ფრანგი კინოვარსკვლავის, მარიონ კოტიიარის ცხოვრებაში ახლა უკიდურესად დატვირთული და საინტერესო პერიოდია. პარიზში მდებარე Pathé Palace-ში გაიმართა გიიომ კანეს ახალი ფსიქოლოგიური თრილერის, „კარმას“ (Karma) პრემიერა, რომელსაც შემოქმედებითი გუნდი და კოტიიარის ოჯახი - გიიომ კანე და მათი 15 წლის შვილი, მარსელ კანე დაესწრნენ.
როგორც ცნობილია, გიოომ კანე და მარიონ კოტიიარი პირველად ერთად ეკრანზე 2003 წლის რომანტიკულ დრამაში „შემიყვარე, თუ გაბედავ“ გამოჩნდნენ, 2007 წლიდან კი თანაცხოვრება დაიწყეს. მათ ორი შვილი, მარსელი და ლუიზი შეეძინათ. 2025 წელს კი მათ გაქორწინების შესახებ გააკეთეს განცხადება.
მშობლების გვერდით, 15 წლის მარსელ კანე ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. მისმა კადრებმა, კამერებთან პოზირებამ და ფრანგულმა შარმმა უკვე აალაპარაკა არამხოლოდ კინო- არამედ მოდის სამყაროც.
ჟურნალ Paris Match-თან ინტერვიუში მარიონ კოტიიარმა ღიად ისაუბრა შვილის, მარსელის სამსახიობო დებიუტსა და ფილმ „კარმაში“ მის მონაწილეობაზე. როგორც მსახიობმა აღნიშნა, ის ძალიან დამცველი დედაა, თუმცა პატივს სცემს შვილის არჩევანს:
„მე ძალიან დამცველი დედა ვარ. ეს განკითხვის სამყაროა და არ მინდა, ვინმემ განსაჯოს ჩემი შვილი. ეს შეიძლება ძალიან ძალადობრივი და ძალიან უსამართლო იყოს. ეს მისი არჩევანია (იყოს მსახიობი), მე პატივს ვცემ ამას. მე მხარს დავუჭერ მას ამ თავგადასავალში.“
მარიონმა ასევე გაიხსენა კანის კინოფესტივალი და გიიომ კანესთან ერთად მუშაობის დეტალები:
„გიიომი ძალიან, ძალიან კარგად მიცნობს. მას სურდა, ჩემთვის მთავარი როლი შემოეთავაზებინა. რამდენჯერმე ვითანამშრომლეთ, ყოველთვის გვიყვარდა ერთად მუშაობა და ახლაც ჰქონდა სურვილი, გადაეღო ფილმი, რომელსაც მე წავიყვანდი. ძალიან ემოციურია, როცა გყავს ვინმე, ვინც შენთვის წერს...“
წარმატებული კინოპრემიერის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი მიმდინარე წლის ნოემბერში მარაკეშის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ფესტივალი, რომელიც 20-28 ნოემბერს გაიმართება, აფასებს ახალგაზრდა რეჟისორების პირველ და მეორე სრულმეტრაჟიან ფილმებს, ხოლო ჟიური მთავარი ჯილდოს - „ოქროს ვარსკვლავის“ (Étoile d’Or) მმფლობელს გამოავლენს.
„ბედნიერება მქონდა, მარაკეშის საერთაშორისო კინოფესტივალს მისივე დასაწყისიდანვე დავსწრებოდი; იქ არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე და უამრავი გამორჩეული ადამიანი გავიცანი. რეჟისორების მხარდაჭერა მათი შემოქმედებითი გზის დასაწყისში ამ ფესტივალის ფუნდამენტური ნაწილი და მისი დნმ-ია. ჩემთვის უდიდესი სიხარულია წელს ჟიურის თავმჯდომარეობა,“ – აღნიშნა კოტიიარმა ოფიციალურ განცხადებაში.
მარიონ კოტიიარი მსოფლიო აღიარებამდე 1998 წლის ფრანგული კომედიით „ტაქსი“ (Taxi) მივიდა, ჰოლივუდური დებიუტი კი ტიმ ბურტონის „მსხვილ თევზში“ (Big Fish) ჰქონდა. მსოფლიო ტრიუმფი მას 2007 წელს ფრანგი მომღერლის, ედიტ პიაფის როლმა მოუტანა ფილმში „ჟიზელი“ (La Vie en Rose), რისთვისაც მან ისტორიული „ოსკარი“ მოიპოვა, როგორც პირველმა მსახიობმა ფრანგულენოვანი შესრულებისთვის. მეორე ნომინაცია კი 2015 წელს ძმები დარდენების ფილმისთვის „ორი დღე, ერთი ღამე“ (Two Days, One Night) მიიღო.
მისი ცნობილი საერთაშორისო ნამუშევრებიდან აღსანიშნავია კრისტოფერ ნოლანის ბლოკბასტერები „დასაწყისი“ (Inception) და „ბნელი რაინდის აღზევება“ (The Dark Knight Rises). რაც შეეხება უახლეს პროექტებს, კოტიიარი მონაწილეობს გიიომ კანეს ფილმში „კარმა“ (Karma), ქეით უინსლეტთან ერთად დრამაში „ლი“ (Lee), წარმატებულ ტელესერიალში „დილის შოუ“ (The Morning Show) და ამჟამად მუშაობს ემანუელ ბერკოს ისტორიულ დრამაზე „განრისხებულები“ (The Enraged).