თორმეტი საათი თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე - ხუთი ელემენტი, ერთი კულტურა: როგორ ჩაიარა Tbilisi Hip-Hop Festival-ის პირველმა გამოცემამ - Marao

თორმეტი საათი თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე - ხუთი ელემენტი, ერთი კულტურა: როგორ ჩაიარა Tbilisi Hip-Hop Festival-ის პირველმა გამოცემამ

2026-10-26 11:44:17+04:00

17 ოქტომბერს, 11:50-ზე, Factory Tbilisi-ის ინდუსტრიული ეზო ჯერ კიდევ ცარიელი იყო, თუმცა რკინის ჭიშკართან უკვე გრძელი რიგი იდგა. ოქტომბრის მკვეთრ, გამჭვირვალე შუადღის შუქზე ახალგაზრდების ჯგუფებს შორის ოჯახებიც ჩანდნენ — მშობლები საბავშვო ეტლებითა და მამების მხრებზე შემოსკუპებული ბავშვებით. ეზოს სიღრმეში Sioni Hi-Fi-ის დამფუძნებელი, სელექტორი და ოპერატორი Juno Q Beat ხელნაკეთი დინამიკების სამმეტრიან კედელსა და ანალოგურ პრე-ამპს ბოლოჯერ ამოწმებდა. ზუსტად 12:00-ზე კარი გაიღო, ფირსაკრავის ნემსი ვინილის ღარში ჩაეშვა და სივრცე პირველმა ღრმა სუბ-ბასმა შეავსო — ფიზიკურმა ტალღამ, რომელიც ეზოში ჯერ ფეხისგულებითა და დიაფრაგმით იგრძნობოდა, ბარის დახლზე დაწყობილ ცარიელ ჭიქებს აზანზარებდა და მხოლოდ შემდეგ აღწევდა ყურამდე.

ასე დაიწყო Tbilisi Hip-Hop Festival-ის პირველი, ისტორიული გამოცემა — დღე, რომლის მუსიკალური ნარატივიც მსმენელისთვის კვირებით ადრე, 24-საათიანი ონლაინ სტრიმინგით, THHF Radio-თი იკვრებოდა, 17 ოქტომბერს კი უკვე ფიზიკურ სივრცეში გადმოინაცვლა. ლოკაცია კონცეპტუალურად ზუსტი იყო: ჰიპ-ჰოპი ნახევარი საუკუნის წინ სწორედ პოსტ-ინდუსტრიულ ნიუ-იორკში, მიტოვებულ ქარხნებსა და ბეტონის ეზოებში დაიბადა, წერეთლის გამზირზე მდებარე ყოფილი ქარხნის გაშიშვლებული აგურის კედლები, დაჟანგული კონსტრუქციები და უხეში ასფალტი კი ამ კულტურის პირველადი ფესვების ბუნებრივ დეკორაციად იქცა.

თორმეტი საათის განმავლობაში Factory-ის ტერიტორიაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა საუნდსისტემის სესიები, ქუჩის ცეკვა, გრაფიტი, სტრითბოლი, კინოჩვენებები, ბიტმეიკინგი და ლაივ-კონცერტები. დღის განმავლობაში ფესტივალს 3 500-მდე სტუმარი ეწვია, პროგრამამ კი 35 მონაწილე არტისტი გააერთიანა. სტუმრებს ერთი ზონიდან მეორეში გადასვლასთან ერთად მუსიკის მოსმენისა და კულტურაში მონაწილეობის ფორმაც ეცვლებოდათ: მათ შეეძლოთ ენახათ, როგორ იქმნებოდა ფრაფიტი ათ წუთში, როგორ პასუხობდა მოცეკვავის სხეული მოულოდნელ მუსიკას და როგორ იჭერდა დარბაზის ყურადღებას სიტყვების გარეშე აწყობილი ბიტი.

ამ დღის თავისებურება მის ტემპორალურ და ხმოვან არქიტექტურაშიც ჩანდა — მთელი 12-საათიანი პროგრამა ერთი დიდი, გააზრებული DJ-სეტივით იყო აგებული: დაწყებული შუადღის აუჩქარებელი, 70–80 BPM-იანი მძიმე Roots Reggae-თა და Dub-ით, გაგრძელებული 160 BPM Jungle-ითა და 90 BPM კლასიკური Boom Bap-ით, საღამოს ასული 140 BPM-იან ქართულ ტრეპზე, UK Grime-სა და ინდუსტრიულ ელექტრონიკაზე, და შუაღამისას დაბრუნებული კლასიკურ, სოულით გაჟღენთილ ნიუ-იორკულ 95 BPM-ზე. საღამოს კონცერტებს უკვე დღის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ხვდებოდა — სცენაზე მოსმენილ მუსიკას ეზოში ნანახი მოძრაობა და კედლებზე დარჩენილი გამოსახულებები უკავშირდებოდა.

მთავარ სცენაზე საერთაშორისო ჰედლაინერებთან, Talib Kweli-სა და FLOHIO-სთან ერთად, ქართული ჰიპ-ჰოპის რამდენიმე თაობა და სკოლა წარდგა: TAHA, Kay G, Sabana & Tashyo და noki & 10G$, სპეციალური სტუმრებით — BXNNY, PELE, Nick Green და ერეკლე დეისაძე. მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის პულსსა და ყველა საკონკურსო აქტივობას უცვლელი წამყვანი, ილო ბეროშვილი უძღვებოდა.

ბასით დაწყებული დღე, ღია სტუდია და ვიზუალური კოდები

პირველ საათებში ეზო აუჩქარებლად ივსებოდა. ზოგი სტუმარი პირდაპირ Sioni Hi-Fi-ისკენ მიდიოდა, ზოგი ფუდ-კორტსა და Zoommer-ის, Smart-ისა თუ JBL-ის კუთხეებთან ჩერდებოდა, სხვები კი საფესტივალო სივრცეს ეცნობოდნენ. განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრი გახდა ფესტივალის გენერალური სპონსორის, Betlive-ის ზონა, სადაც სპეციალურად მოწყობილი ხმის ჩამწერი სტუდია მუშაობდა — აქ სტუმრებსა და ახალბედა MC-ებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ ხმის იზოლირებულ კაბინაში შესვლა, მიკროფონთან დადგომა და საკუთარი დემო-ტრეკებისა თუ ფრისტაილების ადგილზევე ჩაწერა.

