„აი, კემბრიჯში ვარ! დღეიდან ვიწყებ Executive MBA პროგრამას Cambridge Judge-ის ბიზნეს სკოლაში! ძალიან გახარებული ვარ!“ - წერს სოციალურ ქსელში ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე და ფოტოებს აქვეყნებს.

ვინ არის ქეთო თოფურიძე
მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი თავად ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია - მისი მამა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობი იმედა კახიანია. ეკამ პოპულარობა ბავშვობაშივე მოიპოვა, როცა პირველად გამოჩნდა "მზიურში". მოგვიანებით კი პროფესიული ცხოვრება სწორედ მუსიკასა და სცენას დაუკავშირა.
ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ. ნიკო თოფურიძე ხარაგაულის გამგებელი იყო, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა

ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ქეთო თოფურიძე ბავშვობიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მიუხედავად ოჯახური ტრადიციისა - მისი ბაბუა, დედა და უფროსი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან - ქეთომ განსხვავებული პროფესია აირჩია და პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით გააგრძელა სწავლა. რამდენიმე წლის წინ ქეთო "ჰაივ ტექ ჰაბის" ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა. მოგვიანებით მან ცხოვრება და საქმიანობა დუბაიში, კომპანია nextproperty-ში გენერალური მენეჯერის პოზიციაზე გააგრძელა.
თავად ახალგაზრდა და წარმატებული ქეთო რამდენჯერმე ხმაურიანი განცხადების გამო კრიტიკის ობიექტადაც იქცა. მისი ცხოვრების სტილი კი ყოველთვის ინტერესის საგანია. მას სოციალურ ქსელში 50 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათ ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებს, ასევე ხშირად პასუხობს გულშემატკივრების კითხვებსაც.