"ჩვეულებრივი საცდელი ვირთხა ვიყავი" - ბარბარა სამხარაძე წონის დაკლების მძიმე გამოცდილებაზე - Marao

"ჩვეულებრივი საცდელი ვირთხა ვიყავი" - ბარბარა სამხარაძე წონის დაკლების მძიმე გამოცდილებაზე

2026-10-12 10:37:56+04:00

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ "აჭარის მაუწყებელთან" ინტერვიუში წონის დაკლებისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თავდაპირველად გასახდომად ყველაფერს სინჯავდა.  საეჭვო პროდუქტებმა მომღერალს იმუნიტეტი გაუნადგურა, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

ბარბარა სამხარაძის ინტერვიუ

"მოკლედ, თავიდან, რა თქმა უნდა, მოვსინჯე ყველაფერი, რაღაც ჩაი და მსგავსი პროდუქტები იყო. ვისაც არ ეზარებოდა და საქართველოში პროდუქტი შემოჰქონდა, ყველას, რაზეც კი ქალი იყო გამოსახული - სანტიმეტრითა და ლამაზი ფორმებით - ყველაფერს მე მიგზავნიდა. ჩვეულებრივი საცდელი ვირთხა ვიყავი მაგ მხრივ. მეც უარს ვის ვეტყოდი? როდესაც გეუბნებიან, თვეში 15 კილოს დაიკლებ და შენს თავს ვეღარ იცნობო.

ამ ჩაიმ და ამ რაღაცებმა მიმიყვანა იქამდე, რომ იმუნიტეტი დამიქვეითდა და თვალის პრობლემა - ჯიბლიბო შემექმნა. ჯერ ერთ თვალზე გამომივიდა, მერე - მეორეზე. დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ექვსჯერ მაინც მქონდა.

არადა, სულ ლოყებწითელა ბავშვი ვიყავი. ხუთ თვეში 25 კილოგრამი დავიკელი, ყველაფერს ასე მკაცრად ვიცავდი. კვებით, ყველაფერი ამოვიღე... მაგრამ შემდეგ მოხდა ჩემს ოჯახში რაღაც და სტრესის ფონზე ავკრიბე დაკლებული კილოგრამები.

 ყველა ადამიანის ორგანიზმს თავისი თავისებურება აქვს. ახლა, ვიღაც ჩემს წონაზე ბარიატრიულ ოპერაციას იკეთებს. საერთოდ ვერ მიხვდებიან, 70-75 კილო რანაირად დაიკლო და კიდევ ეგონებათ, რომ დასაკლები მაქვს. ექიმთანაც რომ მივდივარ, ვეუბნები: „კი დავიკელი, მაგრამ ისეთი ძალიან სიფრიფანა შედეგი რომ აქვთ ხოლმე, მე რატომ არ მაქვს-მეთქი?“ - ამბობს ბარბარა.

barbara-samkharadze

  • "სიახლეები პირად ცხოვრებაში, სიახლეები - კარიერაში... ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს" - ბარბარა სამხარაძის გრძელი გზა, დეპრესია და ამბავი, რომელსაც პირველად მოისმენთ 

ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძე ქართველი მომღერალი, ტელეშოუ ნიჭიერის 2016 წლის გამარჯვებულია. 2019 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.

ბარბარა სამხარაძეს არაერთხელ უსაუბრია საკუთარი ცხოვრების შესახებ. არასდროს დაუმალავს, რომ ზედმეტ წონას სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა, მათ შორის, დიეტებითაც. ცოტა ხნის წინ მან ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ახლა წონის კლების ხანგრძლივ გზას გადის. ბარბარა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებზე მეგობრებისა და გულშემატკივრების უამრავ კომპლიმენტს იღებს.

"ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ "კალოშებით" წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს იქ, სადაც გინდა. ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.

ჩემმა დამ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, მას შემდეგ ექსკურსიაზე აღარ ვყოფილვარ. არ ვითხოვდი. ერთადერთი, ეკლესიაში დავდიოდი და მხოლოდ სანთლის საყიდელი ფული მინდოდა", – ამბობდა ბარბარა სამხარაძე.

  • "მთავარია, არ დამავიწყდეს, საიდან მოვდივარ და სად მინდა წასვლა" - ბარბარა სამხარაძის ინტერვიუ შეცვლილი ცხოვრების შესახებ 

ახლა ბარბარა სამხარაძის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ის ხშირად წერდა ხოლმე, რომ ჭარბ წონას სხვადასხვა გზით ებრძოდა, ზოგჯერ დიეტით, ზოგჯერ - ვარჯიშით. ახლა კი ოპერაცია გაიკეთა: 

"ოპერაციის ამბავს ვმალავდი, მაგრამ ამ თემაზე შეკითხვებს მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა. სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს ვიღებდი ისეთს, როგორიც ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომა მქონდა. ინტერნეტსივრცეში ბევრს გაუკვირდა, - ამას საკუთარი თავი ისეთი ხომ მოსწონდა, როგორიც იყო და ოპერაცია რატომ გაიკეთაო? რადგან შენი თავის მიმღებლობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ამბობ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება ერთ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ანალიზების პასუხები რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა, შენ შეგიძლია დაიკლო წონაში, მაგრამ შემდეგში შენარჩუნებას ვერ შეძლებო. შემეძლო ოპერაციაზე უარიც მეთქვა, მაგრამ საკუთარ წარსულს რომ გადავხედე, გამახსენდა, დამიკლია 10 კილო, 15 და მეტიც, მაგრამ ერთი ჭიქა წვენის მიღებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მატება დამეწყო. რაც მთავარია, ეს მატება არ იყო 300 და 500 გრამი, კილოგრამს ვიმატებდი. მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული. რადგან ეს შანსი მომეცა, გავიფიქრე - მოდი, ამ ნაბიჯს გადავდგამ და წავალ წინ, უცნობი მომავლისკენ." - ამბობდა ბარბარა.