ცნობილი შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია პოდკასტ Speak Easy Official-ის სტუმარი იყო, სადაც გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეცვალა მამობამ მისი ყოველდღიურობა, ღირებულებები და ცხოვრებისეული პრიორიტეტები.
როგორც ლუკა აღნიშნავს, შვილის შეძენამ მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული პროფესიული გრაფიკის გამო ქალიშვილთან იმდენ დროს ვერ ატარებს, რამდენიც თავად სურს, ბავშვთან გატარებული ყოველი წუთი მისთვის განსაკუთრებული ემოციებითაა სავსე.
"მამობამ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა - ამაზე კარგი ცხოვრებაში არაფერია.
ეს ამბავი საყვარლად ჟღერს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბავშვთან გასატარებლად ბევრი დრო არ მრჩება. არადა, ძალიან მინდა, მასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო. ახლა ისეთ ასაკშია, მასთან ურთიერთობა განსაკუთრებით სახალისოა: ორ წელს გადასცდა და უკვე პიროვნებად ჩამოყალიბება დაიწყო, საკუთარი სურვილები და გემოვნება უჩნდება. გუშინ საყიდლებზე ვიყავით წასულები - ტანსაცმელს უკვე თვითონ იზომავს და ირჩევს, რა მოსწონს. თან გოგოა და ამ პროცესმა სულ მთლად დამადნო.
სიხარულისგან კინაღამ ხუთჯერ მოვკვდი ადგილზე. ყვავილებიანი „კროქსები“ ვიყიდეთ - ოთხი წყვილი დავულაგეთ და თვითონ აარჩია. ამასთან, მამობა ცოტა ბრუტალურად გაქცევს, რადგან როცა შვილი გყავს, ცხოვრებაში პრიორიტეტები ძალიან მარტივად ლაგდება: ჯერ არის შვილი, შემდეგ კი ყველაფერი დანარჩენი.
რაც არ უნდა მძიმე და ცუდი დღე მქონდეს, ბოლოს ვიცი, რომ ის მელოდება. ახლა ლოყაზე კოცნას სწავლობს: თავიდან მხოლოდ ჰაერს უბერავდა , ახლა კი უკვე ნამდვილად კოცნის („მპუ“-ს აკეთებს). როცა იცი, რომ ჩაგეხუტება და ასე მოგეფერება, სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა - ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. ქრება დეპრესიაც, უხასიათობაც და შფოთვაც. საკმარისია, ერთხელ მოგეხუტოს, ბურთი გადმოგიგდოს და დაინახო, როგორ უხარია, რომ ყველაფერი გავიწყდება. ის ნამდვილი წამალი და პანაცეაა" - ამბობს ლუკა .

ლუკა ნაჭყებია ფართო საზოგადოებამ პოპულარული შოუდან "მასტერშეფი" გაიცნო, სადაც ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. ლუკა, გარდა იმისა, რომ ამ სფეროში გამორჩეული პროფესიონალია, საკუთარ გამოცდილებას დამწყებ კულინარებსაც უზიარებს და ამ შესაძლებლობას ცხოვრების მთავარ გამართლებად მიიჩნევს:
"ერთი, რაშიც გამიმართლა ცხოვრებაში - ძალიან ახალგაზრდა გავხდი ლექტორი და ლექტორობა დიდი პასუხისმგებლობაა. თან საუკეთესო ახალგაზრდები მოდიან, ყოველი მომავალი თაობა წინაზე უკეთესია. სულ მზადყოფნაში უნდა ვიყო, არასწორი პასუხის ფუფუნება არ მაქვს. საკუთარი თავის განვითარება და წნეხში ყოფნა სიამოვნებას მანიჭებს. კომფორტი არ მომწონს. მინდა, სულ მეშინოდეს იმის, რომ ვიღაც იტყვის, ლუკამ რაღაც არ იცისო. ამიტომ არის, რომ დღე-ღამეში 4 საათი მძინავს, უმეტესი დრო ვმუშაობ, ან რაღაცას ვსწავლობ. ჩვენი დარგი ახლა ვითარდება და თუ ამ დარგში მომუშავე ხალხს ასეთი მიდგომა არ ექნება, კულინარია, როგორც ხელოვნება და ხელობა, შორს ვერ წავა. ამიტომ, სულ მაქვს შიში, რომ რაღაც არ გამომივა; სტრესი სულ არის, სულ არის ეჭვი, საკმარისს ვაკეთებ თუ არა. მაგრამ მგონია, რომ ეს არის მამოძრავებელი და, ამიტომ, კარგია", - ამბობდა ის.
ლუკა ნაჭყებიას ამ სფეროს სპეციფიკისა და საკუთარი დამოკიდებულების შესახებაც არაერთხელ უსაუბრია:
"-კულინარია და საკვების შეგრძნება განწყობაზეა დამოკიდებული. სულ რომ ყველაზე გემრიელი კერძი მოგიტანონ და შეაფასეო, გითხრან, თქვენ იმ მომენტში აუცილებლად დაიწყებთ მასში ნაკლის ძებნას და ყველანაირ უნარს დაკარგავთ, რომ ამ კერძით ისიამოვნოთ. „მიშლენმა“ თავის დროზე რაღაც სტატუსი შექმნა. იმ რესტორნების უმეტესობა, რომელიც „მიშლენის“ ვარსკვლავს იღებდა, თითო კერძს 500-800 ევროდ აფასებდა. ყველა რესტორანი მაღალ სეგმენტში იყო. ვიღაც რომ მიდის და 800 ევროს იხდის კერძში, ხომ არ იტყვის, დამაგოიმესო. იტყვის: „ძალიან გემრიელი იყო, ძალიან მაგარი იყო, 800 ევრო გადავიხადე“. შენ კი არ ხარ შემფასებელი, „მიშლენი“ გეუბნება, რა არის კარგი და შენც ეთანხმები. ნელ-ნელა ეს სტანდარტი უფრო დაბალ დონეებზე ჩამოგორდა. ახლა „მიშლენი“ თავის ვარსკვლავებს ქუჩის საკვებშიც იძლევა, პატარა რესტორნებში. მარტო მაღალი დონის სერვისი და გლამური აღარ არის", - განმარტავს ის.