ტელეწამყვან გვანცა დარასელიას იუთუბ-გადაცემის მორიგი სტუმრები ლიკა ევგენიძე და ნიკა კოჩაროვი იყვნენ. წყვილმა საკუთარი ოჯახის, შვილების აღზრდისა და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რაც ასაკში შვილის ყოლას ახლავს თან.
მუსიკოსმა ნიკა კოჩაროვმა შეადარა ადრეულ და შედარებით გვიან ასაკში მამობის გამოცდილება. მისი თქმით, წლების მატებასთან ერთად ბავშვთან ურთიერთობა უფრო გააზრებული და ჩართულია, თუმცა ფიზიკური სირთულეებიც უფრო მწვავედ აღიქმება.
"შვილის ყოლას პოზიტიური და ნეგატიური მხარეები აქვს, ამ ასაკში კი ორივე მძაფრდება. შედარებით ახალგაზრდა ასაკში ორი ბიჭი მეყოლა - იმ დროს ჩემთვის გართობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბავშვებთან ყოფნა. ალისას აღზრდაში კი უფრო ჩართული ვარ, თუმცა უძილო ღამეები ამ ასაკში ბევრად უფრო რთული გადასატანია, ვიდრე ადრე.
ალისას დაბადებას ვესწრებოდი, მაგრამ ბოლო წუთს კი გამიყვანეს. ვერ ვხვდებოდი, რატომ - ალბათ სახე შემეცვალა. ჩემი გადმოსახედიდან ჩვეულებრივად ვიდექი, თუმცა ექიმებმა და ლიკამ მთხოვეს, ოთახი დამატოვებინა.," - ამბობს ნიკა
ლიკა ევგენიძემ იუმორით აღნიშნა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ემოციური სტრესი და მშობიარობის შემდგომი დეპრესია არა მას, არამედ ნიკას ჰქონდა, რაც სწორედ პროცესის გადაჭარბებულმა გააზრებამ და პასუხისმგებლობის შეგრძნებამ გამოიწვია.
"შვილის შეძენის შემდეგ არსებობს მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ეს ყველაფერი ნიკას ჰქონდა, მე - არა. ბავშვი მე გავაჩინე, დეპრესია კი ნიკას ჰქონდა. ალბათ მისთვისაც ეს პროცესი იმდენად გააზრებული იყო, რომ შიშებიც უფრო რეალურად აღიქმებოდა. ნიკას თავისი მინი-ვერსია ჰყავს," - ამბობს ლიკა.

ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია
ლიკა ევგენიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ორ შვილს ზრდიდა. ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „სხვა შუადღის“ თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები, ნიკოლოზი და გიორგი, საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.
ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.
გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმე წლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს, ლიკა საქართველოში დაბრუნდა.
ვერ გაიგებ, როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, "რაღაც სხვა", ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ", - ამბობდა ლიკა ევგენიძე.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა ევგენიძეს ურთიერთობა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ჰქონდა. ლიკა და ნიკა უკვე წლებია, ერთად არიან და ცოტა ხნის წინ საერთო შვილის მშობლებიც გახდნენ.
წყვილი ერთმანეთს შორიდან იცნობდა. ერთ დღეს, ლიკას მამამ, მუსიკოსმა დათო ევგენიძემ სიმღერა დაწერა და გადაწყვიტა მისი შესრულება შვილისთვის და ნიკა კოჩაროვისთვის ენდო. ისინი მაშინ დაახლოვდნენ.
„ძნელია აღწერო და მოყვე ის, რაც ორ ადამიანს შორის ხდება, რა კოსმოსური ენერგია ახვედრებს ამ ადამიანებს ერთმანეთს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ახლოა ჩემთან, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე. ირგვლივ სულ ხელოვანი ხალხი მყავდა, მთელი ბავშვობა ისე ვერ ვიძინებდი, თუ სახლში სიჩუმე იყო. სულ მუსიკის ხმა უნდა ყოფილიყო. ჩემი და ნიკას ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში“, - ჰყვებოდა ლიკა მოგვიანებით.