"დედობა არსად ისწავლება, მხოლოდ პრაქტიკით მოდის" - ნინო მუმლაძე მარტოხელა დედობაზე და შვილის აღზრდაზე - Marao

"დედობა არსად ისწავლება, მხოლოდ პრაქტიკით მოდის" - ნინო მუმლაძე მარტოხელა დედობაზე და შვილის აღზრდაზე

2026-11-17 10:42:14+04:00

მსახიობი ნინო მუმლაძე გადაცემა „პრეგკასტის“ სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ისაუბრა დედობის გამოცდილებაზე, პირად ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც შვილის დაბადების შემდეგ აღმოჩნდა.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, დედობამ მისი ცხოვრება და პრიორიტეტები რადიკალურად შეცვალა. თუკი ადრე ნაკლები საზრუნავი ჰქონდა, ახლა მთელი მისი ენერგია იქითკენაა მიმართული, რომ შვილს, არაფერი მოაკლდეს.

nino-mumladze

  • „ყველამ მითხრა, რომ უფრო გამხდარი უნდა ვყოფილიყავი“ - მსახიობი ნინო მუმლაძე წლების განმავლობაში დაგროვილ რთულ გამოცდილებაზე 

ნინო მუმლაძის ინტერვიუ

"ადრე ამდენი სადარდებელი არ მქონდა, ახლა კი მართლა ვცდილობ, ყველა გზა ვიპოვო, რომ ჩემს შვილს არაფერი დააკლდეს. მადლობა ღმერთს, ვთვლი, რომ როცა მიზანი გაქვს, ღმერთი არ გაგწირავს და ყოველთვის მოგცემს შესაძლებლობას, შენს შვილს მაქსიმუმი გაუკეთო. ადამიანებს თუ რამე კონკრეტული მიზანი გაგვაჩნია და მთელი გულით მივდივართ ამ მიზნისკენ, აუცილებლად გვეძლევა შესაძლებლობები - მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რა გვინდა. ვცდილობ, შვილს არაფერი დავაკლო და ზოგჯერ ვფიქრობ, ცოტა ზედმეტიც მოგვდის ამ თაობის მშობლებს. ერთ-ერთ ფსიქოლოგს ვესაუბრებოდი და მართალიცაა: ბავშვებს საოცნებო არაფერი რჩებათ, რაიმეზე გაიფიქრებენ თუ არა, იმ წუთასვე მივართმევთ. ეს, ალბათ, ბრძოლისუნარიანობის სტიმულსაც უკარგავს.

ყოფილი მეუღლეც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს, რომ მისი მხრიდანაც შესძინოს რაღაცები პატარას. 40 წლის ვხდებოდი, რონი რომ დაიბადა. ბავშვი 9 თვის იყო, როდესაც ერთმანეთს დავშორდით. არ ვფიქრობ, რომ განქორწინება ასაკზეა დამოკიდებული - ეს ინდივიდუალურია. ვფიქრობ, რომ სიყვარული ისეთი რამაა, რომელსაც ასაკი არ გააჩნია. ეს არ არის ხუმრობა და უბრალოდ ფრაზად ნათქვამი. სიყვარული მართლა ისეთი რამაა, რომელსაც ასაკი არ გააჩნია - მართლა ერთნაირად შეიძლება დააბრმაოს 16 წლის და 40 წლის გოგო. ან ხარ პიროვნება, რომელიც გულით ცხოვრობს, ან ხარ ის პიროვნება, რომელიც გათვლებით დგამს ნაბიჯებს ცხოვრებაში. თუ გულით ცხოვრობ, რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ მეტი შეცდომა დაუშვა, თუმცა მგონია, რომ უფრო მეტ სიამოვნებას იღებ ამ ცხოვრებისგან, რადგან მეტ ემოციას განიცდი. თუ შენი ყველა ნაბიჯი რაღაც მიზნის გამოა გათვლილი, მაშინ მათემატიკოსი ხარ.

  • „38 წლის ასაკში მეგონა, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა, ოჯახი შევქმენი, მაგრამ...“ - ნინო მუმლაძის ინტერვიუ ოჯახსა და განქორწინებაზე 

შვილის ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თუ ადამიანს ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, უფრო მეტი შანსია, რომ არ უნდოდეს. შეიძლება ამ საკითხში ნაკლებად გააზრებულ ადამიანს უფრო მეტად ჰქონდეს შვილის ყოლის სურვილი, ვიდრე ადამიანს, რომელიც დეტალებში ძალიან კარგადაა გათვითცნობიერებული - ცხოვრების 90%-ს უთმობ სხვა ადამიანს. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც, მიუხედავად აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისა, ყოველთვის მინდოდა შვილი მყოლოდა. სულ მინდოდა, დედა ვყოფილიყავი, მაგრამ აქამდე არ გამოჩნდა ის ადამიანი, ვისთანაც ამ ნაბიჯს გადავდგამდი. 38 წლის ვიყავი, მე და გუკამ ურთიერთობა რომ დავიწყეთ, სერიოზულ ფაზამდე მივედით და გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა.

მეგონა, დიდი ასაკი ნიშნავდა, რომ თეორიულად ბევრი ცოდნა მქონდა, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ თეორიული ცოდნა და პრაქტიკა სხვადასხვა რამაა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენმა ბავშვმა აიდგა ფეხი შენს თვალწინ - უშუალოდ როცა თავად გადიხარ ამ პროცესს, მშობიარობასა და დედობას, ეს უბრალოდ არსად ისწავლება, მხოლოდ პრაქტიკით მოდის" - ამბობს ნინო