„ასაკმა მომცა შინაგანი თავისუფლება“ - ქართველი მოდელი, რომელმაც 57 წლის ასაკში ახალი ცხოვრება დაიწყო - Marao

„ასაკმა მომცა შინაგანი თავისუფლება“ - ქართველი მოდელი, რომელმაც 57 წლის ასაკში ახალი ცხოვრება დაიწყო

2026-10-23 14:17:56+04:00

მოდელი ელენე ჭანიშვილი გადაცემა „ყავა ბათუმურად“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ განსხვავებულ გარეგნობაზე, საზოგადოებრივ დამოკიდებულებებსა და შინაგან თავისუფლებაზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, ასაკმა მას საკუთარი თავის მიღებისა და სხვისი აზრისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა.

"ასე მომისვა თმაზე ხელი - რატომ არ იღებებიო?. იმაზე თუ ვიფიქრე ახლა, მეზობელი რას იფიქრებს ჩემზე ან ის ახლა მე როგორ გამომხედავს... ქუჩაში მოვდივარ და ვიღაცამ ჩამირბინა, უბრალოდ შემხედა, ის ორ წამში აღარ ვახსოვარ. აი, რატომ ვიდარდო, ის ჩემზე რას იფიქრებს? მე ხომ მას არ ვაწუხებ?!

საშინელებაა, კი, ნამდვილად. იმიტომ, რომ არავის ეხება, მე თმას შეიღებავ, ასე ჩავიცვამ თუ რას... მე არავის ხელს არ ვუშლი. პროვოკატორი ხომ არ ვარ, რომ ადამიანი ცუდისკენ პროვოცირება გავუკეთო ფიზიკურად? სხვანაირად ჩემი პრობლემა არ არის ეგ. ეს მის თავშია, მის რეალობაშია - ის, რომ არ მოსწონს, თმა შეღებილი აქვს ქალს თუ არა აქვს. თუმცა ბათუმი პატარაა და მაინც იყო დამოკიდებულება, რომ ხალხის თვალში როგორ გამოჩნდები და ხალხი რას იფიქრებს, მაგრამ ასაკმა მომცა მაგის საშუალება და მაგის ნებართვა. უკვე ამ ასაკში შვილი გაზრდილია... ჯერ არ მყავს შვილიშვილი, მაგრამ სიამოვნებით და დიდი სიხარულით დავეხმარები ჩემს შვილს. თუმცა, უკვე ამ შინაგან თავისუფლებას - რასაც ჰქვია, რომ ჩემს თავს ვეკუთვნი - მგონია, ზუსტად ამ ასაკმა მომიტანა,“ - ამბობს ელენე.

elene-chanishvili

ვინ არის ელენე ჭანიშვილი

ელენე ჭანიშვილის ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ახალი ცხოვრების დაწყება და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. მან მოდელობა 57 წლის ასაკში დაიწყო და საკუთარი განსხვავებული გარეგნობით მოდის სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

ელენე ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. მისი მამა ცნობილი ქორეოგრაფი რეზო ჭანიშვილია. თავად ელენე ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული - წლების განმავლობაში კარატეს მისდევდა, მოგვიანებით კი მოტოსპორტითა და ცურვითაც დაინტერესდა.

პროფესიით საფეიქრო საქმის სპეციალისტია. წლების განმავლობაში ამ სფეროში მუშაობდა და მოდელობაზე არასდროს უფიქრია. თუმცა, ცხოვრებაში განვითარებულმა მოვლენებმა ახალი შესაძლებლობების ძიებისკენ უბიძგა.

პანდემიის პერიოდში მისი სამსახური დროებით შეჩერდა, მოგვიანებით კი შემცირებაში მოჰყვა. ამასთან ერთად, დედის გარდაცვალებით გამოწვეულ მძიმე პერიოდსაც გადიოდა. სტრესის ფონზე თმის ცვენა დაეწყო და თმის მოვლის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო. მოგვიანებით ბლოგიც შექმნა, სადაც საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა გამომწერებს.

სწორედ ამ საქმიანობამ მიიყვანა მოდელობამდე.

elene-chanishvili

ელენეს სამოდელო კარიერა სრულიად მოულოდნელად დაიწყო. ერთ-ერთმა გამომწერმა ფოტოგრაფის შესახებ შეატყობინა, რომელიც 20-დან 45 წლამდე ასაკის მოდელს ეძებდა. ელენე ფოტოგრაფ ოლგა კალაბინას თავად დაუკავშირდა და ხუმრობით ჰკითხა, რატომ ეძებდა მხოლოდ ახალგაზრდებს.

ფოტოგრაფი ელენეს განსხვავებულმა გარეგნობამ დააინტერესა. მას დიდი ხნის განმავლობაში სურდა ჭაღარა თმის მქონე მოდელთან მუშაობა და ელენეში სწორედ ასეთი ადამიანი აღმოაჩინა.

პირველი ფოტოსესიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ევროპულ გამოცემებს გაუგზავნეს. მალე ელენეს ფოტოები იტალიური „Vogue“-ის ონლაინპლატფორმაზეც გამოჩნდა, რამაც მისი სამოდელო კარიერის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

elene-chanishvili

ქალი, რომელსაც მოდელობაზე არასდროს უფიქრია, თანდათან ახალი პროფესიის წარმომადგენელი გახდა. მას სხვადასხვა ფოტოგრაფი და დიზაინერი დაუკავშირდა, რასაც ახალი გადაღებები და თანამშრომლობები მოჰყვა.