„31 წლისას უკვე მზად ვიყავი“ - როგორ აქცია ნინუცა ორჯონიკიძემ კომფორტის ზონა დამოუკიდებლობად - Marao

„31 წლისას უკვე მზად ვიყავი“ - როგორ აქცია ნინუცა ორჯონიკიძემ კომფორტის ზონა დამოუკიდებლობად

2026-10-23 14:31:20+04:00

ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე გადაცემა „Speak Easy Georgia“-ს სტუმრობდა, სადაც საკუთარი კარიერისა და პიროვნული ტრანსფორმაციის შესახებ გულახდილად ისაუბრა. 

"ყველა ხედავს, რომ 31 წლის ასაკში ტელევიზიაში მივედი, ყველა კარზე ვაკაკუნებდი და მიზანდასახულად მივიწევდი წინ, თუმცა სინამდვილეში მანამდე რაც ხდებოდა, გაცილებით მნიშვნელოვანია - 31 წლისას უკვე მზად ვიყავი.

ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლა 15 წლის ასაკში დავიწყე, როცა ამერიკულ აკადემიაში გადავედი. ირგვლივ რომ მიმოვიხედე, კარგი სამეგობრო წრე მყავდა, კარგი ოჯახიდან ვიყავი და, იდეაში, არაფრის გაკეთება არ მევალებოდა. ვიცოდი, რომ სულ რომ არ მესწავლა, მაინც დამიჭერდნენ მხარს, უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დამეხმარებოდნენ. სახლში ძალზე დაცულად და კომფორტულად ვიყავი, რადგან ასე მზრდიდნენ, როგორც გოგოს.

მიუხედავად ამისა, 15 წლის ასაკიდანვე თავი მოვიკალი მეცადინეობით, სანამ ინგლისში არ ჩავაბარე. არც კი ვიცი, ზუსტად რისი იმედი მქონდა, რადგან წესიერად არაფერი ვიცოდი, მაგრამ მაინც მივაღწიე. ინგლისშიც ბევრი ვიშრომე, ფინანსების ფაკულტეტი დავამთავრე. ამის შემდეგ საბანკო სისტემაში რაც კი სტაჟირება არსებობდა, ყველაფერი შემოვუარე - მათ შორის ერთი წელი TBC-შიც ვიმუშავე.

სინამდვილეში პირველად სამუშაოდ 14 წლის ასაკში წავედი. მამას ვთხოვე, სადმე დასაქმებაში დამხმარებოდა, და მანაც თავისი მეგობრის ტურისტულ კომპანიაში მომაწყო, სადაც ფურცელზე პასპორტის მონაცემები შეჰყავდათ. ეგ პერიოდი რთული იყო ჩემთვის, რადგან არც საკმარისი ცოდნა მქონდა და არც თავდაჯერებულობა, თუმცა უდიდესი სურვილი მამოძრავებდა.

ამ პროფესიას ცნობადობის გარდა შინაგანი სიძლიერე მოაქვს - შენს სიტყვასაც და შენს პიროვნებასაც ფასი ედება. ოჯახში ყველანი შემდგარი და ძლიერი პიროვნებები იყვნენ: ბებია, მამა, ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახი... მე კი სულ ჩრდილში ვექცეოდი, თითქოს დაკარგული ვიყავი და ვხვდებოდი, რომ მათ ვერ ვუთანაბრდებოდი. მთელი ცხოვრება ვიღაცას ვეყრდნობოდი, თუმცა შინაგანად მქონდა უდიდესი მოთხოვნილება, რომ საკუთარი, დამოუკიდებელი საქმე შემექმნა," - ამბობს ნინუცა.

ninutsa-orjonikidze

  • ბრწყინვალება და ელეგანტურობა ერთ ქალში - ნინუცა ორჯონიკიძის გამორჩეული გარდერობი და სტილი 

ნინუცა ორჯონიკიძე

ჟურნალისტი და მოდელი  ნინუცა ორჯონიკიძე წლების მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და იქ მოდის ბლოგერი იყო. იქვე დაქორწინდა რუსეთში ცნობილი მილიარდერის, სოსო ორჯონიკიძის ვაჟზე, ნიკა ორჯონიკიძეზე.  ის ცნობილი ქართველი ოჯახის რძალია. დედამთილი, ქეთევან ორჯონიკიძე, ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა „პირველ არხზე“; მამამთილი, სოსო ორჯონიკიძე კი წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია. 

ნინუცა ორჯონიკიძე ტელევიზიაში მოხვედრაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნებისთვის ფრთების შესხმა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოახერხა. ნინუცა არაერთი პოპულარული გადაცემისა და შოუს წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ.

„მას შემდეგ, რაც ტელევიზიის არსებობის შესახებ გავიგე, მინდოდა იქ მემუშავა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო. რადგან ტექნიკური საგნები მეხერხებოდა, გადავწყვიტე, ფინანსები მესწავლა და ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ვმუშაობდი. მაგრამ წლები რომ გავიდა და ჟურნალისტობის სურვილმა არ დამტოვა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურში რიგით ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა.“ - იხსენებს ნინუცა.

  • "სულ მგონია, რომ ეკრანზე ყველას უნდოდა სხვანაირი გამოვჩენილიყავი" - უმშვენიერესი ნინუცა ორჯონიკიძის ახალი ამპლუა და ცხოვრება ეკრანს მიღმა 

ამ ეტაპზე აქტიური ინფლუენსერია და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რჩევებსა თუ სიახლეებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ნინუცა ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს, როგორც ჩანს, კრიტიკის ობიექტიც არაერთხელ გამხდარა: 

ვცდილობ, არ ვიარო კოსმეტოლოგთან. ვცადე ფილერის გაკეთება, მაგრამ ძალიან არ მომიხდა და მომიწია დაშლა, მაშინ მივხვდი, რა ბედნიერებაა, როდესაც ბუნებრივად კარგად გამოიყურები. ცხვირთან დაკავშირებით დღემდე მომდის „ინსტაგრამზე“ კითხვები, რატომ არ ვიკეთებ ცხვირს, თუ გავიკეთებ, ლამაზი ვიქნები… გულახდილად მინდა ვთქვა, რომ დიდად არ მაწუხებს, რასაც სარკეში ვუყურებ, მაკმაყოფილებს. შეიძლება, ყველაზე ლამაზი სახე არ მაქვს, მაგრამ ერთად გემრიელად ვართ. მხოლოდ კბილები მაქვს გაკეთებული, საშინელი კომპლექსი მქონდა, ამიტომ როგორც კი საშუალება მომეცა, პირველი კბილები გავიკეთე. მოვიხსენი ერთადერთი კომპლექსი, მოგვიანებით კი აღარ შევყევი. პლასტიკურ ოპერაციებში სადღაც დავიკარგები. მგონი, გარეგნობა არც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის…“