"ურთიერთობაში ვარ - ძალიან კარგ ურთიერთობაში" - ბარბარა სამხარაძის ინტერვიუ პირად ურთიერთობებზე - Marao

"ურთიერთობაში ვარ - ძალიან კარგ ურთიერთობაში" - ბარბარა სამხარაძის ინტერვიუ პირად ურთიერთობებზე

2026-10-22 14:43:06+04:00

ბარბარა სამხარაძე პრიამ ტაიმს სტუმრობდა სადაც პირად ურთიერთობებზე ისაუბრა.

barbara-samkharadze

ბარბარა სამხარაძის ინტერვიუ

ურთიერთობაში ვარ - ძალიან კარგ ურთიერთობაში. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და ისეთ გარემოში ვარ, სადაც ზედმეტი რაღაცები არავინ არ უნდა იცოდეს. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენია. ოჯახს მესამე თვესვე გავაცანი.

უბრალოდ, მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ქართული კლიშეებით რომ აზროვნებდეს, არც ის არის ასეთი. დედამისთანაც იდეალური ურთიერთობა მაქვს, დედაჩემთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს და, მოკლედ, ძალიან კარგად ვართ როგორც ერთმანეთთან, ისე ერთმანეთის ოჯახებთან.

ახლა საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ, რომ მეტი რამ იყოს. ეს არის ურთიერთობა, რომლისაც არც მრცხვენია და არც ვმალავ. უბრალოდ, არის გარკვეული დეტალები, რომლებზეც არ ვსაუბრობ და ეს ის არის, რაც სხვამ არავინ არ უნდა იცოდეს.

თუ ვიღაცას აინტერესებს, ამ ინტერესს დავიკმაყოფილებ: არის ბარბარა ურთიერთობაში? არის. იცნობს იმის ოჯახს? იცნობს. ის იცნობს ბარბარასას? იცნობს. ჩემს დასთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს და, რა თქმა უნდა, ერთმანეთის სამეგობრო წრეც ძალიან კარგად ვიცით.

შარშან, რთველი რომ გვქონდა, კახეთში წავედით. ეს გაცნობის თემა იმიტომ დავაჩქარე, რომ ჩემი დაბადების დღისთვის ვენასა და ბუდაპეშტში მივდიოდით. ისე ვერ ვიზამდი, რომ დედაჩემი და მამაჩემი არ გამეცნო — მათ ხომ მე და ჩემი და ვყავართ, მთელი თავისი რესურსი და სიყვარული ჩვენში აქვთ ჩადებული.

დედაჩემს ღამით მშვიდად რომ ეძინა, მოყოლის ნაცვლად, საქმით უნდა მეჩვენებინა. კი მქონდა მოყოლილი, რომ „კარგი ბიჭია“ და ასე შემდეგ, მაგრამ ნათქვამს დანახვა სჯობს. ჰოდა, ვუჩვენე: „დედა, აი, ამასთან ერთად მივდივარ“ და ვსიო. სიმშვიდე იყო, სიწყნარე და, რაც მთავარია, ის ნდობა გაუჩნდა, რის გამოც ჩავედით. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა: ყურძენიც დაიწურა, ღვინოც დაყენდა და, კახეთს როგორც შეეფერება, სუფრაც გაიშალა.

ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც სიახლეები ძალიან აშინებს და მან ეს ძალიან კარგად იცის. თუნდაც ის, თუ როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... მივხვდი, რომ ჩემი თავი ვიყავი და იმ ადამიანთან რაღაცების დამტკიცებას არ ვცდილობდი. ჩემთვის პირველი ნიშანი სწორედ ეს სიმშვიდე და უშფოთველობა იყო — არ ვფიქრობდი: „ნეტავ როდის მომწერს?“ ან „ნეტავ თუ მიპასუხებს?“. ასეთი რამ გოგოებს გვჭირს ხოლმე, ყველანი ვშფოთავთ და ვწრიალებთ, როცა ვიღაცას ვწერთ.

როცა მივხვდი, რომ თუ არ მწერდა, ვიცოდი — სამსახურში იყო და მუშაობდა; როცა მწერდა, ვიცოდი, რომ რამდენიმე საათში დაიძინებდა... თავიდან თითქოს გარკვეული გრაფიკი გვქონდა გაწერილი: შესვენებაზე მომწერდა, მეც მანამდე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მერე ვისვენებდი და იმას ვწერდი. ასე აეწყო ჩვენი ურთიერთობა. ახლა კი უკვე ყველაფერი სხვანაირადაა. მისთვისაც ძალიან დიდი სიახლე იყო ეს ყველაფერი და ჩემთვისაც — სიახლე კი არა, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. სიყვარული დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მოდის... პირდაპირ ვგრძნობ, რომ ეს არ არის უბრალოდ პირველადი გრძნობა, დროში ვითარდება.

ასეთი „გასერიოზულების“ თემები ჯერ ადრე კი არა, მე თვითონ არ ვარ ასეთი ტიპაჟი. მთავარია, ჩემი მენტალური ჯანმრთელობა და მდგომარეობა იყოს სტაბილურად, მშვიდად და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თითზე ბეჭედი ექნება ადამიანს თუ არა. ჩემი აზრით, ასეა. ყველა ადამიანს ცხოვრების თავისი რიტმი და ურთიერთობის თავისი დინამიკა აქვს. ასე რომ, ვისაც როგორც უნდა, ისე იცხოვროს. მე ჩემი გზა მაქვს და ჩემსას თავს გავართმევ. არც რჩევები მჭირდება და არც ჭკუის დარიგება.