ქართველი მსახიობისა და რეჟისორის, ლელა მებურიშვილის უკრაინის შესახებ გადაღებული ფილმი Shards of Us საერთაშორისო აღიარებას განაგრძობს. ნამუშევარმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო ჯილდოები, მათ შორის საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის წოდება მენსფილდის კინოფესტივალზე - Mansfield Town Film Festival 2026. როგორც ახლო წრე აღნიშნავს, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ფილმის ეს გზა კიევში, @molodist_kiff-ის პრემიერით დაიწყო.
ფილმის წარმატების ისტორიას ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი შეემატა - Shards of Us ქალთა და მსოფლიოს საერთაშორისო კინოფესტივალის - Women and the World International Film Festival, WWIFF 2026 - ოფიციალურ სელექციაში შეირჩა და ფესტივალის ფარგლებში ფილმის ლონდონის პრემიერაც გაიმართა.
ჩვენება 2026 წლის 9 ნოემბერს, 20:30 საათზე, ლონდონში, კინოთეატრ The Lexi Cinema-ში დაიგეგმა. ფილმი ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეორე ბლოკის, British Shorts, Block 2, ფარგლებში უჩვენეს, რასაც მაყურებელთან კითხვა-პასუხის (Q&A) ფორმატში შეხვედრა და განხილვა მოჰყვა, ხოლო დასწრების მსურველებისთვის ბილეთები წინასწარ იყო ხელმისაწვდომი.
"ძალიან ვამაყობ ჩემი ნიჭიერი ქართველი მეგობრით, უკრაინის შესახებ გადაღებული მისი სულისშემძვრელი ფილმის, Shards of Us-ის მორიგი, სავსებით დამსახურებული აღიარების გამო. ამ ფილმმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო ჯილდოები — საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი მენსფილდის კინოფესტივალზე. ის ასევე მოხვდა ოფიციალურ სელექციაში და ლონდონის პრემიერაც ელის. სიმბოლურია, რომ ეს გზა კიევში, @molodist_kiff-ის პრემიერით დაიწყო", - დაწერა ლელა მებურიშვილის მეგობარმა.


მსახიობ ლელა მებურიშვილს საქართველოში კარგად იცნობენ. მან მონაწილეობა მიიღო ისეთ პოპულარულ სერიალებში, როგორიცაა "შუა ქალაქში" და "ჩემი ცოლის დაქალები".
ლელა ამჟამად ბრიტანეთში მეუღლესთან, ბაჩო საგანელიძესთან ერთად ცხოვრობს. ბაჩო ბრიტანეთში საქართველოს ელჩის მოადგილეა.
ლელამ ლონდონური ცხოვრების კადრები გამოაქვეყნა, რომელსაც ემოციური პოსტი დაურთო. როგორც მისგან ვიგებთ, ის ბრიტანეთში მაგისტრატურაზეც სწავლობდა და სამსახიობო კარიერაზეც არ უთქვამს უარი.
"როცა პირველად ლონდონში გადავედი, საერთოდ არავის ვიცნობდი. ყველაფერი ახალი, უცხო, ცივი და ძალიან რთული იყო, მაგრამ ძალიან მალე გავიცანი საოცარი, გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც ძალიან მალე შემაყვარეს ეს ქალაქი და თავი სახლში მაგრძნობინეს. მიხარია და ვამაყობ, რომ მოვასწარი ძალიან ბევრი საინტერესო ადგილის აღმოჩენა, ახლა უკვე მაგისტრატურას ვამთავრებ (მალე უფრო დეტალურად გიამბობთ), ლონდონში გადავიღე ფილმი საოცარ გუნდთან ერთად, რომლის ავტორი და რეჟისორი ვარ, ვუძღვებოდი ლონდონიდან რუბრიკას საქართველოსთვის, რომლის მეშვეობითაც ფანტასტიკური ადამიანები გავიცანი და ბრიტანეთის ულამაზესი ადგილები დავათვალიერე და დაგათვალიერებინეთ.
ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ თითოეულმა გამოწვევამ ჩემში გაზარდა ძალა და გამოცდილება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა და ეს მოგზაურობა დაუვიწყარი გახადა," - წერდა ლელა მებურიშვილი.