ეზოში შემოსული მსმენელის კიდევ ერთი მთავარი გაჩერება ფესტივალის ოფიციალური მერჩის დახლი იყო, სადაც JPG.-ის მიერ სპეციალურად პირველი გამოცემისთვის შექმნილი ვიზუალური იდენტობითა და ილუსტრაციებით გაფორმებული ლიმიტირებული კოლექცია — ჰუდები, მაისურები, კეპები და ჩანთები — იყო წარმოდგენილი. ბევრმა სტუმარმა ახალი ჰუდი და მაისური ადგილზევე მოირგო, რაც ბუნებრივად შეერწყა აუდიტორიის ვიზუალურ ესთეტიკას: ვინტაჟურ საკალათბურთო ჯერსებს, 90-იანების სილუეტის ფართო ჯინსებსა და იშვიათ სნიკერებს, ხოლო ფუდ-კორტიდან წამოსული ბურგერებისა და ახალდაფქული ყავის სურნელი შუადღის თბილ ჰაერში ირეოდა.

440

საუნდსისტემას ამ პროგრამაში ფუნდამენტური ისტორიული ადგილი ეკავა. იამაიკური ხმოვანი კულტურა ჰიპ-ჰოპის ჩამოყალიბების უშუალო წინაპირობაა: ბრონქსში ახალი მუსიკალური ფორმა სწორედ ადგილობრივმა აფროამერიკულმა და კარიბულმა გამოცდილებებმა, ფანკმა, სოულმა და DJ-ების აკუსტიკურმა ექსპერიმენტებმა შექმნა. 1973 წლის 11 აგვისტოს DJ Kool Herc-ისა და მისი დის, Cindy Campbell-ის მიერ სამხრეთ ბრონქსში მოწყობილი წვეულება ამ ისტორიის საწყის წერტილად მიიჩნევა — მუსიკის რიტმული მონაკვეთების გახანგრძლივება მოცეკვავეებს მოძრაობისთვის მეტ დროს აძლევდა, ხმოვანი კედლის გარშემო კი საკუთარი საზოგადოება ყალიბდებოდა.

Factory-ში ამ ტრადიციას ქართული გაგრძელება ჰქონდა. Sioni Hi-Fi-ის პროგრამას Juno Q Beat მართავდა, რომლის როლიც იშვიათი ჩანაწერების შერჩევასა და სისტემის ჟღერადობის ცოცხალ მართვას აერთიანებდა. საქართველოს პირველმა საუნდსისტემამ დღე ვინილის 7-ინჩიანი სინგლებით, კლასიკური Roots Reggae-თა და მძიმე, მედიტაციური Dub-ით გახსნა. King Tubby-ს, Scientist-ისა და Augustus Pablo-ს კლასიკურ დაბ-პლეიტებს Juno Q Beat პრე-ამპის სიხშირეების მკვეთრი მოჭრით, ანალოგური სირენებისა და ტეიპ-ექოს უსასრულო კუდებით ამუშავებდა. ასეთ გარემოში გადამწყვეტია, როგორ გადავა ერთი ტრეკი მეორეში, სად გაჩნდება აკუსტიკური სიცარიელე და როდის მოემატება ბასს სიმძიმე.

შუადღის ფესტივალს მკაფიოდ საოჯახო, უბნური დღესასწაულის ხასიათი ჰქონდა. ბავშვები პირდაპირ სუბ-ბასების ხის კორპუსებთან მირბოდნენ და ხელისგულებით ჰაერის ვიბრაციას სინჯავდნენ, მშობლები კი ყავით ხელში იდგნენ და შვილებს უხსნიდნენ, როგორ მუშაობდა ფირსაკრავი, როტაციული მიქშერი და ვინილის ფირფიტა. დინამიკებთან გაჩერება, გამოფენაში შესვლა და მოედანთან დაბრუნება ერთი უწყვეტი გასეირნების ნაწილებად იქცა.

კინოზონა და ფოტოგამოფენა: კულტურის ვიზუალური არქივი

დახურულ პავილიონში შესვლისას ფესტივალი სხვა ტემპით გრძელდებოდა. ფოტოგამოფენა „50 Iconic Moments of Hip-Hop History“ კულტურის განვითარებას ორმოცდაათი დოკუმენტური კადრით აჩვენებდა — ბრონქსის პირველი ბლოკ-ფართებიდან და ბუმბოქსების ეპოქიდან ჰიპ-ჰოპის გლობალურ ტრიუმფამდე. აქ ყურადღება შეიძლებოდა ერთ დეტალზე შეჩერებულიყო: არტისტის ჟესტზე, ტანსაცმლის სილუეტზე, სცენის მოწყობაზე ან ადამიანებს შორის მანძილზე. ის, რაც მუსიკის მოსმენისას წამებში ჩაივლის, ფოტოში დაკვირვების საშუალებას იძლეოდა და აჩვენებდა, როგორ შეიძინა ჰიპ-ჰოპმა თავისი ვიზუალური ენა. ექსპოზიციასთან ყველაზე მკაფიოდ ჩანდა თაობათა დიალოგი: 90-იანებში გაზრდილი მსმენელები დიდხანს ჩერდებოდნენ არქივის წინ და ახალგაზრდებს კადრების მიღმა არსებულ ისტორიებს უყვებოდნენ.

გვერდით დარბაზში, 12:00-დან 18:00-მდე, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა კინოზონა, სადაც მხატვრული და დოკუმენტური კინო დღის თემებს სხვადასხვა რაკურსით ხსნიდა:

  • Charlie Ahearn-ის „Wild Style“ ჰიპ-ჰოპის ადრეულ ნიუ-იორკულ გარემოს მხატვრული სიუჟეტისა და კულტურის რეალური პიონერების მონაწილეობით აცოცხლებდა;„Style Wars“ გრაფიტის ავტორებსა და ქალაქთან მათ ურთიერთობას აკვირდებოდა — როგორ ჩნდება ინდივიდუალური ხელწერა საჯარო სივრცეში, მეტროს ვაგონებზე, და რა წინააღმდეგობას აწყდება იგი;
  • „The Freshest Kids“ ყურადღებას ბრეიკინგის ისტორიასა და B-Boy/B-Girl თემის ფილოსოფიაზე ამახვილებდა;
  • „Scratch“ DJ-ის სამუშაოს შიდა სამზარეულოს ხსნიდა — ჩანაწერის რიტმული მონაკვეთის გამეორებიდან ფირსაკრავის სრულფასოვან მუსიკალურ ინსტრუმენტად ქცევამდე;
  • „Dub Echoes“ და „Hip-Hop: Beyond Beats and Rhymes“ კი იამაიკურ დაბს ჰიპ-ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკასთან აკავშირებდა და აჩვენებდა, როგორ იქცა სტუდიური დამუშავება შემოქმედების დამოუკიდებელ ფორმად, რასაც ემატებოდა საარქივო მასალები ქართული ჰიპ-ჰოპის შესახებ.კინოზონისა და ცოცხალი პროგრამის სიახლოვე კურატორული სიზუსტით მუშაობდა:
  • The Freshest Kids უშუალოდ ცეკვის ბატლის წინ გავიდა, ხოლო Style Wars — გრაფიტის შეჯიბრამდე. დარბაზიდან გამოსულ მაყურებელს შეეძლო ეკრანზე ნანახი 80-იანი წლების პრაქტიკა რამდენიმე ნაბიჯში უკვე თანამედროვე ქართველი შემსრულებლების ინტერპრეტაციით, ეზოში კედელზე ენახა.

