რა მოხდა ფონიჭალაში - ტრაგიკული შემთხვევის დეტალები: “ 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე” - Marao

რა მოხდა ფონიჭალაში - ტრაგიკული შემთხვევის დეტალები: “ 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე”

2026-11-20 00:16:49+04:00

რა მოხდა ფონიჭალაში

ენითაუღწერელია ქვემო ფონიჭალაში დღეს დატრიალებული ტრაგედიის შედეგები. სამწუხაროდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. უდიდესია ის ტკივილი, რასაც ახლა მათი ოჯახები და სრულიად საქართველო განიცდის. როგორც ცნობილია, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო და მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან. ის ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, როცა ეს უბედურება მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის ხუთი სართული მთლიანად ჩაინგრა. ორი სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია და ამ კორპუსის 28 მაცხოვრებელი მერიამ სასტუმროებში გაიყვანა.

მთელი დღის განმავლობაში მთელ საქართველოს ჰქონდა მოლოდინი და იმედი, რომ გმირი მაშველები ნანგრევებიდან უვნებლად გამოიყვანდნენ დაკარგულ ადამიანებს. ეს იმედი განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, როცა 8-საათიანი უწყვეტი სამძებრო სამაშველო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში 3 წლის თაია ცოცხალი იპოვეს. სასწაულად გადარჩენილი პატარა გოგონა სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და მას კვლევები უტარდება. ამოყვანის მომენტში ბავშვი კონტაქტური იყო და მას გარეგნული დაზიანებები არ ჰქონდა.

"ამ ეტაპზე, ერთი შეხედვით და დათვალიერებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ველოდებით პასუხებს. რასაც ვაკვირდებით, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა.

სამწუხაროდ, ხალხის მოლოდინი არ გამართლდა და ამ ამბიდან მალევე მაშველებმა ნანგრევებში ჯერ დედა-შვილის ცხედარი იპოვეს, მალევე კიდევ ერთი ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს, მოგვიანებით კიდევ ერთი იქ მაცხოვრებელი გარდაცვლილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამჟამად მაშველები 1 პირს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა დაადასტურა, რომ აღმოჩენილი იყო თაიას დედის ნინო ჭელიძის ცხედარი. „ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს... ბავშვის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა“, - აღნიშნა ცოტა ხნის წინ თეიმურაზ მღებრიშვილმა.

როგორც ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ახალგაზრდა ქალი, ნინო ჭელიძე 5 შვილის დედა იყო. 

როგორც ჩანს, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ნინოს სამი შვილი საჯარო სკოლაში წავიდა და ბავშვების წასვლიდან მალევე კორპუსი აფეთქდა. ამ დროს სახლში იყვნენ ნინო, მისი 3 წლის თაია და 7 წლის ნუციკო. მთელი ქვეყანა ლოცულობდა, რომ როგორმე ყველა დაკარგული ადამიანი გადარჩენილიყო. საუბედუროდ, ასე არ მოხდა.

“უკარგესი, უსაყვარლესი ოჯახი ჰქონდათ. მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები დარჩნენ დედის გარეშე. 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე, ძალიან ბედნიერები იყვნენ, ძალიან ლაღები, კარგები და უცებ ყველაფერი თავზე ჩამოენგრათ..."

წაიკითხეთ სრულად