58 წლის კანადელი მომღერალი პარიზის დასავლეთ გარეუბანში, ნანტერში მდებარე Plenitude Arena-ზე მღეროდა, როდესაც ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს, 1998 წლის სიმღერის „Dans un autre monde“ შესრულებისას სცენაზე ფეხი აუცურდა. კონცერტის ვიდეომასალაში ჩანს, რომ დიონს შარვალი მოჰყვა, რის გამოც სცენაზე წაიქცა. თუმცა, სერიოზული დაზიანებები არ მიუღია - ის სულ რამდენიმე წამში წამოდგა და სიმღერა ჩვეულებრივ განაგრძო.

მოგვიანებით, შავი კაბის ჩაცმის შემდეგ, მან თავისი 1995 წლის კლასიკური ჰიტი „Pour que tu m’aimes encore“ იმღერა, რა დროსაც აუდიტორიას ჩურჩულით უთხრა, რომ ტექსტი დაავიწყდა, რის საპასუხოდაც დარბაზმა სიმღერა მასთან ერთად განაგრძო.
მსმენელის მხარდაჭერამ მომღერალი ძალიან ააღელვა, მან ბოდიში მოიხადა და მადლობა გადაუხადა მათ. „მადლობა ღმერთს, რომ აქ ხართ“, - თქვა მან. „ამან გული ამიჩუყა. ეს ისე ღრმად შემეხო“.
ბალადების დედოფალი ამჟამად Plenitude Arena-ზე ხუთკვირიან კონცერტების სერიას მართავს, რაც მის ცოცხალ მუსიკასთან დაბრუნებას უკავშირდება. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც 2022 წლის დეკემბერში მან საზოგადოებას აცნობა, რომ ნევროლოგიური დარღვევა, ე.წ. „გამყარებული ადამიანის სინდრომი“ ჰქონდა, რომელიც კუნთებზე მოქმედებს. არენაზე კიდევ ერთი კონცერტი 2027 წლის მაისისთვისაა დაგეგმილი.
2024 წლის ჟურნალ PEOPLE-ის ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემებთან შეგუება უჭირდა. „არ მინდოდა გაჩერება“, - ამბობდა ის. „მინდოდა სცენაზე დარჩენა. გონივრულის ნაცვლად, მამაცად ყოფნა ვარჩიე. ეს შეცდომა იყო“.

12 სექტემბრის შოუს დროს, გახსნაზე - 1998 წლის სიმღერაზე „On ne change pas“ - ის სიხარულისგან ატირდა და გულშემატკივრებს მიმართა სცენაზე დაბრუნების დაპირებასთან დაკავშირებით.
„დღეს საღამოს აქ მრავალი ადამიანი ხართ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“, - მიმართა მან დამსწრეებს. „ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. თუ პარიზში პირველად ხართ, იმედია, ისევე შეგიყვარდებათ, როგორც მე შემიყვარდა. საოცარია, რომ ყველა ერთად ვართ. მე პირობა დავდე. პირობა დავდე, რომ დავბრუნდებოდი, სცენაზე დავბრუნდებოდი. აი, მეც აქ ვარ, ვმღერი თქვენთვის და ვმღერი ჩემთვის, ვმღერი სიცოცხლეს! დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მოთმინებისთვის და თუ უფლებას მომცემთ: მე ვარ ის, რაც ვარ, რადგან თქვენ გიყვარვართ“.
კონცერტების სერიის დაწყებამდე გამოქვეყნებულ Harper’s Bazaar-ის ინტერვიუში დიონმა აღნიშნა, რომ ეს შოუები მისი მხრიდან ფანებისადმი მადლიერების გამოხატვა იყო. „ამდენი დრო გავიდა, მინდა მათ რაღაც შევთავაზო, რომ დავანახო, როგორ მომენატრნენ.ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ დღე ვგრძნობდი თქვენს ლოცვასა და მხარდაჭერას, სიკეთესა და სიყვარულს. თქვენ დამეხმარეთ ისეთი ფორმით, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ, და მართლაც ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერა მაქვს“.
