თუ არსებობს რაიმე, რაც კიმ კარდაშიანს განსაკუთრებით უყვარს, ეს ძველი ჰოლივუდის ეპოქის ლეგენდარული მსახიობებია. ყველას კარგად ახსოვს მისი გამოჩენა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე მერილინ მონროს ცნობილი კაბით, რომლითაც მსახიობმა ჯონ კენედის დაბადების დღე მიულოცა. თუმცა, მისი ინტერესი ამით არ ამოიწურება და ოქროს ხანის ისეთ ვარსკვლავებს წვდება, როგორებიც არიან ოდრი ჰეპბერნი, გრეის კელი, სოფი ლორენი და ლორენ ბაკოლი. მიუხედავად ამისა, კიმისთვის ყველაზე დიდ მუზად მაინც ელისაბედ ტეილორი რჩება.
ახალ ვიდეოში, რომელიც კარდაშიანმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ასახულია მისი ვიზიტი რომში მდებარე Bvlgari-ს მაღაზიაში. ვარსკვლავს შესაძლებლობა მიეცა, მოერგო ზურმუხტისა და ბრილიანტებისგან დამზადებული ის უნიკალური ყელსაბამი, რომელიც რიჩარდ ბარტონმა ელისაბედ ტეილორს ოცდამეათე დაბადების დღეზე აჩუქა.
დედასთან, კრის ჯენერთან ერთად გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ისინჯავს კიმი ტეილორის ყელსაბამსა და მის შესაფერის საყურეებს. მოგვიანებით, ეს ისტორიული სამკაულები მან გამოიყენა ფოტოსესიისთვის, რომელიც მისმა სტილისტმა, ლოუ როუჩმა, სერიალ „All’s Fair“-ის მეორე სეზონის პრესტურის ფარგლებში დაგეგმა.
Bvlgari-ს წარმომადგენლებთან საუბრისას კარდაშიანმა გაიხსენა, რომ ეს ყელსაბამი პირველად ტეილორის გარდაცვალებისთანავე, უშუალოდ მსახიობის სახლში ნახა. მისი თქმით, იგი მიიწვიეს ტეილორის სახლში, სადაც საშუალება მიეცა, ენახა სეიფი და მასში დაცული ძვირფასეულობა, სანამ ნივთებს გაიტანდნენ. კარდაშიანმა აღნიშნა, რომ ეს დაუჯერებელი განცდა იყო და განსაკუთრებით დაამახსოვრდა მსახიობის იასამნისფერი საგარდერობო ოთახი.
ტეილორი კარდაშიანისთვის უკვე დიდი ხანია შთაგონების უშრეტი წყაროა. გასულ წელს, Balenciaga-ს ჩვენებაზე, კიმს სწორედ ელისაბედ ტეილორის კუთვნილი Lorraine Schwartz-ის 15-კარატიანი ბრილიანტისა და პლატინის საყურეები ეკეთა.
გარდა ამისა, ტეილორის გარდაცვალებამდე, მათ ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერეს ჟურნალ Harper’s Bazaar-ისთვის, სადაც Skims-ის დამფუძნებელმა აღიარა, რომ ელისაბედ ტეილორის შემოქმედებისა და სტილის უდიდესი თაყვანისმცემელია.
ვიდეოში კარდაშიანი თავის სტილისტს, ლოუ როუჩსაც ურეკავს, რათა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადოს. იგი აღნიშნავს, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარია და ახალ წელს სწორედ ელისაბედ ტეილორის განსაკუთრებული ენერგიით იწყებს.