არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!.. - Marao

არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..

2026-10-21 15:26:05+04:00

პადელის (ჩოგბურთის მსგავსი თამაში პატარა კორტზე ორი-ორზე) მიმართ ბოლო დროს ინტერესის ზრდა აშკარად შესამჩნევია და სხვადასხვა ტურნირიც იმართება ცნობილი სახეების მონაწილეობით. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 22-25 ოქტომბერს კუს ტბაზე ჩატარდება. 

ლუკა ტერნესი, ტურნირის ორგანიზატორი: "ინტერესის ზრდას იმას ვუკავშირებ, რომ პადელი მარტივი სათამაშოა, პატარა ასაკიდან დაწყებული, ხანში შესული ადამიანებისგან დასრულებული. მას ბევრი სირბილი და მოძრაობა არ სჭირდება და სიამოვნებას იღებ.

რა თქმა უნდა, ყოფილი სპორტსმენებისთვისაც ძალიან კარგი საშუალებაა, რეჟიმი ბოლომდე არ მიატოვონ და ფორმა შეინარჩუნონ.

ტურნირი კუს ტბაზე 4 დღის განმავლობაში ჩატარდება, 22- 25 ოქტომბერი. ხუთშაბათსა და პარასკევს შეჯიბრებები 7 საათის შემდეგ გაიმართება. კვირას კი გადამწყვეტი დაპირისპირებებია.

ღონისძიებაზე 130 გუნდამდე იქნება და 240-ზე მონაწილე გვეყოლება. A, B და C კატეგორიებია - პროფესიონალები, მოყვარულები და დამწყებები. C-ში ცალკე გოგონებიც იასპარეზებენ.

როგორც იცით, დავამატეთ "სთარკატეგორია", ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ეთამაშებიან. წინა ტურნირზე ისინი C ლიგაში გამოვიდნენ და ნაკლებად შედეგიანები იყვნენ, ახლა კი ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ტურნირზე გულშემატკივრებისთვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანებს ველით: შოთა არველაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სოსო მათიაშვილი, გიორგი ცინცაძე და სხვ.

რაც შემიძლია ვთქვა, ეს არ იქნება მხოლოდ სპორტული ღონისძიება. ვაპირებთ მუსიკალურ გაფორმებას (DJ). ამის გარდა, კვების კუთხეში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ტრადიციული, ისე სწრაფი კვების კერძები, ტკბილეული და სასმელები. ჩვენი სპონსორია "ასკანელი", რომელსაც ცალკე კუთხე დაეთმობა. 

ჩვენი მიზანია, ეს ღონისძიება არ იყოს მხოლოდ სპორტული ტურნირი და ეს დღეები ყველასთვის დღესასწაულად გადავაქციოთ!

R