პარი სენ-ჟერმენისა და ბარსელონას შორის გამართული დაძაბული მატჩი ქართველი ფეხბურთის მოყვარულებისთვის მძიმე შედეგით დასრულდა. შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული კლუბის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მიღებული დაზიანების გამო, ახალგაზრდა ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს.
მოედანზე მომხდარ ტრავმას და სპორტული სამყაროს გამოხმაურებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა ხვიჩას დედა, მაკა ლუკავა. მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის. ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ როგორც აქამდე! მადლობა!
ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!" - წერს მაკა.

როგორ გამოეხმაურა მომხდარს ხვიჩა კვარაცხელია
მომხდარს თავად ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა. ფეხბურთელმა გულშემატკივრებს საკუთარი განცდები გაუზიარა და აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნებისთვის იბრძოლებს.
"ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით", - წერდა თავად ხვიჩა კვარაცხელია.