ტელეწამყვანი და მოდელი მარიამ სანოგო, რომელიც პატარა ზუკას დედაა, გადაცემა „მშობლების პოდკასტის“ მორიგი სტუმარია. გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ მარიამი მაყურებელს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრება და დედობასთან დაკავშირებულ თემებს ეხება.
მარიამი იხსენებს პერიოდს, როდესაც ორსულობისას საგრძნობლად მოიმატა წონაში, რაც მისთვის მოულოდნელი და ემოციურად რთული გადასატანი აღმოჩნდა.
"როცა უკვე სარკეში ჩავიხედე, მივხვდი: მარიამ, ეს ის სხეული არ არის, რასაც მიჩვეული ხარ. 50 კილო მოვიმატე, უზარმაზარი ვიყავი. საერთოდ ვერ ვგრძნობდი ამ წონის მატებას. ცხოვრებაში რამის თუ მეშინოდა, ეს იყო მშობიარობა... სამედიცინო შეცდომებიც იყო დაშვებული, 20 საათზე მეტი დამჭირდა...
ყველა, ვისაც არ ეზარება, გაძლევს რჩევას და ეს გსტრესავს... სწორედ იმის შიშმა, რომ მკაცრი არ ვიყო, რაღაც პერიოდი დამათმობინა საზღვრები - თავიდან ფეხების ბაკუნით მელაპარაკებოდა... მობილური ტელეფონი ჩემს შვილს არ აქვს - მიეცით ბავშვებს საშუალება, რომ მოიწყინონ... დარწმუნებული ვარ, რომ მეც დავუშვებ შეცდომებს; დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ჩემი შვილი ამ შეცდომებს წამომაძახებს... დანაშაულის შეგრძნება, ვფიქრობ, ბავშვს რომ აჩენ, იმ მომენტიდან მუდმივად თან გდევს... ვერ ასწავლი ბოდიშის მოხდას, თუ შენ თვითონ არ მოუხადე ბავშვს ბოდიში, როდესაც მოსახდელია," - ამბობს მარიამ სანოგო.

მარიამ სანოგო 2018 წელს დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით I said yes გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს.
"ადამიანებს სჩვევიათ კრიტიკა ჩაცმულობის, გარეგნობის გამო. რომ ვთქვა, რამე მტკივნეულად მახსენდება-მეთქი, ასე არ არის, ამ საკითხს არასდროს შევუწუხებივარ. ერთმა ინტერნეტგვერდმა გადაიტანა ჩემი ვიდეო, რომელიც სამუშაო პროცესში იყო გადაღებული. მოდელი ვარ და შეიძლება საცურაო კოსტიუმში ვიყო ან სხვა ფორმაში, ეს ნორმალურად განვითარებულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია. ამ ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა, თან გავიფიქრე, 15 წლიდან მოდელად ვმუშაობ და "ც" კი - არა, აქამდე სად იყავით-მეთქი?.. პრობლემებზე ყოველთვის ღიად ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, როცა ამას აკეთებ, პირველ რიგში, ეს ხალხისთვის ხდება. კონკრეტული მაგალითი გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება გამოცდილებად იქცეს. მსგავსი შემთხვევა მე გადამხდენოდეს, არ მახსენდება, მაგრამ გარშემო მყოფებისგან მსმენია. პრობლემის დამალვა განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ქალი ძალადობის მსხვერპლია ან მის თავს რაღაც უსიამოვნო ხდება. ამას ხშირად იმიტომ მალავენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში მსგავს ფაქტებზე არცთუ ისე ადეკვატური რეაქციაა, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლი დამნაშავის როლშიც კი გამოჰყავთ. ეს საკითხი ძალიან მაღელვებს, ამ პრობლემას ბევრჯერ შევჯახებივარ. კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პრობლემას მალავენ. ვერავის გავკიცხავ და ვერ ვეტყვი, ამდენი ხანი სად იყავი-მეთქი? პირიქით, მათი ძალიან კარგად მესმის და მიკვირს, თავის დროზე ადამიანს ეს შიში თუ გაუჩნდა, როგორ გადალახა. ჩვენს სოციუმში იმის აღიარება, რომ გარკვეული ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდი, გმირობის ტოლფასია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, რამდენად უარყოფითი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას საზოგადოების მხრიდან. იმედია, დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვლება. სხვათა შორის, ამ საკითხს ვაკვირდები და რეზონანსული საქმეების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული ტიპის პროგრესი შეიმჩნევა, ყინული დნება და ნელ-ნელა თავს მსხვერპლის დადანაშაულებასაც ვანებებთ" - ამბობდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.