ცნობილი ქართველი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელმაც მაყურებელს თავი სიკო და ქეთი დოლიძეების ფილმ „კუკარაჩაში“ შესრულებული ინგას დაუვიწყარი როლით შეაყვარა, ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემას „სხვა კითხვები ნიკოლოზთან“ სტუმრობდა. მსახიობმა გადაცემაში საკუთარი ცხოვრების ყველაზე სენსიტიურ დეტალებზე, შვილის 18-წლიან მოლოდინსა და კოლეგებთან ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა.

შვილის მოლოდინის ხანგრძლივი და რთული პერიოდი ბევრი წყვილისთვის სერიოზული გამოცდაა. ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, ამ ტკივილმა მასა და მის მეუღლეს, ზაზას შორის ურთიერთობა კი არ გააცივა, პირიქით - უფრო მეტად გააერთიანა.
"მე მგონია, რომ პირიქით, ამან უფრო დაგვაკავშირა. იყო რაღაც მცდელობები და ლაპარაკი იმაზე, რომ იქნებ შვილი აგვეყვანა. ორივეს გადაწყვეტილება იყო, რომ თუ არ გვეყოლება, არ გვეყოლება , ხოლო თუ გვექნებოდა – ეს იქნებოდა ძალიან დიდი საჩუქარი. სანამ ანა გაჩნდებოდა, ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩვენი პირადი ტკივილი. ვცდილობდით, ეს არსად გამოგვეჩინა. მაგალითად, როდესაც მეგობრებთან სუფრა იყო გაშლილი და ვგრძნობდით, რომ შვილების სადღეგრძელოს დრო დგებოდა, ყოველთვის ვცდილობდით იმ მომენტში რაღაც მოგვეფიქრებინა – ავმდგარიყავით ან ზაზა გავიდოდა სიგარეტის მოსაწევად. ეს ძალიან, ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ ამ ტკივილმა კი არ დაგვაშორა, რაღაცნაირად უფრო მეტად დაგვაახლოვა. ეს, რა თქმა უნდა, ზაზას დამსახურებაცაა.
ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მერე, ანა რომ გაჩნდა, ზაზა მეკითხებოდა: „ამიხსენი, სანამ შვილი გვეყოლებოდა, რა გვიხაროდაო?“ არადა, სავსე ცხოვრებით ვცხოვრობდით: უამრავი მეგობარი, გასტროლები, თეატრში ოქროს ხანა, გიტარა და მჩქეფარე ცხოვრება. არაფერი არ გვაკლდა, მაგრამ ანამ მთლიანად გადაუსვა ყველაფერს ხაზი.
არასოდეს მიფიქრია მკითხავებსა თუ ექიმბაშებზე, დღესაც ასე ვარ, ამას არ ვაღიარებ. ჯერ ერთი, ეკლესიური ადამიანი ვარ. პროფესიონალ ექიმებთანაც, როდესაც პირველად მივიღეთ პასუხი, რომ ჯანმრთელები ვართ და არანაირი პრობლემა არ გვაქვს, იქ დამთავრდა – მას შემდეგ ხელი არ გამინძრევია და არაფერი გაგვიკეთებია.
18 წლის შემდეგ გაჩნდა ნანატრი შვილი. მხოლოდ სიყვარულით განებივრებული, რადგან გული მტკივა, რომ იმ პერიოდში ბევრი რამ, რაც მინდოდა ჩემი შვილისთვის გაგვეკეთებინა, ვერ გავაკეთეთ საშუალების არქონის გამო. თუმცა სიყვარული არ მოგვიკლია. ხმამაღალი სიტყვაც კი არ მითქვამს ანასთვის, რადგან მეც ასე გამზარდეს – ბავშვობიდან ჩემს აზრს ითვალისწინებდნენ და გადაწყვეტილების მიღებაში აქტიურად ვმონაწილეობდი. ის, რომ ორივე მსახიობები ვართ და ცნობადი სახეები ვართ, ბავშვისთვის სტრესია.