14:00–18:00 · სტრითბოლი ეზოში და Slam Dunk Contest

14:00-დან საქართველოს ბანკის სტრითბოლის მოედანზე დღის კიდევ ერთი პერკუსიული ხაზი გაჩნდა. ასფალტზე ბურთის რიტმული დარტყმა, სპორტული ფეხსაცმლის მკვეთრი ხახუნი, ფარის რკინის რგოლის ჟღარუნი და გულშემატკივრების შეძახილები ბუნებრივად ერწყმოდა საუნდსისტემიდან წამოსულ ბასს. თამაშები ქუჩის კალათბურთის დაუწერელი კანონით მიმდინარეობდა: გუნდები ადგილზევე იკრიბებოდნენ, დამარცხებული მოედანს ტოვებდა, მის ადგილს კი რიგში მდგომი შემდეგი სამეული იკავებდა. სტუმარს შეეძლო რამდენიმე წუთით მაყურებელი ყოფილიყო, შესვენებაზე ნაბეღლავის სივრცესთან მოეთქვა სული და შემდეგ თავად შესულიყო თამაშში — მუსიკის მსგავსად, სტრითბოლსაც თავისი პაუზები, მოულოდნელი აჩქარებები და იმპროვიზაცია ჰქონდა.

სპორტული პროგრამის სანახაობრივი პიკი Slam Dunk Contest გახდა. აქ ყურადღება კალათისკენ მიმართულ ნახტომზე, ჰაერში სხეულის კონტროლსა და აკრობატიკაზე გადადიოდა: მონაწილეები ბურთს ჰაერში, ფეხებს შორის ატარებდნენ, კალათთან მიახლოებისას 360 გრადუსით ტრიალდებოდნენ, ერთ-ერთმა კონკურსანტმა კი ბურთი ფარის წინ მდგომი მეგობრის თავზე გადახტომით ჩატენა. მოედნის ყველაზე ხმამაღალი გულშემატკივრები აქაც ბავშვები იყვნენ, რომლებიც აუტის ხაზთან ყოველ ნახტომს თავადაც ჰაერში ახტომით იმეორებდნენ, ტაიმ-აუტების დროს კი მამების მხრებიდან თავად ცდილობდნენ ბურთის კალათაში მოთავსებას.

15:00 · ცეკვის წრე და მაყურებლის არჩევანი: Red Bull Dance Your Style

15:00-ზე ფესტივალის ეპიცენტრმა ეზოს შუაგულში, საცეკვაო წრეში გადაინაცვლა. Red Bull Dance Your Style-ის სპეციალურ, THHF Edition-ში რვა გამორჩეული მოცეკვავე ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით, ერთი-ერთზე დაუპირისპირდა: Lile, Mariam Jachvadze (GG), LUCAS, Nicholas Elerdashvili, GUWA HIETO, Sandro Sabadze, Tako Londaridze და Lola.

ფორმატის მთავარი ინტრიგა სრული მუსიკალური მოულოდნელობა იყო. პულტთან DJ CRUSHER იდგა, მოცეკვავეებმა კი წინასწარ არ იცოდნენ, რომელი ტრეკი გაჟღერდებოდა. CRUSHER დაუნდობლად ცვლიდა ჟანრებსა და ტემპს — 90-იანებიბის თუ 2000-იანების ოქროს ეპოქის ჰიტებზე. ამ ფორმატში ტექნიკასთან ერთად გადამწყვეტი მოსმენის უნარია: მოცეკვავემ წამის მეასედში უნდა ამოიცნოს ტრეკის ხასიათი, დაიჭიროს აქცენტი და მოძრაობით უპასუხოს. წინასწარ მომზადებული ილეთის ღირებულებაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად მოხვდება იგი კონკრეტულ მუსიკალურ მომენტში.

წრის გარშემო ხალხი რამდენიმე მჭიდრო რიგად იდგა; უკანა რიგებში მდგომები ფეხის წვერებზე იწევდნენ, რომ არცერთი დეტალი არ გამოჰპარვოდათ. მაყურებელი ხედავდა, როგორ იქცეოდა მოულოდნელი მუსიკალური ცვლილება სხეულის მყისიერ გადაწყვეტილებად. მუსიკის ყოველ პაუზაზე და სნეარზე ზუსტად დაჭერილ გაჩერებაზე ეზო ერთხმად ფეთქდებოდა. რამდენიმე დუელში მოცეკვავეებმა მეტოქის მოძრაობა ირონიული სიზუსტით გაიმეორეს და იქვე საკუთარი, უფრო რთული ვარიაციით დაუბრუნეს პასუხი — დაპირისპირება ცოცხალ დიალოგად იშლებოდა, რომელშიც მუსიკას, მოცეკვავესა და აუდიტორიას თანაბარი წილი ჰქონდა.

გამარჯვებულს მხოლოდ მაყურებელი ირჩევდა. ყოველი რაუნდის ბოლოს, ილო ბეროშვილის ნიშანზე, წრე რამდენიმე წამით ფერად კენჭისყრად იქცეოდა და ჰაერში ასობით წითელი და ლურჯი ბარათი ადიოდა. ნახევარფინალური დაპირისპირება იმდენად თანაბარი აღმოჩნდა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი რაუნდის დანიშვნა გახდა საჭირო. გადამწყვეტ ფინალში ერთმანეთის პირისპირ GG (Mariam Jachvadze) და Lile დადგნენ. დაძაბულ დუელში მაყურებლის ხმათა უმრავლესობით გამარჯვება და მთავარი პრიზი — 1 000-ლარიანი ვაუჩერი — GG-მ მოიპოვა.

