსტოის „ანა კარენინას“, სადაც დიდი სიყვარული, მკაცრი საზოგადოებრივი წესები და პიროვნული მტკივნეული არჩევანი ერთმანეთს ეჯახება. ეს ლიტერატურული შედევრი ბლერის ესთეტიკურ სამყაროსა და ცხოვრებისეულ დრამატიზმს სრულყოფილად ეხმიანება.
