მსოფლიოში ცნობილი იტალიელი სუპერმოდელი ბიანკა ბალტი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად არა მოდის კვირეულის პოდიუმიდან, არამედ საკუთარი ემოციური და გულწრფელი ამბებით. ჟურნალ Marie Claire Greece-ის მთავარ რედაქტორ გალატეა ლასკარაკისთან საუბრისას მან ღიად ისაუბრა იმ მძიმე გზაზე, რომელიც საკვერცხის კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ გაიარა.
"რამდენიმე წლის წინ ვდარდობდი შესაფერისი მამაკაცის პოვნაზე, დღეს კი ჩემი საზრუნავი ცოცხლად დარჩენაა. ჩემი პირველი აზრი იყო, რომ საკვერცხეები უნდა ამოგვეღო, თითქოს ვიცოდი. ისევე, როგორც მკერდი ამოვიღე, ვიცოდი, რომ სიმამაცე უნდა მომეკრიბა საკვერცხეების ამოსაღებადაც.
ჩემი გენეტიკური მუტაციის გამო საკვერცხის კიბოს განვითარების ძალიან მაღალი რისკი მქონდა. ჩემი მეორე აზრი იყო: 'მე მოვკვდები'. ეს სიმართლეა, მათ მართლაც მაჩვენეს, რომ მეტასტაზები ყველგან იყო გავრცელებული. ასე რომ, ჩემთვის კიბოს დიაგნოზი სიკვდილის განაჩენის ტოლფასი იყო.
და მიხარია, რომ აქ ვარ იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე არ არის. სიკვდილის იმდენად არ მეშინოდა. მართალი რომ ვთქვა, როცა სიკვდილთან ასე ახლოს მივედი, სიკვდილი ისე არ მანერვიულებდა, როგორც ჩემი ქალიშვილების უდედოდ დატოვება. ეს იყო ჩემი ერთადერთი საზრუნავი. ერთადერთი საზრუნავი.
და დიახ, შემდეგ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე. აღმოვაჩინე, რომ ყველაზე რთული ნაწილი შემდეგ იწყება. იმიტომ, რომ ყველა გამოჯანმრთელებულად გთვლის: თმა ეზრდება, ქიმიოთერაპია დაამთავრა და ყველა გუბნება: "ოჰ, რა კარგია, გადარჩი!" შიგნიდან კი განადგურებული ვიყავი, რადგან თვალი უნდა გასწორებოდა რეალობისთვის - ის ნორმალური ცხოვრება, რაც მანამდე მქონდა, აღარასდროს დაბრუნდებოდა.
ვფიქრობ, ჩვენი, ქალების უდიდესი მტერი ისაა, როცა ერთმანეთს ვაჩვენებთ, თითქოს სრულყოფილები უნდა ვიყოთ, ხომ ასეა? და ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი გაკვეთილი, რაც ერთმანეთს შეგვიძლია ვასწავლოთ, არის ის, რომ ჩვენი შეცდომების მიუხედავად, მინდა უბრალოდ ვასწავლო მათ, რომ შეგვიძლია ვიყოთ არასრულყოფილი ქალები" - ამბობს ბიანკა.

ბიანკა ბალტი იტალიელი სუპერმოდელია, რომელიც 1984 წლის 19 მარტს იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში დაიბადა. ის მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ცნობილი გახდა ისეთი ბრენდების კამპანიებით, როგორებიცაა Dolce & Gabbana, Guess, L’Oréal და Roberto Cavalli. ბიანკა არაერთხელ გამოჩენილა Vogue-ის სხვადასხვა გამოცემის გარეკანზე და ითვლება იტალიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად.
ბოლო წლებში ის ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში როგორც პროფესიული საქმიანობით, ისე პირადი ცხოვრებით და სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია.

2022 წლის ბოლოს ბალტიმ გენეტიკური ტესტი გაიკეთა და აღმოაჩინა, რომ BRCA1 გენის მატარებელია - ასეთ შემთხვევაში მკერდის კიბოს დიაგნოზის დასმის შანსი 50%-ია, ხოლო საკვერცხის 30%.
"გასულ კვირას გამოკვლევა ჩავიტარე და გავიგე, რომ მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი საკვერცხის კიბოთი იყო გამოწვეული. ეს იყო შიშით, ტკივილითა და ცრემლებით სავსე კვირა, მაგრამ სიყვარულით, იმედით და ძალით სავსე ვარ.წინ გრძელი გზა მელის, მაგრამ ვიცი, რომ ამას დავამარცხებ. ჯერჯერობით კიბომ ის მასწავლა, რომ თითოეულ დაბრკოლებაში სილამაზე უნდა დავინახო", - წერდა ბიანკა "ინსტაგრამზე" და აღნიშნავდა, რომ ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.