16:00 · ათი წუთი და ქართული კალიგრაფია აეროზოლში: Graffiti Battle

სანამ საცეკვაო წრეში ემოციები ცხრებოდა, ეზოს მომიჯნავე კედლებთან უკვე აეროზოლის ქილების წკარუნი ისმოდა. 16:00-ზე, Red Bull-ის წარდგენითა და Chromzieee-ს წამყვანობით, სტარტი აიღო Graffiti Battle-მა. მონაწილე რაიტერები ერთმანეთს ერთი-ერთზე ხვდებოდნენ, თითოეული სკეტჩისა და კედლის შესასრულებლად მხოლოდ 10 წუთი ჰქონდათ, საკვანძო სიტყვას (თეგს) კი სტარტამდე რამდენიმე წამით ადრე იგებდნენ.

ბატლი ქართული მითოლოგიური ზღაპრის საკულტო სახელით — „წიქარათი“ გაიხსნა, მომდევნო რაუნდებში კი დავალებები პირდაპირ ჰიპ-ჰოპის ლექსიკონსა და შემოქმედებით კოდებს მიჰყვა: მხატვრებს კედლებზე რიგრიგობით უნდა გადაეტანათ სიტყვები — „ლოუ“, „ჰუდი“, „ქეფი“, „ქუჩა“, „ნიჭი“, „მუზა“ და ფინალური „ჰიპ-ჰოპ“.

უკიდურესად შეზღუდული დრო მთელი შემოქმედებითი პროცესის ნაწილად იქცა. კომპოზიციის დაგეგმვასა და შესრულებას ერთი მოკლე მონაკვეთი უნდა ჰყოფნოდა, სადაც თითოეულ გადაწყვეტილებას ფასი ჰქონდა: სად განაწილებულიყო ასოები, რომელი ფერები გამოეყენებინა ავტორს, რომელი კონტური გამოეკვეთა და რომელ დეტალზე ეთქვა უარი. განსაკუთრებით საინტერესო იყო ქართული ტიპოგრაფიისა და დასავლური სტრიტ-არტის შეჯახება: რაიტერებს უწევდათ ქართული ანბანის მომრგვალებული ფორმების („წ“, „ჭ“, „ქ“, „უ“) გადაყვანა აგრესიულ, კუთხოვან Wildstyle-სა და მოცულობით Bubble-სტილში. მაყურებლის წინ უკვე დასრულებული ნახატის ნაცვლად მისი დაბადების თანმიმდევრობა და ახალი ქართული ურბანული კალიგრაფია იშლებოდა.

ჰაერში საღებავის დამახასიათებელი, მოტკბო-ქიმიური სუნი დადგა, სპრეის უწყვეტი შიშინი კი ბატლის საკუთარ ხმოვან ფონად იქცა. დროის ამოწურვასთან ერთად ყურადღება პიკს აღწევდა — ბოლო ათ წამს აუდიტორია წამყვანთან ერთად ხმამაღალი უკუთვლით ითვლიდა. შესრულების ტექნიკას, ქილების კონტროლს, სისწრაფესა და სტილს ქართული სტრიტ-არტისა და გრაფიტის სცენის ავტორიტეტული წევრები — Sudha, Wise და Chil One აფასებდნენ. ფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვება და მთავარი პრიზი — პროფესიონალური საღებავებისა და სპრეების სრული ნაკრები — GEKA-მ მოიპოვა. კედლები ეზოში დღის ბოლომდე დარჩა და ბატლის შემდეგაც აგრძელებდა მაყურებელთან ურთიერთობას: სტუმრებს შეეძლოთ ერთმანეთის გვერდით შეედარებინათ განსხვავებული ხელწერა და ახალი ნამუშევრების წინ სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ.

18:00 · მზის ჩასვლა: Sioni Hi-Fi (Juno Q Beat) და Mush One

18:00 საათზე, როცა ოქტომბრის მზე ქარხნის სახურავებს მიღმა გადაიხარა და ინდუსტრიულ ეზოში საღამოს სუსხი ჩამოდგა (რამაც მერჩის დახლთან ფესტივალის ჰუდებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა, ბარებთან კი Warsteiner-ის, Hennessy-ს, Monkey Shoulder-ისა და Jägermeister-ის კუთხეები გამოაცოცხლა), ეზოში აუდიტორია თვალშისაცემად შეიცვალა. ოჯახების ნაწილი ნელ-ნელა სახლებისკენ მიემართებოდა, შესასვლელიდან კი საღამოს საკონცერტო პროგრამის მოსასმენად მოსული სტუმრების დიდი ტალღა შემოდიოდა.

მთავარი დარბაზისკენ გადასვლამდე, ამ გარდამავალ საათს პულტთან მდგომ Juno Q Beat-თან ერთად Mush One გაუძღვა. ქართულად წაკითხული რეჩიტატივი დღის მუსიკას სხვა სიახლოვეს მატებდა — ნაცნობ ენაზე წარმოთქმული ფრაზა მონოლითური ბასის შიგნით თავის ადგილს პოულობდა, სიტყვასა და რიტმს შორის დარჩენილი სივრცე კი შესრულების ნაწილად იქცეოდა. სესიაში ორგანულად გადაეწნა ერთმანეთს როგორც საუნდსისტემის დაბ-პლეიტები, ისე Mush One-ის სოლო კატალოგისა და კოლექტივ „ქსელის“ პერიოდის ცნობილი მოტივები. სეტის შუაში მან მიკროფონი გვერდით გადადო, საყვირი აიღო და ბასის ხაზებს ცოცხალი, იმპროვიზებული სპილენძის მელოდიები გადააწნა, რომლებსაც Juno Q Beat მყისიერად აძლევდა ღრმა ანალოგურ ექოს.

ამ გამოსვლამ საუნდსისტემისა და MC-ის პირველადი კავშირი უშუალოდ აჩვენა: სელექცია, ხმა და ცოცხალი ინსტრუმენტი ერთმანეთს პასუხობდა, ეზოს პროგრამა კი თანდათან უახლოვდებოდა საღამოს კონცერტების ფორმას. ბოლო ტრეკის დასრულებისთანავე ნაკადი მთავარი პავილიონისკენ დაიძრა.

19:05 · ბიტი სიტყვის გარეშე: პროდიუსერები მთავარი დარბაზის ცენტრში

ეზოდან მთავარ დარბაზში შესვლისთანავე მკვეთრი აკუსტიკური კონტრასტი იგრძნობოდა: ღია ცის ქვეშ არსებული თბილი, ხის კორპუსებში დაბადებული ვინილის ჟღერადობა მთავარი პავილიონის მასშტაბურმა განათებამ შეცვალა. საღამო McDonald’s-ის წარდგენილი Producers Battle-ით გაიხსნა. ოთხი ბიტმეიკერი — ALLEYCAT, DENIVARLEVY, NAKASHA და LUCAROI — ერთმანეთს ფლეი-ოფის სისტემით, ერთი-ერთზე შეხვდა. მონაწილეებს ჟიურის სამეული აფასებდა: Sabana, Jay Japaridze და EDISEU.

