"ჩემთვის ეს ფოტოები უბრალოდ ლამაზი კადრები არ არის… თითოეული მათგანი ჩემი ხასიათის, ჩემი შინაგანი ბრძოლისა და იმ გზის ანარეკლია, რომელსაც დღეს გავდივარ.
ვიტყოდი, რომ ასეთი რთული, ეკლიანი და წინააღმდეგობებით სავსე გზა ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გამივლია. დღეს ოთხი შვილის დედა ვარ - 17, 11, 4 და 1 წლის ანგელოზების, რომელთა აღზრდაც უდიდეს პასუხისმგებლობას, ენერგიას, მოთმინებას და უსაზღვრო სიყვარულს მოითხოვს.

ჩემთვის დედობა მხოლოდ შვილების გაზრდა არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, თითოეულ მათგანში საკუთარი ენერგიის, ღირებულებების და სიყვარულის ჩადება, რათა ჩამოყალიბდნენ ღირსეულ, კეთილ, თავმდაბალ და ძლიერ პიროვნებებად. მინდა, მათ მხოლოდ ცხოვრება კი არ ვასწავლო, არამედ - ადამიანობა.
მიხეილის დაბადება უფლის წყალობით და მფარველობით მოხდა. ეს საოცარი ბიჭი სამყაროს რთული გზით მოევლინა. მშობიარობის დროს ჩემი და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ალბათ, ერთ დღეს ამ ისტორიასაც მოვყვები… სწორედ ამიტომ მაკავშირებს მასთან განსაკუთრებული, სიტყვებით აუხსნელი კავშირი.
ის ჩემთვის სიცოცხლის განსაკუთრებული ენერგიაა ძალა, რომელიც ყოველდღიურად მაძლევს ბრძოლის, წინსვლის და კიდევ ერთხელ წამოდგომის მოტივაციას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირს.
ამ ყველაფრის პარალელურად კი უნდა შევძლო, ვიყო ძლიერი ქალი, წარმატებული პროფესიონალი, შემდგარი პიროვნება და, რაც მთავარია, დედა, რომელიც საკუთარ შვილებს არასოდეს აგრძნობინებს, რომ ცხოვრების სირთულეებს უმკლავდება.
ალბათ, სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც მინდა ამ ფოტოებში - არა მხოლოდ გარეგნული სილამაზე, არამედ ქალი, რომელიც უამრავ რამეს ატარებს საკუთარ თავში, მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას, მუშაობას, ოცნებას და ბრძოლას.
მინდა, ერთი რამ ვთქვა: სოციალური ქსელების მიღმა გაცილებით მეტი რეალობაა, ვიდრე ეს ლამაზად შერჩეულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს. ყველა ღიმილის უკან შეიძლება დიდი ისტორია იმალებოდეს, ყველა ლამაზი კადრის მიღმა - უძილო ღამეები, ცრემლები, შიში, პასუხისმგებლობა და ბრძოლა, რომელზეც არავინ არაფერი იცის.
ცხოვრება ყოველთვის ისეთი ფერადი არ არის, როგორიც ჩვენს ეკრანებზე ჩანს.
და მაინც, მე ვირჩევ, ვიყო ძლიერი. არა იმიტომ, რომ არასდროს მტკივა ან არასდროს ვიღლები, არამედ იმიტომ, რომ ბევრი რამ მაქვს, რისთვისაც ღირს ცხოვრება. ეს ფოტოები ჩემი სიძლიერის შეხსენებაა. ჩემი რეალობაა. ჩემი ისტორიაა", - წერს სოციალურ ქსელში "მის საქართველო 2012", მოდელი თამთა შედანია.

უმშვენიერესი თამთა შედანია, რომელმაც "მის საქართველოს" ტიტული 2012 წელს მოიპოვა, პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული და მისგან ერთი გოგონა, მია ჰყავს. მია ძალიან ჰგავს დედას და თავადაც სამოდელო კარიერითაა დაინტერესებული.
თამთამ მეორედ ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა: "ადამიანების, განსაკუთრებით, მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად" - ამბობდა მოდელი.
თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ორი საერთო შვილი, კირა და მიხეილი ჰყავთ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა.