ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმრობდა, სადაც ოჯახში მომხდარი უმძიმესი ტრაგედია — მეუღლის, ბუკა პეტრიაშვილის ვაჟის, შოთიკოს გარდაცვალება გაიხსენა.
ეკა მიშველაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ მომხდარის გახსენება მისთვის დღემდე უმძიმესია და ცრემლების გარეშე ამ თემაზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, ტრაგედიიდან გასული დრო ტკივილს არ ამსუბუქებს, პირიქით - მონატრება კიდევ უფრო მძაფრდება.
"სართული კი არ იყო მაღალი, უბრალოდ ეს ძველი, მაღალჭერიანი სახლია და მაინც მაღალი გამოდიოდა. არც მინდა მაგის გახსენება, სულ ტირილით ვამთავრებ და არ მინდა, ახლაც ვიტირო.
ყველაზე მთავარი კითხვა მანდ არის „რატომ?“, რომელსაც პასუხი არ აქვს. სულ ამ კითხვას ვსვამთ სახლში, მაგრამ პასუხი არ არსებობს - სამწუხაროდ, ასე მოხდა. ეს მოუნელებელი ტკივილია. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ დრო რამეს კურნავს. პირიქით, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია, იმიტომ, რომ მონატრებაც უფრო იზრდება. შოთიკო თან არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, საოცარი ბიჭი, ყველაფრით შემკული - ნიჭიერი, მხიარული, ლაღი, კეთილი, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა.
მივხვდი, რომ მართლაც არაფერი არაფრად არ ღირს და რომ მთავარი სიყვარულია. მთავარია ერთმანეთთან ურთიერთობა და ის, რომ ყოველი დღე მართლა ისე ვიცხოვროთ, თითქოს უკანასკნელია — ეს მართლა ასე ყოფილა. შოთიკოს მერე ყველაფერზე ვამბობ: „რა მოხდა, არა უშავს“ და მართლაც არა უშავს, იმიტომ, რომ ნამდვილი უბედურება სულ სხვა რამეა," ამბობს ეკა

ეკა მიშველაძის ოჯახი
ეკა მიშველაძემ ორჯერ იქორწინა, პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი, მაკო და ანა კვიტაიშვილები ჰყავს. მეორედ მან 2015 წელს ბუკა პეტრიაშვილზე იქორწინა. ანა ტყებუჩავას პოდკასტში სტუმრობისას ეკამ სწორედ ეს პერიოდი და შვილებთან ურთიერთობა გაიხსენა:
"მე, როცა დასასვენებლად მივდიოდი, მაკოს სიცხეს უწევდა. ცხოვრებაში არაფერი მერგებოდა. მირეკავდნენ, შენ არ ინერვიულო, მაგრამ მაკოს სიცხე აქვს 38 გრადუსიო. როგორ არ უნდა მენერვიულა, ჩამოვიდოდი და კარგად ხდებოდა.
ბუკას რომ მივყვებოდი ცოლად, მივედი სახლში. მაკო ამ დროს არის სადღაც 21-22 წლის. მე და ბუკა ვაპირებთ, რომ ერთად გადავიდეთ-მეთქი. დიდები არიან უკვე ჩემი შვილები. ამ დროს სცენა ასეთია – კედელთან გვაქვს გამათბობელი მიმაგრებული. იქ დგას მაკო და ამბობს - როგორ, დედა, შენ აღარ მოხვალო? ნიანგის ცრემლები მოსდის. ვუყურებ, ახლა რა მეშველება-მეთქი. ბუკას დავურეკე, მოდი, მაკო ტირის-მეთქი, ვუთხარი. წარმოიდგინე, ბუკას რა დაემართა".