აქ ბიტი დამოუკიდებელ ნაწარმოებად ჟღერდა: სცენაზე არ იდგა MC, რომელიც აუდიტორიას სიტყვით აიყოლიებდა — ყურადღება მთლიანად სემპლერებთან მდგომ პროდიუსერსა და ინსტრუმენტალის არქიტექტურაზე გადადიოდა: დრამის ხასიათზე, ბასის მოძრაობაზე, მელოდიურ ფრაგმენტსა და იმ მიკრო-პაუზაზე, რომელიც მომდევნო დარტყმას მეტ სიმძიმეს აძლევს. პროდიუსერის გადაწყვეტილებები, რომლებიც დასრულებული სიმღერის მოსმენისას შესაძლოა ვოკალის უკან დარჩეს, დარბაზისთვის მთავარ მოვლენად იქცა.

ოთხივე მონაწილეს მკაფიოდ განსხვავებული ხელწერა ჰქონდა:

  • ALLEYCAT-ის ბუმ-ბეპი მტვრიანი ვინილის ფაქტურით, მკვეთრი დრამითა და მძიმე, არაკვანტიზებული სნეარით გამოირჩეოდა, რამაც წინა რიგებში ასობით თავი სინქრონულად აამოძრავა;
  • NAKASHA-ს მუსიკაში ცოცხალი ინსტრუმენტების შეგრძნება, მელოდიური სინთეზატორები და მოძრავი, ღრმა ბას-ხაზები ისმოდა;
  • DENIVARLEVY 70-იანი წლების სოულ-სემპლებისა და ვინტაჟური ფრაგმენტების გარშემო მკვრივ ატმოსფეროს ქმნიდა;
  • LUCAROI კი სემპლების მოულოდნელ ჭრას მელოდიურ ხაზსა და თანამედროვე პერკუსიას აერთიანებდა.

ბეთლი მსმენელს ბიტის შიდა მექანიკაზე დაკვირვების საშუალებას აძლევდა: სემპლის გაჭრა, დრამის დამატება ან ბასის დროებით გაქრობა აუდიტორიის მოლოდინზე მუშაობდა, რასაც დარბაზი მყისიერი ოვაციით პასუხობდა. ფინალურ რაუნდში ჟიურის გადაწყვეტილებით LUCAROI-მ გაიმარჯვა და მთავარი პრიზი — „მუსიკის სახლის“ 1 000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ამ გახსნამ საღამოს პროგრამაში პროდიუსერის ფუნდამენტური როლი გამოკვეთა: მომდევნო კონცერტებზე გაჟღერებული ყოველი ტექსტის უკან მსმენელს უკვე შეეძლო დაენახა ცალკე მუსიკალური აზრი, რომელიც სიმღერას მიმართულებას აძლევს.

19:55 · არენიდან დიდ სცენაზე: TAHA, BXNNY & PELE

19:55-ზე დარბაზში განათება ჩაქრა და სცენაზე TAHA ავიდა, რამაც პავილიონში ტემპი მყისიერად მაქსიმალურ ნიშნულზე ასწია. სწრაფი, მრავალმარცვლიანი რითმები, მკვრივი ტექსტი და ფრაზის მკვეთრი დასრულებები ყურადღებას მთლიანად მიკროფონთან მდგომ MC-ზე კრებდა. ბატლ-რეპში შეძენილი გამოცდილება დიდ საკონცერტო სცენაზე ახალ მნიშვნელობას იძენდა: აქაც გადამწყვეტი იყო სუნთქვის კონტროლი, პაუზის სწორად გამოყენება და იმ წამის გრძნობა, როცა ფრაზა უნდა დააჩქარო ან გააჩერო. სოლო რეპერტუარის მთავარ ტრეკებზე წინა რიგები სტრიქონებს სიტყვასიტყვით აჰყვნენ, TAHA კი პერიოდულად მიკროფონს დარბაზისკენ იშვერდა და საკვანძო პანჩლაინების დასრულებას აუდიტორიას ანდობდა.

სეტის შუა ნაწილში სცენაზე BXNNY გამოჩნდა. ქართული ბატლ-რეპის პლატფორმა PVP-ის B2B სეზონში გამომუშავებული დუეტური ქიმია დიდ პავილიონშიც უშეცდომოდ მუშაობდა: ერთობლივ ტრეკებზე წინ წამოვიდა ხმების სწრაფი მონაცვლეობა, სადაც ერთი ფრაზას იწყებდა, მეორე კი ამოსუნთქვის გარეშე აგრძელებდა. ბლოკის ბოლოს BXNNY სცენიდან პირდაპირ პარტერში, ხალხში ჩავიდა, რამაც სცენასა და აუდიტორიას შორის ზღვარი სრულად წაშალა — მის გარშემო მყისიერად შეკრული წრე პირდაპირ ეხმიანებოდა შუადღის საცეკვაო ბატლს. სხვადასხვა ფორმით შესრულებულ ჰიპ-ჰოპს ერთი ნაცნობი გეომეტრია აერთიანებდა: შემსრულებელი ცენტრში და ადამიანები მის გარშემო.

სეტის მესამე სპეციალურმა სტუმარმა, PELE-მ, გამოსვლას სრულიად სხვა სიმძიმე შესძინა. ქართული ბატლ-რეპის პირველი ტალღის ერთ-ერთმა მთავარმა ხმამ თავისი დაბალი ბარიტონითა და აუჩქარებელი, მძიმე ფრაზირებით თითოეული სიტყვა მკაფიოდ გამოყო. სეტის ფინალში სამივე MC სცენის წინა ხაზზე ერთად დადგა — TAHA-ს, BXNNY-ისა და PELE-ს შეხვედრამ ქართული ბატლ-სცენის განსხვავებული თაობები და ტემპერამენტები ერთ საერთო საკონცერტო განაცხადად შეკრა.

21:00 · ტემპის ცვლილება და ჟანრული გადაკვეთა: Kay G, Nick Green & ერეკლე დეისაძე

21:00 საათზე Kay G-ის სცენაზე გამოჩენას დარბაზის ფიზიკური მოძრაობაც გაჰყვა. TAHA-ს მაღალი ტემპის შემდეგ, მისმა აუჩქარებელმა, თავდაჯერებულმა მიწოდებამ მუსიკაში მეტი ჰაერი და სივრცე დატოვა. ყურადღება ხმასა და ღრმა ბასს შორის ურთიერთობაზე გადავიდა; აგრესიული ხტუნვა თანაბარმა, ჰიპნოზურმა რწევამ ჩაანაცვლა. სეტი აერთიანებდა როგორც ალბომ „Blue Magic“-ის მასალას, ისე 2026 წლის ივნისში გამოცემული EP-ის, „CHROME“-ის ტრეკებს. ნაცნობი კომპოზიციები არტისტსა და მსმენელს შორის სწრაფ კავშირს ქმნიდა, ხოლო როდესაც საკულტო „La Coca Benz“-ის პირველი ნოტები გაისმა, ბნელ პავილიონში, კვამლსა და პროჟექტორების სხივებში, ერთდროულად ასობით ტელეფონის ფანარი აინთო.

