მოდის ინდუსტრიაში მორიგი სკანდალური გაურკვევლობაა. Victoria’s Secret-ის ცნობილმა ჰოლანდიელმა მოდელმა და ყოფილმა „ანგელოზმა“, რომი სტრეიდმა, სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვა გავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში გავლილი ქასთინგის მიუხედავად, ის Victoria's Secret-ის 2026 წლის შოუზე ვერ გამოვა.
29 წლის სუპერმოდელი, რომელიც ბრენდის ჩვენებებზე 2014-დან 2018 წლამდე რეგულარულად გამოდიოდა, აცხადებს, რომ უარის სამოდელო სფეროს თანმდევი ნაწილია, თუმცა გულნატკენია იმის გამო, თუ როგორ მოექცა მას საკუთარი სააგენტო და შოუს ორგანიზატორები.

ხუთკვირიანი გაურკვევლობა და მენტალური სტრესი
რომის თქმით, ქასთინგის გავლიდან 5 კვირის განმავლობაში მას პასუხს არ ეუბნებოდნენ და გაურკვევლობაში ამყოფებდნენ. ორი შვილის დედა აღნიშნავს, რომ ჩვენებისთვის მოსამზადებლად უდიდესი ენერგია და ფსიქოლოგიური რესურსი ჩადო - იცავდა მკაცრ დიეტას, ვარჯიშობდა და გრაფიკს ოჯახურ ცხოვრებას უთავსებდა.
„უარი ჩემთვის პრობლემა არ არის - სამოდელო სფეროში უარყოფა ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ მინდოდა პირდაპირი და პატიოსანი პასუხი მიმეღო, რათა ეს თავი დავხურო და ცხოვრება გავაგრძელო,“ - ამბობს სტრეიდი.

შეუსაბამო ვერსიები
მოდელის თქმით, ჩვენებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე ქასთინგის დირექტორი პიერ ჯორჯიო სააგენტოს წერდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო. თუმცა, მოგვიანებით სააგენტომ განაცხადა, რომ რომი სინამდვილეში უკვე კარგა ხნის მოხსნილი იყო სიიდან.
ვერსიების აცდენამ და სააგენტოს მხრიდან უმოქმედობამ მოდელის უკმაყოფილება გამოიწვია:
„მთელი ეს ისტორია ერთმანეთს არ ემთხვევა. თავს უფრო ცუდად იმის გამო ვგრძნობ, რომ სააგენტოსგან მხარდაჭერასა და სიმართლეს ვერ ვხედავ, ვიდრე შოუში ვერმოხვედრის გამო.“
რომი სტრეიდმა აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო, სავარაუდოდ, მომავალში Victoria's Secret-ის ქასთინგებზე აღარასდროს გავა, რადგან არ სურს მსგავსი მოპყრობის განმეორება და ურჩევნია ბრენდთან დაკავშირებით მხოლოდ ძველი, პოზიტიური მოგონებები შეინარჩუნოს.