ქართული ჯაზის ლეგენდა, გიული ჩოხელი, ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემას „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ ეწვია, სადაც მაყურებელს საკუთარი ცხოვრების ყველაზე ემოციური და ამავდროულად ლამაზი სიყვარულის ისტორია გაუზიარა.
მომღერლის თქმით, ახალგაზრდობაში ნამდვილი სიყვარული არ გამოუცდია - მხოლოდ მცირე გატაცებები ჰქონდა, სანამ მის ცხოვრებაში ის ერთადერთი ჯაზმენი არ გამოჩნდა.

- ახალგაზრდობაში შეყვარებული არ ვყოფილვარ, მხოლოდ გატაცებები მქონდა და არც ვიცოდი, რა იყო სიყვარული. ის ჯაზმენი გახლდათ. რომ დაუკრა, მე უბრალოდ გავგიჟდი. ეს იყო ნამდვილი სიყვარული - როგორც ჩემი, ისე მისი მხრიდან. იმ პერიოდში საცოლე ჰყავდა, სახლშიც კი გადატანილი ჰქონდა მისი ნივთები.
მოსკოვში, კენელის ოჯახში სტუმრობისას, ახალ წელს ტელევიზიით ვიმღერე. იქ დიდი სუფრა და ულამაზესი ახალგაზრდობა იყო შეკრებილი. უეცრად კარზე დარეკეს და შემოვიდა მაღალი, ქერა, თაფლისფერთვალება მამაკაცი. გაიღიმა, პირდაპირ ჩემთან მოვიდა და შემომთავაზა: „მოდით, ახლა ვიმღეროთ“. რომ ვკითხე, უკრავდა თუ არა, ყველას სიცილი აუტყდა - აღმოჩნდა, რომ დიდი ჯაზმენი იყო, რომელზეც ოსკარ პიტერსონსაც კი ნათქვამი ჰქონდა, „ჩვენ ერთნი ვართო“. მან ზუსტად ის რეპერტუარი დაუკრა, რაც ეთერში ვიმღერე.
მერე გვერდით მომიჯდა, ვსხედვართ სუფრასთან, ვსაუბრობთ, ვიხსენებთ ძველ ჯაზს, გვარებს, იმპროვიზაციებს... უცებ მოვიხედე და სუფრასთან აღარავინ იყო, ნელ-ნელა ყველანი წასულიყვნენ. მარტო რომ დარჩით, მკითხა, ვიქნებოდი თუ არა მისი ცოლი. პირდაპირ მითხრა: ცოლად გამომყევიო. დილას დაგვათენდა. იმავე დილას თავის სახლში წამიყვანა. დედამისი, ულამაზესი მწვანეთვალება ქალი, რომ გამოვიდა, უთხრა: „ეს ჩემი ცოლი გახდებაო“. დედამისსაც ძალიან მოვეწონე. იმ საცოლემ თავისი ბარგ-ბარხანა აიღო და წავიდა.
დედაჩემის ნაჩუქარი პატარა ბრილიანტის ბეჭედი, რომელსაც ყელზე ჯაჭვით ვატარებდი, თითზე გაუკეთე. ეგრევე წავედით ხელი მოვაწერეთ და არაჩვეულებრივი შვილი - დინარა გაგვიჩნდა.
14 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი, მერე კი მიღალატა. ღამე სახლში არ მოვიდა, მეგობრებთან იტრაბახა და მათგან გავიგე ეს ამბავი. იმ ქალს ვიცნობდი, მაგრამ მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ერთი კვირის შემდეგ შვილს ხელი დავავლე და წამოვედი. მე ღალატს არავის ვაპატიებ, თუმცა ის დღესაც მიყვარს. მისი სურათებიც მაქვს, ველაპარაკები კიდეც და ლექსიც კი მივუძღვენი:
„ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით, მონატრება არ მანებებს თავს.
მიყვარხარ, ისევ მიყვარხარ, განშორების სიცივე მკლავს.
სიზმარში თეთრ კაბას ვიცვამ, საქორწინო, ნაზი ყვავილის რთავს...“
მან მოგვიანებით ცოლი მოიყვანა, გოგონა გაუჩნდა, კომპანია შექმნა და მილიონერი გახდა. ჩემს შვილთან კონტაქტი ჰქონდა. როდესაც ჩემი შვილი უკვე გათხოვილი იყო და შვილი გიორგი ჰყავდა, საქართველოში ცხოვრობდნენ. ერთ დღესაც მან დინარას მისწერა, ცუდად ვარ და შენი შვილი ჩამომიყვანეო. ჩემი შვილი ხათრიანი იყო, მითხრა, არ გეწყინოსო. მეც ფული, ბილეთი მივეცი და გავუშვი.
იქ ახალი ცოლი საავადმყოფოში არ უშვებდა, მაგრამ დინარა მაინც შევიდა მასთან. ჩაეხუტა და მან დინარას უთხრა: „მე მივდივარ და დედას უთხარი, რომ ჩვენ საოცარი "ჯაზი" გვქონდაო . იმ დღის შემდეგ მასთან პირადი კონტაქტი აღარ მქონია.
მის ჯინაზე ბარიტონზე გავთხოვდი. თუმცა წინასწარ შევუთანხმდი, რომ ფორმალური ქორწინება იქნებოდა და არანაირი ცოლქმრული ურთიერთობა არ გვექნებოდა. ხელი კი მოვაწერეთ, მაგრამ ის თავისთვის დადიოდა გოგოებში, მე კი ჩემთვის სახლში ვიყავი.