მალე სცენაზე Nick Green ავიდა, რამაც სეტის კოლაბორაციული და ინტიმური ხასიათი კიდევ უფრო გააძლიერა. მისი დაბალი, მშვიდი ვოკალური ტემბრი და პროდიუსერული გამოცდილება ბიტთან ზუსტ ურთიერთობაში იგრძნობოდა: ფრაზები აუჩქარებლად მიჰყვებოდა ინსტრუმენტალს, ორი განსხვავებული ხმის მონაცვლეობა კი საერთო, გვიანი ღამის სტუდიური სესიის განწყობას ინარჩუნებდა.

სეტის კულმინაცია საღამოს ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი კროსოვერი გამოდგა: Kay G-ს სცენაზე ერეკლე დეისაძე შეუერთდა. მათ ერთად შეასრულეს „Love Song“ — ტრეკი დეისაძის ალბომიდან „Am Enit Amen“. მკაცრი რეჩიტატივისა და დეისაძის დამახასიათებელი, მელოდიური პოსტ-პანკ ვოკალის შეხვედრამ სეტს სრულიად ახალი შრე დაუმატა. ჰიპ-ჰოპის აუდიტორია წამიერად გაყუჩდა, შემდეგ კი მისამღერს მთელი ხმით აჰყვა — სხვადასხვა ჟანრში დაგროვილი ქართული ალტერნატიული მუსიკის გამოცდილება ერთი სიმღერის შიგნით ბუნებრივად გადაიკვეთა.

21:55 · ათი წუთი წითელ შუქში: Sabana & Tashyo

21:55-ზე ფესტივალის სპეციალური სტუმრებისთვის, Sabana & Tashyo-სთვის გამოყოფილი ათწუთიანი, ოთხტრეკიანი რეგლამენტი საღამოს ერთ-ერთ ყველაზე კონცენტრირებულ და აუდიო-ვიზუალურად მკვეთრ გამოსვლად იქცა. Sabana სემპლერსა და პულტთან იდგა, Tashyo — მიკროფონთან.

დუეტის მუსიკა აგრესიული, დისტორშენიანი ბასის წნეხითა და მოულოდნელი აკუსტიკური შეჩერებებით მუშაობდა, Tashyo კი ამ სიცარიელეებს სხარტი, დამუხტული ფრაზირებით ავსებდა. ტრეკ „TAIFUN“-ზე მათი ურთიერთქმედება განსაკუთრებით მკაფიო იყო: დროპზე მთელი სცენა მუქ წითელ ნათებაში ჩაიძირა, მოკლე ქრონომეტრაჟმა თითოეული გადასვლა უფრო ფეთქებადი გახადა და პარტერი ერთიან, მძიმე ტალღად ამოძრავდა. თავად Sabana-სთვის ეს დღის მეორე ამპლუა იყო: სამი საათით ადრე ის Producers Battle-ის ჟიურიში ახალგაზრდა ბიტმეიკერების ნამუშევრებს აფასებდა, ახლა კი დიდ სცენაზე საკუთარი პროდაქშენის ძალას აჩვენებდა.

22:10 · სამხრეთ ლონდონის თანამედროვე ჟღერადობა: FLOHIO

22:10-ზე სცენა პირველ საერთაშორისო ჰედლაინერს, FLOHIO-ს დაეთმო, რომელმაც საღამოს ხმოვანი მიმართულება რადიკალურად შეცვალა. ლაგოსში დაბადებული და სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონის ბერმონდსიში გაზრდილი ბრიტანელ-ნიგერიელი არტისტის მუსიკაში UK Rap და Grime ინდუსტრიულ ელექტრონულ რიტმებსა და მჭრელ ბასს ხვდება. თბილისელი მსმენელის წინაშე ის მაქსიმალურად ენერგიული სცენოგრაფიით წარდგა: სცენაზე მხოლოდ FLOHIO, მისი დიჯეი Rico Mars იყვნენ.

Rico Mars-ის მიერ გაშვებულ დამახინჯებულ, სწრაფ ბიტებზე მთავარი აქცენტი ხმის ფიზიკურ ინტენსივობაზე კეთდებოდა. არტისტის ვოკალური რიტმი ინსტრუმენტალის გვერდით კიდევ ერთ დამოუკიდებელ პერკუსიულ ხაზად ისმოდა. სეტი მოიცავდა მის საკვანძო რელიზებს (No Panic No Pain, Out of Heart): ტრეკებზე „Wild Yout“, „10 More Rounds“, „Unveil“ და „How Long’s It Been“ ის სცენის ერთი კიდიდან მეორემდე შეუჩერებლად გადაადგილდებოდა და ჯებირებთან იხრებოდა.

ჰიტებზე „Watchout“ და „Pounce“ პარტერის ცენტრში დიდი წრე გაიხსნა — ასეთ მუსიკაში ენერგია გამეორებითა და მიკრო-ცვლილებებით გროვდება, სადაც ერთ რიტმულ ფიგურას შემდეგი ემატება და დარბაზის პასუხი შესრულების ნაწილად იქცევა. ფინალურ ტრეკებზე („Cuddy Buddy“, „SPF“) FLOHIO სცენის კიდეზე ჩაიცუცქა და მიკროფონი წინა რიგებს გადაულოცა. მისმა სეტმა ფესტივალის პროგრამას ფართო საერთაშორისო დიაპაზონი მისცა: დღის განმავლობაში მოსმენილ რეგის, დაბსა და ბუმ-ბეპს უახლესი ბრიტანული ავანგარდი დაემატა.

