"ნუცას შემდეგ ხორცს ვერ მივირთმევდი, ეს რა ფსიქოლოგიური მომენტი იყო, არ ვიცი" - მაია ასათიანის ინტერვიუ - Marao

"ნუცას შემდეგ ხორცს ვერ მივირთმევდი, ეს რა ფსიქოლოგიური მომენტი იყო, არ ვიცი" - მაია ასათიანის ინტერვიუ

2026-10-29 12:02:30+04:00

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოფო ჯაფარიძის გადაცემა „მედგიდის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ყოველდღიურობაზე, დღის რეჟიმსა და კვების ჩვევებზე ღიად ისაუბრა.

როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მისი სამუშაო გრაფიკი იმდენად დატვირთული იყო, რომ სახლში დაბრუნება მხოლოდ გვიან ღამით უწევდა. საუბრისას კი ყურადღება გამახვილა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ძილისა და კვების რეჟიმზე.

"ნუცას შემდეგ ძალიან მიმძიმდა ცარიელ სახლში შესვლა. სადღაც 8-9 საათზე, ზოგჯერ 12 საათზეც გამოვდიოდი „რუსთავი 2“-დან, მხოლოდ გადავივლებდი და დღეც დასრულებული იყო. ამას იმდენად მივეჩვიე, რომ როდესაც სადმე მეპატიჟებიან - მაგალითად, კინოში 08:30 საათზე - ვამბობ: „არა“, იმიტომ რომ უნდა დავიძინო. ჩემი მეგობრები ამაზე იცინიან, მაგრამ, მართლა, სხვანაირად არ შემიძლია.

ჯანსაღი ცხოვრების წესს რაც შეეხება, რეჟიმი დაცული მაქვს, ოღონდ მთლად ბოლომდე ვერ დავიტრაბახებ, რომ სწორად ვიქცევი - 6 საათის შემდეგ ნამდვილად აღარ მივირთმევ. ერთადერთი პრობლემა ის მქონდა, რომ ნუცას შემდეგ ხორცს ვერ მივირთმევდი - ვერც ქათმისას და ვერც სხვა ნებისმიერს.

ეს რა ფსიქოლოგიური მომენტი იყო, არ ვიცი. შესაბამისად, არასწორად ითვლება, თითქოს რაციონში ხორცის არყოფნა კარგია. ეს არ არის კარგი. ძალიან ხშირად ვეგანები ამის პროპაგანდას ეწევიან, თუმცა ორივე სამედიცინო სფეროში ხართ და დამეთანხმებით, რომ ეს სასარგებლო არ არის - ჰემოგლობინი დამიქვეითდა და რკინის დონეც დამეცა. წელს ვაიძულე ჩემი თავი და ნელ-ნელა ხორცის ჭამა დავიწყე," - ამბობს მაია.

maia-asatiani

  • "მომინდა მელაპარაკა თემაზე, რომელზეც მგონია ,რომ არც ერთ ცნობილ სახეს არასდროს არ უსაუბრია": მაია ასათიანი ტაბუდადებულ თემაზე და სტერეოტიპების წინააღმდეგ 

მაია ასათიანი

მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება. განსაკუთრებული პოპულარობა კი საავტორო შოუ "პროფილმა" მოუტანა. 

მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა "ალიონში" იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში კი იგი კორესპონდენტის ამპლუასაც წარმატებით ირგებდა. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა "პროფილი", რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ. 

maia-asatiani

  • "ადამიანმა, რომელიც რაინდი მეგონა, ასეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - რა ამბავს იხსენებს მაია ასათიანი 

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.