კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს - ირაკლი გაგნიძე 44 წლის გახდებოდა - Marao

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს - ირაკლი გაგნიძე 44 წლის გახდებოდა

2026-10-09 14:01:54+04:00

არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელებიც მყარად უკავშირდება მთელი ინდუსტრიის განვითარებასა და ეპოქალურ ცვლილებებს. ისინი დროს არ  ემორჩილებიან, არ მიდიან - უბრალოდ, გადაინაცვლებენ   იმ დიდ, უხმო და მარადიულ სინათლეში, საიდანაც ოდესღაც ჩვენთან მოვიდნენ. 

დღეს „ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გაგნიძე, 44 წლის გახდებოდა. 44 წელი პროფესიული სიმწიფის, მასშტაბური იდეებისა და ახალი მწვერვალების დაპყრობის ხანაა - ირაკლიმ კი მოასწრო ის, რაც ცოტამ თუ შეძლო: მან სრულიად შეცვალა ქართული საგამომცემლო ბაზარი და თანამედროვე საქართველოში წიგნიერების გავრცელების ახალი ისტორია დაწერა.

როდესაც ირაკლი გაგნიძის კარიერულ გზასა და „ბიბლუსის“ ისტორიას თვალს ვადევნებთ, ვხედავთ, თუ როგორ აქცია მან ენთუზიაზმით დაწყებული იდეა ქვეყნის უმსხვილეს კულტურულ-საგანმანათლებლო ქსელად. 

იმ იდეით, რომ წიგნი ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

 როდესაც ირაკლი გაგნიძემ კომპანიის მართვა ჩაიბარა, წიგნის ბაზარი უმძიმეს გამოწვევებს ებრძოდა: წიგნის მაღაზიები იხურებოდა, ხოლო ტექნოლოგიურმა ეპოქამ ბეჭდური სიტყვის მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. სწორედ ამ დროს გაჟღერდა მისი მთავარი ხედვა - „ბიბლუსი“ არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ მაღაზია, სადაც წიგნი იყიდებოდა, ის უნდა ქცეულიყო ცოდნისა და განათლების გავრცელების მთავარ კერად.

მან შეძლო შეუძლებელი - შექმნა გარემო, სადაც წიგნმა პრესის ჯიხურებიდან თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სივრცეებში გადაინაცვლა. ამ ნაბიჯმა გადაარჩინა და სრულიად ახალი სული შთაბერა მთელ სექტორს:

 გამომცემლობებს გაუჩნდათ მყარი საყრდენი, გაიზარდა ტირაჟები, ხოლო ავტორებსა და მთარგმნელებს განვითარების უპრეცედენტო შესაძლებლობები მიეცათ.

ირაკლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი წიგნის რეგიონებში შეტანა იყო. მან შექმნა ერთიანი სივრცის განცდა მთელი საქართველოსთვის - დღეს „ბიბლუსი“ 78-ზე მეტი ფილიალითა და 300 000-ზე მეტი ლოიალური მომხმარებლით არის წარმოდგენილი.

როგორც ირაკლი გაგნიძე აღნიშნავდა, წლების განმავლობაში ქართველმა მკითხველმა დიდი პროგრესი განიცადა, თუ ადრე წიგნს ვიზუალით ირჩევდნენ, დღეს მომხმარებელი შინაარსს, თემატიკასა და იდეას ანიჭებს უპირატესობას.

ირაკლი გაგნიძე გამოირჩეოდა განსაკუთრებული მენეჯერული ხედვითა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით. მისი წარმატების ფორმულა დეტალებისადმი ყურადღებასა და ადამიანურ ღირებულებებში იმალებოდა:

მან  დანერგა თანამედროვე პროგრამები და ანალიტიკური სისტემები, რამაც კომპანიას სწრაფი და ეფექტური განვითარების საშუალება მისცა.

„ბიბლუსის“ საწყის ეტაპზე არ არსებობდა მკაცრი იერარქია. ყველა ერთად იღებდა გადაწყვეტილებებს. ირაკლისთვის მთავარი კრიტერიუმი კადრების შერჩევისას პროფესიონალიზმთან ერთად ემოციური ინტელექტი და ადამიანური ღირებულებები იყო.

კომპანიაში მრავალი ხელმძღვანელი დღეს სწორედ ის ადამიანია, ვინც პირველ მაღაზიაში კონსულტანტად ან მოლარედ დაიწყო მუშაობა. ირაკლის სჯეროდა, რომ ყველა თანამშრომელი თანაბრად მნიშვნელოვანი იყო.

ის პირადად მონაწილეობდა ყველაფერში : ბრენდის ფერების შერჩევიდან დაწყებული, თაროების განლაგებით დამთავრებული.

ირაკლი გაგნიძე გასცდა ბიზნესის ჩარჩოებს. ის იყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის აქტიური წევრი და იცავდა სექტორის ინტერესებს.  განახორციელა უამრავი მასშტაბური პროექტი, მათ შორის გიორგი კეკელიძესთან ერთად დააფუძნა „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლები და ბიბლიოთეკები,  მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტებისთვისაც, წიგნებითა და კომპიუტერებით მარაგდება. ხოლო ახალი ბანას სამონასტრო კომპლექსში გახსნილი ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკა მისი ღვაწლის სამუდამო აღიარებაა.

ერთხელ ირაკლიმ თქვა: „ბიბლუსი“ ჩემ გარეშე წარმომიდგენია, მაგრამ საკუთარი თავი „ბიბლუსის“ გარეშე - არაო“. 

ის შეცდა.

„ბიბლუსი“ ვერასდროს იქნება მის გარეშე.

დღეს ირაკლი გაგნიძე 44 წლის გახდებოდა. მან დატოვა კომპანია, რომელიც თითქმის ყველა ქართულ ოჯახშია, და დატოვა საქმე, რომელმაც სრულიად საქართველოს აჩუქა წიგნის, ცოდნისა და პროგრესის დაუსრულებელი სინათლე.