22:55 · წერეთლის 73-დან 114-მდე: noki და 10G$

საკუთარ უბანში22:55-ზე, მთავარი ჰედლაინერის წინ, ბოლო ქართული გამოსვლა noki & 10G$-ს ეკუთვნოდა. ამ სეტს ფესტივალის ლოკაციასთან პირდაპირი გეოგრაფიული და სიმბოლური კავშირი ჰქონდა: კოლექტივ Didube Records-ის ისტორია 2020 წელს სწორედ წერეთლის 73-ში მდებარე ეზოს გარაჟიდან დაიწყო, Factory Tbilisi კი იმავე გამზირის 114 ნომერში, სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. უბნის ანდერგრაუნდში დაწყებული მუსიკალური საქმიანობა ფესტივალის მთავარ სცენაზე გაგრძელდა.

noki პულტთან იდგა, 10G$ — მიკროფონთან, ხოლო სცენის მიღმა, კულისებში, მთელი საღამოს განმავლობაში არანაკლებ ცოცხალი პროცესი მიმდინარეობდა: აქ იშლებოდა ზღვარი ჰედლაინერებსა და ადგილობრივ სცენას შორის — PVP-ის ბატლ-რეპერები, ახალგაზრდა ბიტმეიკერები, FLOHIO-ს გუნდი და თავად Talib Kweli, რომელიც სცენის გვერდიდან ინტერესით ადევნებდა თვალს ქართული დუეტის გამოსვლას, ერთ სივრცეში უზიარებდნენ ერთმანეთს სცენიდან ჩამოტანილ ენერგიას.

noki & 10G$-ის სეტი DJ-სა და MC-ს შორის იმ კლასიკურ ურთიერთობას აგრძელებდა, რომელიც დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით უკვე გამოჩნდა, თუმცა ამჯერად ბიტს კონკრეტული თბილისური გამოცდილება, ქუჩის სლენგი და მსმენელისთვის ზეპირად ნაცნობი ტექსტები ახლდა. კოლექტივის ჰიმნებად ქცეულ ტრეკებს — „454“ და „WONDERWONDER“ — მთელი წინა სექტორი უნისონში მღეროდა. საერთაშორისო ლეგენდის გამოსვლის წინ ასეთმა მონაკვეთმა ადგილობრივი სცენა მისივე ყველაზე ავთენტური ხმითა და ერთგული მსმენელით წარმოადგინა.

23:15 · ბრუკლინი თბილისში: Talib Kweli, DJ Grotask და ფესტივალის ფინალი

23:15-ისთვის Factory-ის მთავარი პავილიონი ბოლომდე გაივსო. აქ ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ მსმენელები, რომლებმაც 90-იანების ბოლოს Black Star პირველად კასეტებსა და CD-ებზე მოისმინეს, და 18 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ცოცხალ კლასიკოსს პირველად ხედავდნენ. როდესაც სცენაზე Talib Kweli გამოჩნდა, დარბაზის ოვაცია რამდენიმე წუთს არ შეწყვეტილა.

ბრუკლინელი MC-ის კარიერაში ჰიპ-ჰოპის ისტორიის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მუსიკალური პარტნიორობა იკვეთება: Mos Def-თან (Yasiin Bey) ერთად შექმნილი Black Star (1998), პროდიუსერ Hi-Tek-თან ჩაწერილი Reflection Eternal-ის „Train of Thought“ (2000) და სოლო ალბომი „Quality“ (2002). ამ დისკოგრაფიის გაცოცხლება ფესტივალის კონტექსტში განსაკუთრებით ლოგიკური იყო: რამდენიმე საათით ადრე აუდიტორია თავად უსმენდა, როგორ ქმნიდნენ პროდიუსერები განსხვავებულ ბიტებს, ახლა კი სცენაზე იდგა MC, რომლის მემკვიდრეობაც სწორედ ეპოქალურ ბიტმეიკერებთან — Hi-Tek-თან, J Dilla-სთან, Kanye West-სა და Madlib-თან — თანამშრომლობაზეა აგებული.

განსაკუთრებული სიმბოლიზმი ჰქონდა იმ ფაქტს, რომ ამ ისტორიულ ლაივზე ბრუკლინელი ლეგენდის ზურგს უკან, ფირსაკრავებთან ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი და ტურნტეიბლისტი, DJ Grotask იდგა, რომელმაც მთელი საკონცერტო პროგრამა Kweli-სთან უნაკლო სინქრონში, ზუსტი სკრეჩებითა და ქათებით წაიყვანა:

  • სეტი გაიხსნა Black Star-ის ფუნდამენტური ტრეკებით — „Definition“.
  • შემდეგ პროგრამა გადავიდა Reflection Eternal-ის ეპოქასა და სოულით გაჟღენთილ ჰიმნებზე — „The Blast“ და „Move Somethin’“;
  • მეორე ნახევარი კი დაეთმო Kweli-ს სოლო კატალოგს („In Due Time“, „Good to You“) და J Dilla-ს ბითებზე შექმნილ კომპოზიციებს. სიმღერებს შორის Kweli მუდმივ დიალოგში იყო დარბაზთან — საუბრობდა ჰიპ-ჰოპის დამოუკიდებელ სულზე, იხსენებდა J Dilla-ს მემკვიდრეობას და მისამღერებში ქართულ აუდიტორიას რთავდა.

საღამოსა და მთელი ფესტივალის ემოციური კულმინაცია „Get By“ გახდა. Kanye West-ის მიერ პროდიუსირებულ ამ ტრეკში Nina Simone-ის „Sinnerman“-ის ფორტეპიანოს სემპლი და ხელის ტაშის რიტმია გამოყენებული — სემპლინგის ეს მაგალითი მთელი დღის გამოცდილებას კიდევ ერთხელ კრავდა: ძველი ჩანაწერი ახალი მუსიკის საყრდენად იქცევა და სხვა ხმასთან ერთად ახალ სიცოცხლეს იძენს. სამი ათასზე მეტმა ადამიანმა პირველივე ნოტებიდან აიტაცა ჰიმნი. მისამღერზე Kweli-მ DJ Grotask-ს მუსიკა რამდენიმე წამით გააჩერებინა, მიკროფონი ჩამოწია და აკაპელად მომღერალ თბილისურ დარბაზს ღიმილით უსმენდა. სცენიდან დაწყებული ფრაზა აუდიტორიაში გრძელდებოდა და უკან უკვე ათასობით ხმით ბრუნდებოდა.

თბილისელ ვინილის კოლექციონერებს სახლიდან საგანგებოდ ჰქონდათ წამოღებული Black Star-ისა და Train of Thought-ის ორიგინალი პირველი გამოცემის ფირფიტები რომლებზეც Kweli-მ ფესტივალის მერჩთან ერთად სამახსოვრო ავტოგრაფები დატოვა.

