ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე გადაცემა პროექციაში ეწვია, სადაც გადაცემის წამყვანთან, ზვიად სირაბიძესთან ერთად ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპებსა და დედობის ფენომენზე ისაუბრა.
გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ გარდატეხას, რომელსაც შვილის შეძენა ქალის შინაგან სამყაროსა და მსოფლმხედველობაში ახდენს. მისი თქმით, დედობა მხოლოდ სტატუსი არ არის - ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ცხოვრებას სრულიად ახალ აზრს სძენს.
„ქალისთვის ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად: შვილამდე - სანამ ღმერთი შვილს გასაზრდელად მოაბარებს, და შვილის მერე. როდესაც დედა გავხდი, ბევრ რამეს უკვე სხვანაირად დავუწყე ყურება და ბევრ რამეზე ვთქვი უარი. დიდი არ ვიყავი, თუმცა ყველაფერს სულ სხვა თვალით შევხედე, რადგან დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ქალისთვის ეს უპირველესია. ჩემთვისაც სწორედ ასე იყო: დედობამდე და დედობის შემდეგ," - ამბობს ნინო კვაჭანტირაძე.

ნინო კვაჭანტირაძე
ნინო კვაჭანტირაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორია. იგი დაიბადა 1964 წლის 19 მარტს ქობულეთში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
წლების განმავლობაში მუშაობდა სპეცკორესპონდენტად გაზეთებში („ახალგაზრდა ივერიელი“, „დილის გაზეთი“), ხელმძღვანელობდა თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს პრესსამსახურს, 2002 წლიდან კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „საკანონმდებლო მაცნეს“ მთავარი რედაქტორია.
ბოლო პერიოდში ნინო კვაჭანტირაძემ საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა ზურა შევარდნაძესთან ერთობლივი ვიდეოებით, სადაც გამომწერებს სხვადასხვა კერძის რეცეპტებსა და კულინარიულ რჩევებს უზიარებს.