ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე საზოგადოებასა და სპორტის მოყვარულებში დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. სპორტსმენი დაოჯახებულია - მისი რჩეული თაკო მეგრელიძეა.
ილიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში საკუთარ პირად ცხოვრებასა და მეუღლეზე გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი როლი ითამაშა თაკომ მისი პიროვნული და სპორტული წარმატებების ჩამოყალიბებაში.
"ეს ის ადამიანია, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა და დიდი მედლებიც მაგის მერე მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ის დიდი ადამიანური ღირებულებებიც იმის შემდეგ ჩამომიყალიბდა, რაც ეს ადამიანი გავიცანი და ცხოვრებას საერთოდ სხვანაირად შევხედე, ასეც შეიძლება ითქვას. ამ თემაზე საუბარი არ მინდა კი არა, ძალიან მინდა და ძალიან ბევრი მინდა ვისაუბრო ჩემს სითბოზე, პირად ურთიერთობაზე და ჩემს თაკოზე, მაგრამ ვფიქრობ, უბრალოდ არ სჭირდება ჩემს ურთიერთობას სხვებთან გაზიარება და სხვა ბევრი ადამიანის შეფასება, რომ მისი სიდიდე და ასე ვთქვათ, სიძლიერე დამტკიცდეს რა. ეს ჩემს თავში უდიდესი რამე არის," - ამბობს ილია.

ილია სულამანიძე
ილია სულამანიძეს ჰყავს მშობლები და ძმა. შაკოსა და ილიას შორის სხვაობა ერთი წელია, ილია ძმაზე ერთი წლით უმცროსია და ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. როგორც ცნობილია, შაკოც ჯუდოკა იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ძმებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს, შაკომ კი ფიტნეს აკადემიაში გააგრძელა სწავლა.
ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენის გულშემატკივრებს შორის უამრავი გოგოა, თუმცა ილია შეყვარებულია და მისი რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია. უმშვენიერესი თაკო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სამართალმცოდნეობას სწავლობდა.

"ჩემი კარიერა დაიწყო 5 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივა არ ყოფილა ამ ასაკში ძიუდოზე შესვლა, მამაჩემმა შემიყვანა და მეც ძიუდოში შეყვანილ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელი თაობაც ზვიადაურის ჩემპიონობის გამო შეიყვანეს ამ სპორტზე.
დედაჩემი ძიუდოზე უარს არ ამბობდა, თუმცა უნდოდა, რომ სხვა სფეროებიც შემესწავლა, ამასაც ცდილობდა, მაგრამ მთავარი მიზანი მთელი ოჯახისთვის ძიუდო იყო. რომ ვთქვა, საუკეთესო მოსწავლე ვიყავი-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ რაც მაინტერესებდა, ძალიან კარგად ვსწავლობდი.

რთული გზა იყო, თუმცა არა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, რთული იყო შრომის მხრივ, იმ მიდგომების გამო, რაც მე და ჩემმა მწვრთნელმა ავირჩიეთ, მაგრამ ტრავმების მხრივ, ძალიან იღბლიანი გამოვდექი და არაფერს ხელი არ შეუშლია.
ჩემი ცხოვრების მომენტებს რომ ვიხსენებ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და 100%-ით ვდებდი იმას, რაც ჩასადები იყო ამ საქმეში." - ამბობდა ილია.