რა დარჩა ბოლო ტრეკის შემდეგ

როდესაც შუაღამის შემდეგ პავილიონში ძირითადი განათება აინთო, აუდიტორია ნელ-ნელა ოქტომბრის ცივ ეზოში გამოვიდა. Sioni Hi-Fi-ის ხის დინამიკები, რომლებმაც თორმეტი საათით ადრე ფესტივალი გახსნეს, უკვე დუმდა. სტრითბოლის მოედანზე პროჟექტორის შუქზე ერთი მიტოვებული ბურთი ეგდო, ასფალტზე ცეკვის ბატლიდან შემორჩენილი წითელი და ლურჯი ბარათები ეყარა, ახლად შეღებილი გრაფიტის კედლების წინ კი ხალხი ჯერ კიდევ ჩერდებოდა. გარეთ, წერეთლის გამზირზე, სტუმრები ტაქსებს იძახებდნენ ან JET-ის სკუტერებით ტოვებდნენ ტერიტორიას და ღამის ქუჩებში დღის შთაბეჭდილებებს ხმამაღლა განიხილავდნენ.

პირველმა გამოცემამ აჩვენა, რამდენი განსხვავებული გამოცდილების თავმოყრა შეუძლია ჰიპ-ჰოპის ფესტივალს ერთ დღესა და ერთ უსაფრთხო, თვითმყოფად კულტურულ ეკოსისტემაში. ერთი სტუმრისთვის დღის მთავარი აღმოჩენა სემპლერთან მდგომი პროდიუსერის მუშაობა იყო, მეორისთვის — მოცეკვავის წამიერი იმპროვიზაცია, მესამისთვის კი კინოზონაში ნანახი ისტორია. ამ შეხვედრაში ქართული სცენა სრული სპექტრით გამოჩნდა — PVP-ის ბატლ-რეპის გამოცდილებიდან და დამოუკიდებელი ბიტმეიკერების ხელწერიდან, Didube Records-ისა და ONEONEWORLD-ის ახალ სახელებამდე, რომელთაც საერთაშორისო სტუმრებმა ნიუ-იორკისა და ლონდონის მუსიკალური კონტექსტები დაუმატეს.

„ჰიპ-ჰოპი საქართველოში უკვე ოცდაათ წელზე მეტია არსებობს, თუმცა აქამდე ყველა ელემენტი — საუნდსისტემა, ბიტმეიკინგი, ცეკვა, გრაფიტი, სტრითბოლი და რამდენიმე თაობის MC — ცალ-ცალკე, იზოლირებულ სივრცეებში ცოცხლობდა,“ — აღნიშნავენ ფესტივალის დამფუძნებლები, ჯაბა შავიშვილი და გიორგი ნინიკაშვილი. — „ჩვენი მიზანი იყო არა უბრალოდ საკონცერტო ლაინაფის შეკრება, არამედ იმ ეკოსისტემის ერთ დღეში, ერთ ფიზიკურ სივრცეში გაერთიანება, სადაც ახალი თაობა კულტურის ფესვებსაც ნახავდა და საკუთარ ხმასაც გააჟღერებდა.“

ფესტივალის მიერ შექმნილი კავშირები ერთი კალენდარული დღით არ სრულდება: THHF Radio აგრძელებს 24-საათიან მაუწყებლობას, ხოლო Betlive-ის სტუდიაში ჩაწერილი დემოები პირველი გამოცემის აუდიო-არქივად დარჩება მომავალ წლამდე, როდესაც Tbilisi Hip-Hop Festival უკვე მეორე გამოცემით დაბრუნდება.

17 ოქტომბრის მოგონებაში კი ერთად დარჩა ხუთი ხმა: ეზოში გაშლილი ანალოგური სუბ-ბასი, მოედანზე ბურთის დარტყმა, აეროზოლის ქილების შიშინი, ბატლების შემდეგ წამოსული ოვაცია და ათასობით ადამიანის მიერ ერთხმად ნამღერი „Get By“-ის მისამღერი — მათ შორის უწყვეტი გადაადგილება იყო ამ თორმეტი საათის მთავარი გამოცდილება.

ფესტივალი ციფრებში

  • 12+ საათი უწყვეტი მუსიკა და კულტურული აქტივობები
  • 3 500-მდე სტუმარი
  • 35 მონაწილე არტისტი: საერთაშორისო და ქართველი MC-ები, DJ-ები, ბიტმეიკერები, მოცეკვავეები და სტრიტ-არტისტები
  • 5 სცენა და თემატური ზონა: Main Stage, Sound System Yard, Streetball Court, Graffiti & Dance Cypher, Cinema & Photo Exhibition (პლუს Betlive-ის ღია ხმის ჩამწერი სტუდია)
  • 6 დოკუმენტური ფილმი და 50 ისტორიული ფოტო

სტატიაში გამოყენებული ფოტოები: ანუკა მაისურაძე, დათა ბიჭიაშვილი, გიორგი მაისაშვილი, ირაკლი გაბელაია, ჯუდა ხატია ფსუტური, ნიკუშა ყაველაშვილი, ნინია ციტაშვილი, თემურა ქუტაშვილი, დავით შალიკაშვილი, TONI

ფესტივალის ინფორმაცია და პარტნიორები

Tbilisi Hip-Hop Festival 2026-ის პირველი გამოცემა 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში (აკაკი წერეთლის გამზ. 114) გაიმართა. ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა ორი ბარი, ოფიციალური მერჩის ზონა, პარტნიორი ბრენდების სივრცეები და მრავალფეროვანი ფუდ-კორტი. ღონისძიება გათვლილი იყო 18+ აუდიტორიაზე, თუმცა საოჯახო ფორმატიდან გამომდინარე, 11–17 წლის მოზარდები ტერიტორიაზე ბილეთითა და ზრდასრულის თანხლებით დაიშვებოდნენ, ხოლო 11 წლამდე ბავშვებისთვის შემოსვლა უფასო იყო.

  • ფესტივალის წარმდგენი: საქართველოს ბანკი
  • გენერალური სპონსორი: Betlive
  • აქტივობების პარტნიორები: Red Bull (Red Bull Dance Your Style, Graffiti Battle), საქართველოს ბანკი (სტრითბოლის ზონა, Slam Dunk Contest), McDonald’s (Producers Battle)
  • ოფიციალური სასტუმრო პარტნიორი: The Telegraph Hotel (Tbilisi)
  • მხარდამჭერები: Zoommer, Smart, JBL, Nabeghlavi, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, JET, Render Group, მუსიკის სახლი
  • ტექნიკური პარტნიორი: Pro Sound
  • ფუდ-კორტი: Subway, Dunkin’, Mugsy’s Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop
  • საინფორმაციო პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online, Fortuna+, Ambebi.Ge, Palitra News, Araki Stories
  • ვიზუალური იდენტობა და ილუსტრაცია: Lost & Found

ოფიციალური არხები: tbilisihiphop.com · facebook.com/TbilisiHipHopFest · instagram.com/tbilisihiphopfest

R