ანას მაქსიმალურად დაცულია და ვუფრთხილდები მის თავისუფლებასა და კომფორტის ზონას. ყოველთვის არ გამოდიოდა – როცა პატარა იყო და ერთად სადმე მივდიოდით, ვცდილობდი ვინმეს ლოყაზე არ ეჩქმიტა ან ლექსის თქმა არ მოეთხოვა, თუმცა ამას ბოლომდე მაინც ვერ სცდებოდა ბავშვი. ვცდილობდი, მის სკოლაშიც ძალიან არ გამოვჩენილიყავი და მის სივრცეში არ შევჭრილიყავი. თუმცა ხშირად არ გამომდიოდა, რადგან, ბუნებრივია, ბავშვის დაბადების დღიდან ვერ გავქრებოდი" - ამბობს ნინელი.
გადაცემაში ნინელი ჭანკვეტაძე რეჟისორ ქეთი დოლიძესთან არსებულ უთანხმოებასა და მათ დღევანდელ ურთიერთობასაც შეეხო. მსახიობმა აღნიშნა, რომ მიუხედავად წარსულში მომხდარი გაუგებრობებისა, ქეთის მიმართ სიყვარულს ინარჩუნებს, თუმცა ძველი ურთიერთობა ვეღარ აღდგება.
„მე და ქეთის ის ურთიერთობა, რაც გვქონდა, აღარ გვექნება არასდროს, მაგრამ ის, რომ ორივე აღზრდილი ადამიანები ვართ და მე მგონი, ისიც არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა, მე ასე ვფიქრობ. ჩემმა დუმილმა ბევრი რაღაც გააკეთა, როცა მე არ ავყევი არც ერთ ჟურნალისტს და ქეთის არც ერთ რეპლიკას არ ავყევი. მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ქეთი ამ ჭკუაზე დადგებოდა – ახლა როგორც ამბობს, თურმე ნინელი არაფერ შუაში ყოფილა. უბრალოდ, საწყენია, ეს თავში რატომ არ იცოდა, იმიტომ რომ ძალიან ახლობლები ვიყავით. მე ქეთი ძალიან მიყვარს იქიდან გამომდინარე, რომ მრავალი წელი გაგვიტარებია ერთად და ვერასოდეს მე ამ ურთიერთობას ხაზს ვერ და არ გადავუსვამ. ძალიან ბევრი კარგი წუთები მახსოვს ერთად გატარებული ჭირში და ლხინშიც. ეს არ არის წყენა, წყენა ძალიან ცოტაა ამისთვის. ვკარგავ ხოლმე ასეთ ადამიანებს, თუ შენ ვიღაც ჟურნალისტის გჯერა და ჩემზე ფიქრობ, ისეთ რამეს, რაც არ უნდა იფიქრო, რისი გამკეთებელიც არ ვარ, ესე იგი ფასი არ აქვს ჩვენს მომდევნო ურთიერთობა. ის ყოველთვის იქნება, ჭირში თუ ლხინში, რამე თუ გაუჭირდა, რასაკვირველია, მე იქ ვიქნები სადაც საჭიროა.
იმ პოზიციაზე, რაზეც იყო და ვთვლი, რომ ესეც ნაწილობრივ ჩემი დამსახურება იყო, ვთვლიდი, რომ იმ პერიოდში უნდა აღდგენილიყო სამხატვრო ხელმძღვანელად. მაგრამ გავიდა ეს ვადა და აირჩიეს სხვა. მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერანაირს. ის დარჩა ამ თეატრის რეჟისორად. პირველი, რაც მე მაშინ მოსულ მინისტრს ვუთხარი, ვიდრე ეს თეატრი არსებობს, ქეთი არის ერთ-ერთი დამაარსებელი და არა ერთადერთი და ქეთი დოლიძე უნდა იყოს ამ თეატრის წევრი, ყველაფერი გააკეთეთ, ხელფასი არ დააკლდეს და ასეც მოხდა. ის წლები ქეთი იღებდა ხელფასს, ახლაც ძალიან მიხარია, რომ აპირებს გაგრძელებას, რაღაცას დადგამს“, – ამბობს ნინელი ჭანკვეტაძე გადაცემაში “სხვა კითხვები”.