მომღერალი ბაბი კირკიტაძე საზოგადოებას ახალ სიახლეს უზიარებს. გადაცემა „სარკასტიკასთან“ მან ღიად ისაუბრა „ღამის შოუს“ ბენდიდან წამოსვლის მიზეზებსა და თავის სამომავლო გეგმებზე.
როგორც მომღერალი განმარტავს, ბენდის დატოვების მიზეზი სოლო კარიერის აწყობის სურვილია, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო და კომპლექსური პროცესია.
„წამოსვლის მიზეზი არის ის, რომ ვაპირებ და ვგეგმავ სოლო კარიერის აწყობას. თუმცა დავიწყე და საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა. არ ვიცი ბენდთან ერთად თუ ცალკე გავაკეთებ.
ჩემსა და გელას შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. არაფერი მსგავსი, მხოლოდ სიყვარული, ერთობა და ყველაფერი კარგი.
რეალურად ამ ეტაპზე ბენდის კონცერტებში ისევ ვიღებ მონაწილეობას, სანამ ჩემი პირადი კონცერტები მექნება. ყველამ იცის ჩვენი შემადგენლობა დაგეგმილ კონცერტებში. მანამ სანამ ახალ ეტაპს დავიწყებ, ეს საქმიანი ურთიერთობა გაგრძელდება.
არ ვთვლი, რომ ჩემი წამოსვლით ბენდის მიმართ სიყვარული შეიცვლება. ბენდი უყვართ იმ სიმღერების გამო, რომელიც სრულად გელას შექმნილია. გელა რასაც მოინდომებს იმას ყოველთვის გააკეთებს," - ამბობს ბაბი.

ბაბი კირკიტაძე
ტელეეკრანებზე პირველად 19 წლის ასაკში გამოჩნდა. თავისი მუსიკალური მონაცემები “ღამის შოუს” ბენდში გამოავლინა. “პოსტ ტვ”-ის დილის გადაცემის წამყვანობით მისი პოპულარობა გაიზარდა. “იმედის” მეგა-შოუს “ცეკვავენ ვარსკვლავები" გამარჯვებული გახდა.
დედა – ინგა ოდიკაძე, შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ბაბის წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის:
24 წლის ვიყავი, როცა ბაბი გაჩნდა, ღამის პირველი ხდებოდა. ყველა დედამ იცის, რა ბედნიერებაა, როცა პირველად ხდები დედა, ამაზე არ ვისაუბრებ. როგორც კი დავხედე, ვიფიქრე, მარტო ჩემი კი არა, ასე მგონია, ყველას შვილი დაიბადა-მეთქი. სანამ საავადმყოფოში ვიყავით, ღამე რამდენჯერმე ვდგებოდი, რომ დამეხედა, ხომ სუნთქავს, რამე ხომ არ სჭირდება-მეთქი. მთელი პერსონალი ამბობდა, ძალიან კარგი, ყურადღებიანი დედა იქნებიო.
ბაბის კარგი ბავშვობა ჰქონდა, იმ დროისთვის ფინანსურად ღონიერი ოჯახი ვიყავით. ეს საშუალებას მაძლევდა, გამოვლენილი ნიჭის კვალდაკვალ მისთვის ყველა პირობა შემექმნა, რომ მრავალმხრივ განვითარებულიყო. დამყავდა მუსიკაზე. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში იყო, 5 წლის, როცა რამდენიმე მშობელმა გადავწყვიტეთ, ჩვენი შვილები ცეკვაზე მიგვეყვანა. სკოლაში იყო ცეკვის ანსამბლი. გვითხრეს, რომ პატარები იყვნენ, ყოყმანობდნენ, მიეღოთ თუ არა, მაგრამ შესანიშნავად აითვისეს მარტივი ილეთები. შემდეგ კი ტოლს არ უდებდნენ მოზრდილებსაც", - იხსენებდა ბაბის დედა.